გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1576-1150(კ-05) 17 მაისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 2 მარტს დ. გ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ სპეციალიზებულ ღია აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003წ. 9 დეკემბერს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში შპს «თ.-ის» დაყადაღებულ ქონებაზე გაიმართა სპეციალიზებული ღია აუქციონი, სადაც შეიძინა შპს «თ.-ის» ქონება 10245 ლარად. იმავე დღეს, აუქციონის დამთავრების შემდეგ, გადაიხადა 5000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 5245 ლარი დაფარა 2003წ. 22 დეკემბერს.
მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ქონების საფასურის მთლიანად გადახდის შემდეგ მყიდველი მიიღებს სერტიფიკატს (მოწმობას) აღნიშნული ქონების მის სახელზე გადაფორმების შესახებ. 2004წ. 13 იანვარს მან განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, მის მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თაობაზე, რაზეც 2004წ. 15 იანვრის წერილით მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ინსპექციას იმჟამად სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება არ ჰქონდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა აუქციონის წესით შეძენილ ქონებაზე შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა დ. გ.-ის სახელზე საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ შპს «თ.-ი» შექმნილი იყო სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, რის გამოც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მის მიმართ, ისევე როგორც სხვა მსგავსი საწარმოების მიმართ, დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები. ამასთან, საგადასახადო ინსპექციას ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004წ. 8 იანვრის წერილით ეცნობა, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მიმართ საგადასახადო კოდექსის 42-ე თავით გათვალისწინებულ იძულებით ღონისძიებებთან დაკავშირებით არსებობდა ფინანსთა სამინისტროს რეზოლუცია, რომლის თანახმად, დაყადაღებული სახელმწიფო ქონება არ უნდა გაყიდულიყო. გარდა აღნიშნულისა, 2003წ. 9 დეკემბრის საგადასახადო დეპარტამენტის თათბირის ოქმით დაწესდა გარკვეული შეზღუდვა იმ საწარმოთა აუქციონის წესით რეალიზაციაზე, რომელშიც სახელმწიფოს წილი საწესდებო კაპიტალში 50% ან 50%-ზე მეტი იყო.
აპელანტის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 42-ე თავით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო პროცედურების დეტალური რეგლამენტაცია მოცემული იყო ფინანსთა მინისტრის 2002წ. 20 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებულ «ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესებში» და‚ ასევე, ფინანსთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის 2002წ. 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ «გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის პირობებსა და წესებში», რომელთა შესაბამისადაც, აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული მოქმედებები საგადასახადო დეპარტამენტთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, რომლის 2004წ. 8 იანვრის წერილიც დაედო საფუძვლად სერტიფიკატის გაცემაზე უარის შესახებ საგადასახადო ინსპექციის 2004წ. 15 იანვრის წერილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ.-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად იმავე გარემოებებზე აფუძნებდა, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 20 იანვრის განჩინებით დ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 სექტემბრის განჩინებით თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ .,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-21 მუხლის შესაბამისად, იძულებით აუქციონს არ ექვემდებარება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება, აგრეთვე, გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენს, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 50%-ს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოთ მითითებული ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005წ. 28 ივლისის ¹1/121-339 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ვინაიდან სადავო ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის იმ დებულებას, რომლის თანახმადაც: «საკუთრება აღიარებულია და უზრუნველყოფილია». ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის დებულება: «ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით». კონსტიტუციის მითითებული ნორმა გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა და უზრუნველყოფას იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით და მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ჩადებული საკუთრების იდეა სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს, უფლებრივად ათანაბრებს სხვა მესაკუთრესთან. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ ჩაყენებული სხვა საწარმოებთან, რომლებშიც სახელმწიფოს წილი არ გააჩნია. აღნიშნული სუბიექტებისათვის უსაფუძვლო პრივილეგიების მინიჭება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც: «სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონცეფციის განვითარებას».
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ფინანსთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის 2002წ. 17 დეკემბრის ¹1037 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული «გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ» და ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 20 სექტემბრის ¹297 ბრძანებით «ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ» ნორმატიულ აქტებში არსად არ არის მითითებული, რომ მას შემდეგ, რაც ადგილობრივი საგადასახადო ინსპექცია დაიცავს მოთხოვნებს აუქციონის ჩატარების თაობაზე და ჩაატარებს აუქციონს ეს იქნება საგადასახადო დეპარტამენტი თუ თავად ფინანსთა სამინისტრო, უფლება აქვს, გასცეს განკარგულება მყიდველზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის არგაცემის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გასცეს აღნიშნული საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატი, ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი 1997წ. საგადასახადო კოდექსის 247.6-ე მუხლში პირდაპირ იყო მითითებული, რომ ქონების საზღაურის მთლიანად გადახდის შედეგად, მყიდველი მიიღებს სერტიფიკატს (მოწმობას) აღნიშნული ქონების მის სახელზე გადაფორმების შესახებ.
მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლი, არ გამოიყენა «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონის მე-4 მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისი დებულებები.
კასატორის განმარტებით, როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლომ ბიუჯეტში თანხობრივი შენატანის დასადასტურებლად სავარაუდო სხდომის ოქმს მიანიჭა წინასწარ დადგენილი მტკიცებულების ძალა და მოსარჩელე ისე გაათავისუფლა ფაქტობრივი გარემოებებზე მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან, რომ ვერ გაერკვა, რატომ მიუთითა თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სერტიფიკატის (მოწმობის) გამოცემისათვის აუცილებელ მარეგულირებელ ნორმებზე, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 42-ე თავზე, «ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ» ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 20 სექტემბრის ¹297 ბრძანებაზე და «გადასახადის გადამხდელის დაყაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის და იუსტიციის მინისტრის 2002წ. 17 დეკემბრის ¹1037 ერთობლივ ბრძანებაზე.
კასატორის მითითებით, საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი უფლება სერტიფიკატის (მოწმობის) მიღებაზე მყიდველთა მხრიდან მაშინ წარმოიშობა, როცა იგი მთლიანად გადაიხდის აუქციონზე შეძენილი ქონების საფასურს. ამდენად, დეპარტამენტის უარი სერტიფიკატის გაცემაზე სრულიად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
სააპელაციო სასამართლოს ასევე არ შეუმოწმებია მიეკუთვნებოდა თუ არა შპს «თ.-ის» ქონება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ქონებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მთლიანად უკანონოდ და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოაცხადა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-21 მუხლი და ამის საფუძვლად მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2005წ. 28 ივლისის ¹1/12/329 გადაწყვეტილებაზე, მაშინ, როცა მითითებულ საქმეზე მიღებული 2005წ. 28 ივლისის ¹1/4/184,228 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ჩაითვალა დასახელებული სადავო მე-21 მუხლის მხოლოდ ნაწილი და არა მთლიანად მუხლი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათაAგამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2003წ. 9 დეკემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გაიმართა სპეციალიზებული ღია აუქციონი შპს «თ.-ის” დაყადაღებულ ქონებაზე. აღნიშნული ქონება შეიძინა მოწინააღმდეგე მხარემ - დ. გ.-მა 10 245 ლარად. 5000 ლარი დ. გ.-ის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს, ხოლო დარჩენილი თანხა დაფარა 2003წ. 22 დეკემბრისათვის.
კასატორი - თბილისის საგადასახადო ინსპექცია საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას და აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს თანხა სრულად არ გადაუხდია, რაც, კასატორისავე მითითებით, საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი, მართალია, სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას დ. გ.-ის მხრიდან თანხის სრულად დაფარვის თაობაზე, მაგრამ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ვერ წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას, ეჭვქვეშ დააყენოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება და უდავოდ მიიჩნევს დ. გ.-ის მხრიდან თანხის სრულად დაფარვის ფაქტს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ დ. გ.-ს საკუთრების დამადასტურებელი სერთიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ აღნიშნულ ორგანოს იმ დროისათვის სერტიფიკატის გაცემის უფლება არ ჰქონდა საგადასახადო დეპარტამენტის ¹3-04/102 08.01.04 წერილის საფუძველზე. საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე კასატორს სადავოდ არ გაუხდია თანხის სრული მოცულობით დაფარვის ფაქტი. სსკ-ის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებებზე, რომლებიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
დ. გ.-ისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დაყადაღებული სახელმწიფო ქონების გასხვისება დაუშვებელია, სწორედ აღნიშნული მოტივი გახდა დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლო ეყრდნობა ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ მითითებულ ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და წარმოდგენილი არ არის სსკ-ის 393-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-21 მუხლთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს არ ექვემდებარება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება, აგრეთვე გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენს, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალის წილის არანაკლებ 50%-ს. საგულისხმოა, რომ მითითებული მუხლის მე-2 წინადადება, საკონსტიტუციო სასამართლოს 2005წ. 28 ივლისის 1/4/184,228 გადაწყვეტილებით, მიჩნეულია არაკონსტიტუციურად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული შეზღუდვა ვერ გავრცელდება სადავო ობიექტზე, ვინაიდან დადგენილია, რომ მითითებული ობიექტი არ მიეკუთვნება აღნიშნულ ობიექტთა კატეგორიას, ამასთან კასატორი ვერ ადასტურებს, რომ შპს «თ.-ის” ქონება წარმოადგენს «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ქონებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მსჯელობა ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი ამკრძალავი ნორმების გამოყენების თაობაზე.
ყოველივე იმის მიუხედავად, რომ კასატორი ვერ წარმოადგენს მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შემდეგ გარემოებას: უდავოა, რომ შპს «თ.-ის” ქონება გამოტანილ იქნა სპეციალიზებულ ღია აუქციონზე, რაზედაც შედგა ოქმი და გამარჯვებულად გამოცხადდა დ. გ.-ი. კონკურსის შედეგები ძალაშია და მისი ბათილობა კასატორს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია. შესაბამისად, კასატორის ნებისმიერი არგუმენტი საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაუცემლობის თაობაზე (როცა მყიდველის მიერ შესრულებულია თანხის გადახდის ვალდებულება), მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ ექვემდებარება გაზიარებას.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების არაკანონიერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს: სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საკითხს საპროცესო კანონმდებლობის გარდა არეგულირებს «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლი, რომლის 1 ნაწილის «ლ” პუნქტი საგადასახადო ორგანოებისათვის ითვალისწინებს უბაჟო სამართალწარმოებას, მაგრამ მითითებული პუნქტი შეიცავს იმ კატეგორიის დავათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელსაც ეს შეღავათი შეეხება, საგულისხმოა, რომ წინამდებარე დავა არ ექცევა მითითებულ ჩამონათვალში, რაც გამორიცხავს კასატორის ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას .
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო დავის გადაწყვეტისას მართებულად დაეყრდნო საგადასახადო კოდექსის (1997წ. რედაქცია) 247.6 მუხლისა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.