¹ 3კ-432-03 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრება, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. და რ. მ.-ების საერთო საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ... მდებარე მე-7 ბინა. ამ ბინაში ცხოვრობდნენ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ჯ.-ე და ი. ხ.-ე ოჯახთან ერთად. იმის გამო, რომ ბინის დამქირავებლები მესაკუთრეებს არ უხდიდნენ ბინის ქირას, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ.-ს დაეკისრა ბინის მესაკუთრეების სასარგებლოდ 2100 აშშ დოლარის გადახდა. ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. ნ. ჯ.-მ ბინის გასაღები მესაკუთრეებს გადასცა მხოლოდ 2001წ. 13 ივლისს. რ. და მ. მ.-ებმა 2001წ. ოქტომბერში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების ნ. ჯ.-ის, ი. ხ.-ის მიმართ და მოითხოვეს ბინის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ელექტროენერგიის საფასურის 37 ლარის გადახდა, აგრეთვე, ის მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც მიიღებდნენ 2001წ. მარტიდან ბინის გაქირავების შემთხვევაში, სულ 1100 აშშ დოლარი. ასევე, მოითხოვეს მოპასუხეებისათვის ბინის ქირის გადაუხდელი 1200 აშშ დოლარის დაკისრება, რომელიც ი.ხ.-ის აღიარებით არ გადაიხადეს ბინაში კაპიტალური რემონტის ჩატარების გამო. მოპასუხეთათვის მორალური ზიანის სახით 2000 აშშ დოლარის დაკისრება, რადგან მათ არაერთხელ მიაყენეს საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც უარყოფითად იმოქმედა რ. მ.-ის ჯანმრთელობაზე.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით მ. და რ. მ.-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ნ.ჯ.-სა და ი. ხ.-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრათ ქ.თბილისში, ... მდებარე მათი საკუთარი საცხოვრებელი ¹7 ბინის ჩვეულებრივ ნორმალურ ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო თანხის 1864 ლარის ოდენობით გადახდა. მათვე დაეკისრათ ბინის გაქირავების შეუძლებლობის გამო მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის _ 2001წ. მარტიდან 2002 წლამდე მიუღებელი შემოსავლის სახით, 1400 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს დაეკისრათ ასევე მოსარჩელეთა სასარგებლოდ 150 ლარის და 45 თეთრის გადახდა, რაც მათ მიერ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით, სულ მოპასუხეებს დაეკისრათ 1954 ლარისა და 1400 აშშ დოლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ხ.-მ და ნ. ჯ.-მ.
სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანეს რ. და მ. მ.-ებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ი.ხ.-ისა და ნ.ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი. რ. და მ. მ.-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა მოპასუხეებისათვის 37,34 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. და მ. მ.-ების მოთხოვნა დაკმაყოფილდა – ი. ხ.-სა და ნ. ჯ.-ს დაეკისრათ მ. და რ. მ.-ების სასარგებლოდ 37,34 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. მ. და რ. მ.-ებს უარი ეთქვათ ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასა და ნივთების დაბრუნებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ.-ს დაეკისრა მ. და რ. მ.-ების სასარგებლოდ ბინის ქირის 2100 აშშ დოლარის გადახდა და გამოსახლებულნი იქნენ ბინიდან. მათ მოსარჩელეებს ჩააბარეს ბინის გასაღები 2001წ. 13 ივლისს. საქმეში წარმოდგენილია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გაქირავებულ ბინას გააჩნია რიგი დაზიანებები და ბინის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა 1804 ლარის ღირებულების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. სკ-ს 408-ე და 411-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიყენებული ზიანის და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ ბინის უვარგის მდგომარეობაში დატოვების გამო მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მისი გაქირავება, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელეთა სასარგებლოდ 1400 აშშ დოლარის გადახდა.
რაიონულმა სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა 1991-1992 წლებში გადაუხდელი ბინის ქირის – 1200 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, რადგან სამოქალაქო სამართლოს კოდექსის 75-ე მუხლითა და სკ-ს 129-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია. სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რადგან მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობით გამოწვეული არაკორექტური მიმართვები არ წარმოადგენს სკ-ს მე-18 მუხლით განსაზღვრულ პირადი არაქონებრივი უფლებების შელახვას. საქმეში წარმოდგენილია ელექტროენერგიის გადასახდელი ქვითარი, რომლის თანახმად, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 37,34 ლარი, რომლის გადახდაზეც თანხმობა განაცხადა სასამართლო პროცესზე მოპასუხემ. ამიტომ სსკ-ს 208-ე მუხლის თანახმად, ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის ნაწილში. პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტების რ. და მ. მ.-ების მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით (2001წ. მარტიდან) გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის სახით, მოპასუხეებს უკვე დააკისრა 2001წ. მარტიდან 12 თვის ბინის ქირა თვეში 100 აშშ დოლარის გათვალისწინებით. სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეებმა უტყუარად ვერ დაადასტურეს მოპასუხეთა მიერ მათი კუთვნილი სამზარეულო კარადის, მაგიდისა და ოთხი სკამის ბინიდან წაღების ფაქტი, რის გამოც ამ ნაწილში მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მ. და რ. მ.-ებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება გასაჩივრებულ ნაწილში იმავე პალატისათვის. მათი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟის 1372 ლარის, თითოეულს 686 ლარის გადახდა, არ იქნა გამოყენებული სსკ-ს 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტი, ასევე 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან ერთ-ერთი კასატორი პენსიონერია და პენსიის ღირებულებას შეადგენს 14 ლარი, ხოლო მეორე კასატორი კი ექიმია და მისი ხელფასია 60 ლარი, სასამართლომ არ გამოიყენა ასევე სსკ-ს 49-ე მუხლი, რომელიც სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. სასამართლომ არ დააზუსტა კასატორების მოთხოვნის არსი მოპასუხეთა მიერ მიყენებული ზიანის თაობაზე და არ გამოიყენა დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი შესაბამისი მუხლები. პალატამ არასწორად მიიჩნია მათი მოთხოვნა ხანდაზმულად 1991-1992 წლებში გადაუხდელი ბინის ქირის მოპასუხეებისათვის დაკისრების შესახებ, არ გაითვალისწინა თვით მოპასუხე ი. ხ.-ის აღიარება იმის შესახებ, რომ 2001წ. მარტში წაიღო ჟალუზები, რომელიც დააყენა ბინის ქირის ანგარიშში. ამიტომ პალატას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უნდა აეთვალა ი. ხ.-ის მიერ ჟალუზების მოხსნის დროიდან ე.ი. 2001წ. მარტიდან. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ვადის გასვლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა კასატორების სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე, კერძოდ, სკ-ს 991-ე მუხლის საფუძველზე მათ მოითხოვეს უსაფუძვლოდ გამდიდრებული მოპასუხეებისაგან მიღებულის უკან დაბრუნება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნ.ჯ.-მ და ი.ხ.-მ, მათ მოითხოვეს პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი სააპელაციო საჩივარი. მათი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ თვით მოსარჩელეებიც აღიარებენ, რომ კასატორებმა ბინა გაარემონტეს და საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესეს. სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება არ მისცა ექსპერტიზის დასკვნას, რადგან ექსპერტს ბინა საცხოვრებლად ან ტექნიკურად უვარგის მდგომარეობაში მყოფად არ მიუჩნევია. ექსპერტის დასკვნაში მოცემულია სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი, მაგრამ შპალერის გახუნება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს მათი მხრიდან ბინის საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაში ჩაბარებად. შესაბამისად, იურიდიულად არ არის დასაბუთებული კასატორებისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 1400 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მათ ბინა უვარგის მდგომარეობაში დატოვეს და მ.-ებმა ვერ შეძლეს ამის გამო მისი გაქირავება.
მართალია, კასატორებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში თანხმობა განაცხადეს ელექტროენერგიის საფასურის 37,34 ლარის გადახდაზე, მაგრამ იმავე სხდომის ოქმში მითითებულია, რომ მ.-ებმა უარი განაცხადეს ამ თანხის მოპასუხეებზე დაკისრებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. და რ. მ.-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ნ. ჯ.-ისა და ი. ხ.-ის საკასაციო საჩივარი შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. და მ. მ.-ებმა 2001წ. ოქტომბერში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების ნ. ჯ.-ის, ი. ხ.-ის მიმართ და მოითხოვეს: ბინის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ელექტროენერგიის საფასურის 37 ლარის გადახდა; ის მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც მიიღებდნენ 2001წ. მარტიდან ბინის გაქირავების შემთხვევაში, მოპასუხეებისათვის გადაუხდელი ბინის ქირის 1200 აშშ დოლარის დაკისრება, რომელიც ი. ხ.-ის აღიარებით არ იქნა გადახდილი ბინაში კაპიტალური რემონტის ჩატარების გამო; მოპასუხეთათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. და რ. მ.-ებს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულს 686 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მ. და რ. მ.-ების საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა მათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ერთ-ერთი კასატორი პენსიონერია და მისი პენსია 14 ლარს შეადგენს, მეორე კასატორის ხელფასი კი 60 ლარია. მართალია, სსკ-ს 47-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ რ. და მ. მ.-ების ქონებრივი მდგომარეობა არ მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად და ამით სასამართლოს სსკ-ს შესაბამისი მუხლები არ დაურღვევია.
სააპელაციო პალატამ სწორად არ იმსჯელა მ. და რ. მ.-ების მოთხოვნის – მოპასუხეებისაგან უსაფუძვლოდ გამდიდრებულის უკან მოთხოვნის შესახებ, რადგან პალატამ 2002წ. 12 დეკემბრის სხდომაზე არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა ზემოაღნიშნული მოტივით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ.
მ. და რ. მ.-ებმა 2001 წელს აღძრული სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს ნ. ჯ.-ისა და ი. ხ.-ის მიერ 1991-1992 წლებში გადაუხდელი ბინის ქირის გადახდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა მათი ეს მოთხოვნა ხანდაზმულად, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. ვინაიდან ბინის დამქირავებლებმა 1991-1992 წლების ბინის ქირა დროულად არ გადაიხადეს, ბინის გამქირავებლებს ქირის მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ ბინის ქირის გადახდის ვადის გადაცილების მომენტიდან. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი წინადადებით კი საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით.
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის კონფლიქტური დამოკიდებულებით გამოწვეული არაკორექტური მიმართვები არ მიიჩნია მოსარჩელეთათვის მორალური ზიანის ანაზღაურების იურიდიულ საფუძვლად. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. და რ. მ.-ებს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
საქმეში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2002წ. 15 მაისის დასკვნა, რომლის კვლევით ნაწილში მითითებულია ის დაზიანებები, რომლებიც გააჩნია ქ. თბილისში, ... მდებარე მ. და რ. მ.-ების ¹7 ბინას. იმის დადგენა, ეს დაზიანებები დროის რა მონაკვეთში მოხდა, ექსპერტიზისათვის შეუძლებელია. ექსპერტის დასკვნით დადგენილი დაზიანებების გამოსასწორებლად და ბინის ჩვეულებრივ, ვარგის, ნორმალურ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა 1804 ლარის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სკ-ს 564-ე მუხლის თანახმად, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული დავის განხილვისას არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული მუხლი, რადგან დამქირავებლის მიერ გამქირავებლისათვის ნივთის იმ მდგომარეობაში დაბრუნება, როგორიც მისგან მიიღო გულისხმობს არა გარემონტებული ბინის დაბრუნებას, არამედ იმას, რომ ბინას არ ჰქონდეს თავისი დანიშნულება დაკარგული, კერძოდ, თუ გაქირავებული იყო საცხოვრებელი ბინა, იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არასაცხოვრებელ სადგომად. სააპელაციო პალატამ არ გაარკვია, მხარეთა შორის ხომ არ არსებობდა შეთანხმება ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხეთა მიერ ბინის რემონტის გაკეთების ვალდებულების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ბინის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება, რომ არ იმსჯელა სკ-ს 547-ე მუხლის მოთხოვნის თაობაზე. ამ ნორმის თანახმად გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებისათვის როგორც მიუღებელი შემოსავლის, კერძოდ, ბინის გაქირავების შეუძლებლობის გამო 2001წ. მარტიდან თვეში 100 აშშ დოლარის დაკისრება, ისე ამ 100 აშშ დოლარის 3%-ის დაკისრება ნ. ჯ.-ისა და ი. ხ.-ისათვის. სკ-ს 411-ე მუხლით გათვალისწინებულია ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა მიუღებელი შემოსავლისათვის. ამ ნორმაში მითითებულია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სააპელაციო პალატამ ამ მუხლის საფუძველზე ისე დააკისრა მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2001წ. მარტიდან ბინის გაქირავების შეუძლებლობით მიყენებული ზიანის სახით 1400 აშშ დოლარი, რომ არ გამოარკვია, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების გამო კონკრეტული პირების მიერ დაწუნებული იყო თუ არა გასაქირავებელი ბინა; რამდენ ხანში შეიძლებოდა განხორციელებულიყო ბინის სარემონტო – აღდგენითი სამუშაოების ჩატარება; სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, სკ-ს 547-ე და 564-ე მუხლების შესაბამისად მიზეზობრივი კავშირი თუ არსებობდა მოპასუხეთა მოქმედებებსა და მოსარჩელეთა ბინაში დაზიანებებს შორის. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ მოპასუხეთა მიერ სახლშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად და შემდეგ უნდა განესაზღვრა მათთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა როგორც რეალური ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის გათვალისწინებით.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეებს მიუღებელი შემოსავალზე პროცენტის დაკისრებაზე, მოთხოვნის სამართლებრივი დაუსაბუთებლობის გამო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ. ჯ.-ისა და ი. ხ.-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მ. და რ. მ.-ებმა უარი განაცხადეს ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე. 2002წ. 12 დეკემბრის სააპელაციო პალატის სხდომაზე მ. და რ. მ.-ებმა მოითხოვეს ელექტროენერგიის ღირებულების 37 ლარის გადახდა. ამდენად, მათი საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. და რ. მ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ნ. ჯ.-ისა და ი. ხ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება ნ. ჯ.-ისა და ი. ხ.-ისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ბინის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო თანხის 1864 ლარის, ასევე ბინის გაქირავების შეუძლებლობის გამო მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 1400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სააპელაციო პალატის 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.