¹ 3კ-447-03 16 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
კასატორის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. მარტში მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს თ. და ბ. მ.-ებმა მ. ქ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს მათ შორის არსებული მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის გარიგების დადებულად ცნობა. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 1997 წელს მოპასუხემ აღებული ვალის – 2420 ლარის დაფარვის ანგარიშში საკუთრებაში გადასცა მ.-ებს სოფ. ...-ში, ე.წ. “...-ში” მდებარე 0,1 ჰა ფართობის სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დამტკიცებულ იქნა მარტივი ფორმის ხელწერილის დადებითა და დამსწრე პირების ხელმოწერებით, რაც ხანძრის შედეგად განადგურდა. მოპასუხის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა მიწის ნაკვეთის მყიდველებზე გაფორმება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. და ბ. მ.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა. მხარეებს შორის დადებულად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის სოფ. ...-ში, ე.წ. “...-ში” მდებარე 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის შესახებ გარიგება და მოსარჩელეები ცნობილ იყვნენ ამ ნაკვეთის მესაკუთრეებად.
მ. ქ.-ის მიერ შეტანილი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აღნიშნულ განჩინებაზე მ.ქ.-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაცვლად ახალი გადაწყვეტილების მიღება და მოსარჩელეებისათვის სარჩელზე უარის თქმა. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლო სხდომას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო და ეს დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 ნოემბრის განჩინებით მ.ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის განჩინება უცვლელად დარჩა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ.ქ.-ი სასამართლოში მოწვეულ იქნა სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ამასთანავე არ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რომელიც დააბრკოლებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საოლქო სასამართლოს ეს განჩინება აპელანტის მიერ გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით. მ.ქ.-მ მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორს მიაჩნია რომ, ჯერ ერთი, მას ჰქონდა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და ამის თაობაზე სასამართლოს წარუდგინა ცნობა ავადმყოფობის თაობაზე; მეორე, საოლქო სასამართლომ არ იმსჯელა სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ისე მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები. სასამართლომ დაადგინა მხოლოდ ფაქტები იმის შესახებ მხარე 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით იყო თუ არა სასამართლოში მიწვეული. ასევე იმსჯელა გამოუცხადებლობის მიზეზის არასაპატიოდ მიჩნევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი წანამძღვრების შემოწმებისას, სასამართლომ უნდა იმსჯელოს სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზეც. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებების იურიდიული შეფასება არის მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სავალდებულო პირობა.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განსახილველ საქმეზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ერთ-ერთი სამართლებრივი წანამძღვრის არსებობა-არარსებობის თაობაზე, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.