Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-446-03 15 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საერთო ქონების გაყოფა (სარჩელში). ბავშვის ნახვის უფლების მიცემა და ნივთების დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

მ. დ-ე და ზ. გ-ე მეუღლეები იყვნენ, მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ვაჟი რ. გ-ე. ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები დაშორდნენ. მ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ზ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების, კერძოდ, ბინის, ავტომანქანისა და ავტოფარეხის ნაწილის მიკუთვნება, ასევე, მოპასუხისათვის 200 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება შვილის, რ. გ-ის სასარგებლოდ.

ზ. გ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა მარინე დ-ის მიმართ და მოითხოვა შვილის, რ. გ-ის ნახვის უფლების მიცემა და ინდივიდუალური საკუთრების ნივთების დაბრუნება.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი მოპასუხე ზურაბ გ-ის მიმართ ალიმენტის დანიშვნის და ერთად შეძენილი ქონების გაყოფაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ. გ-ეს შვილის, რ. გ-ის სარჩენად ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა; მ. დ-ე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის წილის თანამესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხვით. ამავე ბინის ½ წილის თანამესაკუთრედ აღირიცხა ზ. გ-ე, ხოლო დამხმარე სათავსები, მათ შორის, ზ. გ-ის სახელზე რიცხული ავტოფარეხი დარჩა საერთო სარგებლობაში. ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტი”, რომლის მფლობელია რ. გ-ე, ჩაითვალა მეუღლეთა მიერ ერთად შეძენილ ქონებად, თანასაკუთრებად. მხარეთა ხარჯით აუდიტის მიერ შეფასებულ იქნა მისი საბაზრო ღირებულება, რომლის ნახევრის გადახდა დაეკისრა ზ. გ-ეს მ. დ-ის სასარგებლოდ. ზ. გ-ის შეგებებული სარჩელი ბავშვის ნახვის უფლების მიღებისა და ინდივიდუალური საკუთრების ნივთების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე მ. დ-ეს აეკრძალა ხელის შეშლა მოსარჩელე ზ. გ-ისათვის შვილთან, რ. გ-ესთან ურთიერთობის საკითხებში, ხოლო, ვინაიდან შვილი 16 წლისაა, მშობლებთან ურთიერთობის წესი განისაზღვრა ნებაყოფლობით შვილის მიერ მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ზ. გ-ის ინდივიდუალურ საკუთრებად ჩაითვალა მისი ნათლობის ჯვარი თავისი ჯაჭვით და მოპასუხე მ. დ-ის დედის მიერ ნაჩუქარი ბაჯაღლოს ბეჭედი, რისი დაბრუნებაც ზ. გ-ისათვის დაეკისრა მ. დ-ეს, ხოლო დანარჩენი ნივთების დაბრუნებაზე ზ. გ-ეს ეთქვა უარი.

მოცემული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილება ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” ერთად შეძენილ ქონებად მიჩნევის, ამ მანქანის შეფასების და მისი ღირებულების ნახევრის მ. დ-ის სასარგებლოდ ზ. გ-ისათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. დ-ის სარჩელი ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის”, როგორც საერთო ქონების, ღირებულების ნახევრის ზ. გ-ისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სკ-ს 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. აქედან გამომდინარე, ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტი”, რომელიც შეძენილი იყო მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში, თავის დროზე, სანამ არ გასხვისდებოდა რ. გ-ეზე, წარმოადგენდა საერთო ქონებას. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გაყოფას ექვემდებარება გაყოფის მომენტისათვის მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული ქონება. ამჟამად სადავო ავტომანქანა არის მესამე პირის საკუთრებაში და ამიტომ იგი ვეღარ ჩაითვლება მეუღლეთა საერთო ქონებად. შესაბამისად, მ. დ-ის მოთხოვნა ამ მანქანის გაყოფის ან მისი ღირებულების ნახევრის კომპენსაციის შესახებ უსაფუძვლოა.

მოცემულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. დ-ემ; მან მოითხოვა სააპელაციო პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და არ გაარკვია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, თუ რატომ და როდის მოხდა ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” გასხვისება მესამე პირზე, რაც გახდა საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ზ. გ-ემ და მ. დ-ემ ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტი”, რომელიც აღირიცხა ზ. გ-ის სახელზე. მ. დ-ემ 2002წ. 24 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ზ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების, მათ შორის ავტომანქანის წილის მიკუთვნება. ზ. გ-ემ კი აღნიშნული ავტომანქანა საკუთრებაში გადასცა მამას – რ. გ-ეს 2002წ. 30 ივლისს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა აღნიშნული ავტომანქანა მეუღლეთა თანასაკუთრებად სკ-ს 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მაგრამ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ამჟამად სადავო ავტომანქანა მესამე პირის, რ. გ-ის საკუთრებაშია, ამიტომ მ. გ-ის მოთხოვნა ავტომანქანის ღირებულების ნახევრის კომპენსაციის შესახებ უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. დ-ის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, ე.ი. 2002წ. 24 ივნისისათვის სადავო ავტომანქანა მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა და რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მ. დ-ის ნების საწინააღმდეგოდ გადასცა ავტომანქანა საკუთრებაში ზ. გ-ემ მამას – რ. გ-ეს. ამიტომ სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სკ-ს მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (კანონის ანალოგიის) საფუძველზე 1166-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს წილის კომპენსაციას საკუთრების გაყოფისას. ამ ნორმის თანახმად, თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია. ვინაიდან მ. დ-ემ მოითხოვა საერთო საკუთრების ავტომანქანის ღირებულების ნახევრის კომპენსაცია, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული მუხლების საფუძველზე უნდა განესაზღვრა სადავო ავტომანქანის ღირებულება და ემსჯელა მ. დ-ის სასარგებლოდ ამ ღირებულების ნახევრის ზ. გ-ისათვის დაკისრების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ავტომანქანის ღირებულების ნახევრის მ. დ-ის სასარგებლოდ ზ. გ-ისათვის დაკისრების უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.