Facebook Twitter

საქმე # 080100122005750182

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

419აპ-23 ქ. თბილისი

კ. ლ. 419აპ-23 25 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,

პროკურორ – რომეო ტყაბლაძის,

ადვოკატ – ნ. ჩ-ს,

მსჯავრდებულ – ლ. კ-ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის შუამდგომლობა ლ. კ-ს (დაბადებული 2… წელს) მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. კ-ს, – დაბადებულს 2--- წელს, – ბრალად ედებოდა პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. კ--ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 28 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, ქუთაისის დაცვის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები სამსახურებრივი ავტომობილით, გამოძახების საფუძველზე გამოცხადდენ ქუთაისში, ნ-ს ქუჩაზე, მ.შესახვევის №--ში განთავსებულ ბარ-რესტორან „პ-ში“. ბარ-რესტორნის წინამდებარე ტერიტორიაზე მთვრალი ლ. კ. თავს დაესხა პოლიციელების სატრანსპორტო საშუალებას, კერძოდ, ფეხის დარტყმით დააზიანა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „SKODA RAPID-ის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით – „S-..“) ავტომობილი. აღნიშნულის შემდეგ სახის არეში ხელი დაარტყა ავტომანქანასთან მისულ უმცროს ინსპექტორ გ. ბ-ს და მარჯვენა ხელის მტევანზე უკბინა უმცროს ინსპექტორ გ.ღ-ს. ლ. კ-ს ქმედების შედეგად გ. ბ. წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო გ. ღ-მ განიცადა როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ( ლ. კ-ს ბრალდების ნაწილში):

3.1. ლ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2. ლ. კ. დაპატიმრებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;

3.3. ლ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან – 2022 წლის 5 ოქტომბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 29 მარტიდან 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. კ-ს ადვოკატმა ნ. ჩ-მ, რომელმაც მოითხოვა ლ. კ-ს მიმართ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილით დაკვალიფიცირება და შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი ლ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

6. 2023 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და ლ. კ-ს შორის 2023 წლის 10 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

7. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, 2023 წლის 10 ოქტომბერს პროკურატურამ გაითვალისწინა რა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ლ. კ-მ აღიარა და მოინანა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს შორის წერილობით დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

8. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ირაკლი შვანგირაძე შუამდგომლობით ითხოვს:

8.1. ლ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 წელი;

8.2. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ შუამდგომლობის სარეზოლუციო ნაწილში არის ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად მითითებულია თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ნაცვლად 1 წლისა და 9 თვისა, რაზეც მოხდა შეთანხმება მსჯავრდებულსა და მის ადვოკატთან და რაც მითითებულია, როგორც საპროცესო შეთანხმების ოქმში, ისე შუამდგომლობის აღწერილობით ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განცხადება, რომლის თანახმადაც, ლ. კ. თავს სრულად ცნობს დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, მსჯავრდებული ითხოვს, რომ მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობით: საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 წლით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 წელი.

9. დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის მოთხოვნას.

10. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენზე ლ. კ-ს მიმართ.

11. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ, მსჯავრდებულმა ლ. კ-მ და მისმა ადვოკატმა ნ. ჩ-მ.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და დამტკიცდეს პროკურორ ირაკლი შვანგირაძესა და ლ. კ-ს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ლ. კ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ლ. კ. ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ლ. კ. ადასტურებს, რომ მას ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური იურიდიული დახმარება და სამართალწარმოების (მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოებისას) ფარგლებში დაცვის უფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია; იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს; მისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იწვევს ნასამართლობას, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას მიაწვდის სასამართლოს.

4.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ლ. კ. სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ ლ. კ-სთვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ლ. კ-ს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა; ლ. კ. და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს; აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

5. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით (საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები) დასტურდება ლ. კ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

6. ლ. კ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულების – გ. ბ-ს, გ. ღ-ს, დ-ს და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ.კ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

8.2. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს (პროკურორი უფლებამოსილია, მათ შორის – ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე); საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველ ნაწილს (სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე); საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე).

8.3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ: მნიშვნელოვანია სანქციის თვისობრივი მდგომარეობა, რაც ვლინდება არა მარტო კონკრეტული კატეგორიის სანქციაში, არამედ ამ სანქციის არსებობის (რეალიზაციის) ფორმაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება N1/1/428,447,459 „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31); არ შეიძლება სამართლებრივი მოვლენების ბუნების განსაზღვრისას, კერძოდ, მათი განმარტებისას, არ გავითვალისწინოთ მისი არსებობისა და ყოფიერების გარემო. სხვაგვარი შეფასებისას სამართლებრივი მოვლენების ფორმით შემოსაზღვრული შინაარსი გაცილებით ვიწრო იქნებოდა, ვიდრე მათი მოქმედების სივრცეში დანახული შინაარსი. საკმარისია გაჩნდეს იმისი პრეტენზია, რომ ყოველი მსგავსი მოვლენა, აუცილებლად უნდა მოექცეს შესაბამის ნორმატიულ ფორმაში, რომ ეს იქნებოდა ფორმალური მიდგომა და მსგავსი მოვლენების ორგანული კავშირის ეჭვქვეშ დაყენება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება N1/1/428,447,459 „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).

8.4. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიულ დანაწესთან (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე) ერთად სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლს, რომელიც საპროცესო შეთანხმების დადებისას უშვებს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას, ასევე ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ბუნებასა და იმ გარემოებას, რომ პირობითი მსჯავრი არაპირდაპირ სასჯელთა სისტემის სივრცეშია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება N1/1/428,447,459 „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32), საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლს, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს სრულად პირობითად ( გარდა ამავე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სამართლიანობის პრინციპს, სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის, რესოციალიზაციის მიზნებს.

9. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, ლ. კ-ს პიროვნებას და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მოტივს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის შუამდგომლობა ლ. კ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორი დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ მოთხოვნას – საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11.2. შესაბამისად, ლ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ჩ-ს – საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

11.3. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძესა და მსჯავრდებულ ლ. კ-ს შორის;

3.1. ლ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 წლით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 წელი;

3.2. მსჯავრდებულ ლ. კ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2022 წლის 5 ოქტომბრიდან; მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 29 მარტიდან 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით;

4. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5. მსჯავრდებულ ლ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანის შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე