Facebook Twitter

¹3კ-441-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საკუთრების ფაქტის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ც. ქ-ის წარმომადგენელმა ა. კ-ემ სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მ. მ-ის მიმართ (უფლებამონაცვლე ს. მ-ი) ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1976წ. თებერვალში მისმა მეუღლე ჯ. ქ-ემ მოპასუხე მ. მ-თან შეთანხმებით დ. გ-ისაგან იყიდა ორი ოთახი, რაზეც გაფორმდა ხელწერილი. აღნიშნულ ბინაში ჯ. ქ-ე ცხოვრობს ოჯახით. მოსარჩელე მოითხოვს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წერილობითი გარიგების საფუძველზე ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად და ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობას.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ც. ქ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – ჯ. ქ-ით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 02 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ჯ. ქ-ეს ბინა მესაკუთრისაგან არ უყიდია, ხოლო დადებული ხელწერილით მას გადაეცა უფლება, ეცხოვრა ბინაში იმ უფლებით, რაც ჰქონდა დ. გ-ს.

ჯ. ქ-ის წარმომადგენელმა ა. კ-ემ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ არსებობს წერილობითი ხელშეკრულება ბინის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, რომლის დადებისას საბინაო ფართის გასხვისებისათვის მიღებული იყო ასეთი წესი, ხოლო დღეისათვის მოქმედი კანონით მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს მესაკუთრედ ცნობა და აღრიცხვა რეესტრში.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში გარდაიცვალა მოპასუხე მ. მ-ი. მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ს. მ-ი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ ნორმა, რომლის საფუძველზეც მხარე ითხოვს მესაკუთრედ ცნობას გაუქმებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ანუ იურიდიულად ძალადაკარგულია.

სასამართლოს აღნიშნული განჩინება ჯ. ქ-ის წარმომადგენელმა ა. კ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის, იმ მოტივით, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ უმსჯელია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილება არც არსებობდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სადავო ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. მ-ი, ხოლო ამჟამად მისი უფლებამონაცვლეა ს. მ-ი. დ. გ-მა, რომელიც 40 წელი ცხოვრობდა სადავო ბინაში და ეკავა 32 კვ.მ., მ. მ-თან შეთანხმებით ჯ. ქ-ეს 16000 მანეთად მიჰყიდა ბინა, რომლის ღირებულებიდან 25% მიიღო მ-მა, როგორც სახლის პატრონმა. მოცემული ხელწერილიდან არ დგინდება ჯ. ქ-ის მიერ ბინის შესყიდვის ფაქტი. ბინის განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ბინის მესაკუთრეს. დ. გ-ი კი სადავო ბინის მესაკუთრე არასოდეს ყოფილა, ამიტომ მის მიერ დადასტურებული ხელწერილის საფუძველზე ჯ. ქ-ეს წარმოეშვა ის უფლება, რა უფლებაც გააჩნდა დ. გ-ს ბინის გასხვისებისას.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ჯ. ქ-ე საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობას ითხოვს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. მითითებული ნორმა გაუქმებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით. დღეისათვის არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლითაც შესაძლებელია უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობა, გარდა სკ-ით დადგენილი წესისა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული გარიგება არ შეესაბამება აღნიშნული კანონის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს სადავო ფართის მესაკუთრედ ჯ. ქ-ის ცნობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.