Facebook Twitter

საქმე # 010142223701118569

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №16აგ-23 ქ. თბილისი

ა.ო. ვ. 16აგ-23 11 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ–ი ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ა–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ვ–ი ა. ა–ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

1.2. ვ–ი ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

1.3. ვ–ი ა. ა–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2022 წლის 16 თებერვლიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ – ზურაბ კახეთელიძის შუამდგომლობა ბრალდებულ ვ–ი ა. ა–ის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების შესახებ დაკმაყოფილდა;

2.2. საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ–ი ა. ა.ის (დაბადების თარიღი: 15.10.1995 წელს, პირადი ნომერი: ...........) მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე (ორი ეპიზოდი), სისხლის სამართლის საქმე №...........;

2.3. ვ–ი ა. ა.ის დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში – შპს „........... სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (..........) 1 (ერთი) წლით. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება იმავე კანონით დადგენილი წესით;

2.4. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით ვ–ი ა. ა.ის სტაციონარში მოთავსების ვადა აითვალა განჩინების აღსრულების მომენტიდან.

3. 2023 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ვ–ი ა. ა–ის ადვოკატმა დ. ა–მა და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვ–ი ა. ა–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენის გადასინჯვა, იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ვ–ი ა. ა–ის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ორი ეპიზოდი) შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მას დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა; მანამდე – 2022 წლის 15 თებერვალს ჩადენილ ძარცვის ბრალდების საქმეზე მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნული არ ყოფილა; ხოლო მსჯავრდებულის მშობლების ახსნა-განმარტების თანახმად, ვ–ი ა. ა–ს დიდი ხნის მანძილზე აღენიშნებოდა ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაძლებელია იგი ძარცვის ჩადენის დროს – 2022 წლის 15 თებერვალს იმყოფებოდა მსგავს მდგომარეობაში; გარდა ამისა, ადვოკატი უთითებს, რომ ძარცვის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა პირმა განუმარტა, რომ დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებულმა თვალებში ჩახედა იმდაგვარად, რომ მას გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ვ–ი ა. ა.ის ჰქონოდა ფსიქიკური პრობლემები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ–ი ა. ა–ის ადვოკატის დ. ა–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად.

5. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ–ი ა. ა–ის ადვოკატმა დ. ა–მა. კასატორი ითხოვს, რომ საკასაციო სასამართლომ გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს მიუთითოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეისწავლა სს საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის – „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 192-ე მუხლის 11 ნაწილს (სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა), ასევე იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან მითითებულ ნორმაში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.

3. კასატორი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენის გადასინჯვას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ‘ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

4. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან 2022 წლის 15 თებერვალს ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემდეგ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს, 2022 წლის 7 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ–ი ა. ა–ი იყო შეურაცხადი, ჩნდება ეჭვი, რომ იგი ძარცვის ჩადენისას იგივე მდგომარეობაში იმყოფებოდა. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინების თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2022 წლის 14 ნოემბერის დასკვნების თანახმად, ვ–ი ა. ა.ის ამჟამად აღენიშნება დაუზუსტებელი არაორგანული ფსიქოზი (კოდი – ...; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს (2022 წლის 7 სექტემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში და 2022 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში) ვ–ი ა. ა.ის აღენიშნებოდა დაუზუსტებელი არაორგანული ფსიქოზი და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა).

5.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ–ი ა. ა–ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შეურაცხად მდგომარეობაში ჩადენა არის დაცვის მხარის ვერსია/ვარაუდი, რაც დადასტურებული არ არის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით; საჩივრის თანახმად, დაცვის მხარე მხოლოდ სამომავლოდ აპირებს აღნიშნული საკითხის გასარკვევად შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვას (,,დაცვის მხარე ვნიშნავთ ექსპერტიზას“); შესაბამისად, განსახილველი საქმის ფარგლებში საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ექსპერტიზის იმ დასკვნაზე, რომელიც ჩატარდა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სხვა პერიოდზე, არ მიუთითებს განსახილველი დანაშაულის ჩადენისას ვ–ი ა. ა–ის შეურაცხადობაზე (ამასთან, საქმეში აღნიშნული დასკვნა არ არის წარმოდგენილი) და საკუთარი ინიციატივით ვერ გაავრცელებს სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ მსჯელობას და დასკვნას იმ პერიოდზეც, რომელთან მიმართებითაც საექსპერტო კვლევა არ იყო ჩატარებული.

6. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ადგილი ჰქონდა რიგ დარღვევებს (სამართალწარმოება ჩატარდა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ვ–ი ა. ა–ის ესაჭიროებოდა თარჯიმანი; საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, დაზარალებულთან სატელეფონო გასაუბრების ოქმში კი ბრალდებულის სახელი და გვარი მოხსენიებულია შეცდომით), საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ვ–ი ა. ა–ის სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქმეზე, მათ შორის – წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომის ოქმები და ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ოქმებით არ დგინდება, რომ ბრალდებულს შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება და უარი ეთქვა თარჯიმნის დანიშვნაზე, იმავდროულად დგინდება, რომ ვ–ი ა. ა–ი სასამართლო სხდომებზე შეფერხების გარეშე საუბრობდა ქართულ ენაზე (მაგ: 2022 წლის 11 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი 12:21:00; საპროცესო შეთანხმების დამტკიცების 2022 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი; 15:29:10). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ბრალდებულ ვ–ი ა. ა–ის სახელით 2022 წლის 17 მაისს შესრულებული ხელნაწერი და ხელმოწერილი განცხადება (სს საქმე, ტ. N1; ს.ფ. 128), სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დაცვის მხარე ითხოვდა თარჯიმნის მონაწილეობას ან/და სამართალწარმოების ენის ცოდასთან დაკავშირებული სირთულეების გამო (სათანადოდ არცოდნის გამო) ვ–ი ა. ა–ი ადექვატურად არ პასუხობდა სასამართლო განხილვისას მისთვის დასმულ შეკითხვებს ან/და უჭირდა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ვ–ი ა. ა–იმ სადავო საქმის განხილვისას არ იცოდა/სათანადოდ არ იცოდა სისხლის სამართლის პროცესის ენა.

6.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის სადავო განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ვ–ი ა. ა–ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; აღნიშნული განაჩენის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს, მათ შორის, ბრალდებულმა ვ–ი ა. ა–იმ და მისმა ადვოკატებმა – ლ. მ–მა და ბ. ვ–მა; საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით“; ასევე ,,პროკურორის შუამდგომლობა, საქმის არსებითი განხილვის გარეშე ვ–ი ა. ა–ის მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს“. ამდენად, კასატორის მითითება, მათ შორის – თარჯიმნის საჭიროებასთან დაკავშირებით, სამართლებრივი კუთხით შეფასდა/უნდა შეფასებულიყო, მათ შორის – სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვისას. აღნიშნულიდან და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ადვოკატის მითითება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის შესახებ, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა სადავო განაჩენი.

7. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე​1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისად, საჩივარში მითითებული ექსპერტიზის დასკვნის მოპოვების შემთხვევაში დაცვის მხარეს კვლავაც აქვს უფლება მოითხოვოს აღნიშნული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე, ამავე მუხლში მითითებული ერთ-ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობის დადასტურების შემთხვევაში.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ ვ–ი ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ–ი ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ა–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ვ–ი ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ა–ს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი