Facebook Twitter

3კ-436-03 21 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ავტოკატასტროფით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 21 მაისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ქ. წ-მა სარჩელით მიმართა ზ. ფ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა ავტოკატასტროფით გამოწვეული მატერიალური ზარალისათვის 2113 ლარისა და მორალური ზიანისათვის 3000 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნულ დღეს იგი მგზავრობდა მოპასუხის ავტომანქანით. გზაში, პანსიონატ “უ-დან” 300 მეტრის დაშორებით, ავტომანქანა დიდი სიჩქარის გამო გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს და ამოტრიალდა; მოსარჩელე ფოთის კლინიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. მოპასუხის მიერ დაპირებული დახმარების გაუწევლობამ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა და სამსახურიდანაც დაითხოვეს. ოზურგეთის საგამოძიებო დეპარტამენტის 2000წ. 15 ივლისის დადგენილების საფუძველზე ჩატარებულმა კომისიურმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ქ.წ-მა მიიღო მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანდება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო ქ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოთხოვნა ზ. ფ-ას მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანისათვის 2113 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ქ. წ-ის სასარგებლოდ მოპასუხე ზ. ფ-ას 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. წ-ის წარმომადგენელმა ზ. წ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა შემდეგ გარემოებათა გამო: რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ოპერაციისათვის საჭირო თანხა, რომელიც მას უსახსრობის გამო ვერ ჩაუტარდა; სასამართლომ, აგრეთვე, არ გაითვალისწინა დანიშნული წამლების რაოდენობა და ღირებულება, რაც აღნუსხულია აფთიაქის მიერ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ქ. წ-ის ორი თვის ხელფასის განაცდური, ასევე, მკურნალობის, მგზავრობის, ჩატარებული სანოტარო მოქმედების ხარჯები.

2000წ. 4 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლომ ზ. ფ-ას კვლავ გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო მოთხოვნა მიჩნეულ იქნა იურიდიულად დასაბუთებულად და ზ. ფ-ას ქ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2113 ლარი მატერიალური და 1000 ლარი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ. ფ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება, რადგან შეტყობინება სხდომის დღის შესახებ მას არ მიუღია.

2002წ. 15 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ას საჩივარი და უცვლელი დარჩა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ფ-ას წარმომადგენელმა ა. კ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას სსკ-ს 233-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან გამოუცხადებელ მხარეს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის დრო და ადგილი. 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით მოქალაქეს უწყება უნდა ჩაბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით ზ. ფ-ას საჩივარი მიიღო წარმოებაში და საჩივრის განხილვა დაინიშნა იმავეწ. 15 ნოემბერს, 13 სთ-ზე. მხარეებს გაეგზავნათ სასამართლოს უწყებები. ქ. და ზ. წ-ებს უწყება ჩაბარდათ, ხოლო ზ. ფ-ას არ ჩაბარებია, რადგან უწყებაში არ იყო მითითებული ზ. ფ-ას ზუსტი მისამართი, ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა მიღებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია სასამართლო უწყება.

პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოების გამო უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.