Facebook Twitter

¹3კ-448-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ნ. დ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ 2002წ. მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით ხ. ჯ-ისგან შეიძინა ქ. თბილისში, ..... ერთოთახიანი ბინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით ბინა დღეისათვის ირიცხება მის სახელზე. როგორც მოსარჩელე მიუთითებს, 2002წ. მარტში ბინის კარი დახვდა შემტვრეული. ბინაში იმყოფებოდა ნ. დ-ე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მისი განცხადებით, ბინა მათი საკუთრება იყო, მაგრამ მათ გაყიდეს ბინა და არა მიშენება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. თბილისში, ..... ბინა გამოთხოვილ იქნა ნ. დ-ის უკანონო მფლობელობიდან და იგი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. დ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოითხოვა სანოტარო ბიუროდან მასალები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ 2001წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების გამოტანისას ნ. ჯ-ის მიერ სადავო ბინის შეძენა საკუთრების უფლებით არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების თანახმად, ხ. ჯ-მა შეიძინა საცხოვრებელი სახლის 16/1836, შესაბამისი დამხმარე ფართით; იგივე შეიძინა ნ-მაც. აპელანტის განმატრებით, სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების გამოტანისას არ უმსჯელია ბინისთვის მიშენებულ ფართზე მისი უფლების დაკარგულად ცნობის თაობაზე. მას ამ ფართზე უფლება არ დაუკარგავს და იგი არ შედის არც ჯ-ის და არც თ. ნ-ის მიერ შესყიდულ ფართში. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს მუხლები საჯარო რეესტრთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიშენება დღეისათვის დამთავრებული არ არის და მისი სადავო ბინიდან გამოცალკევება შეუძლებელია. მშენებარე ობიექტი კი სკ-ს 150-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაითვალოს სადავო ბინის არსებით შემადგენელ ნაწილად, ამიტომ თ. ნ-ის საკუთრების უფლება ვრცელდება ბინაზე წარმოებულ მშენებლობაზეც, რის გამოც ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში არსებული ქონება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. დ-ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი წარმომადგენლად საქმეში ჩართულ იქნა სააპელაციო სასამართლოში. რწმუნებულება გაფორმდა 2002წ. 29 ნოემბერს, ამიტომ მას არ მიეცა საქმის მასალების გაცნობის საშუალება. კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი და მისი მარწმუნებლის კანონიერი უფლებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ არსებობს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი თავის საკასაციო საჩივარს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მხარემ ნ. დ-ემ თავის წარმომადგენელს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა 2002წ. 29 ნოემბერს. რის გამოც მისთვის შეუძლებელი გახდა სხდომის დღისათვის, 2002წ. 2 დეკემბრისათვის, გასცნობოდა საქმის მასალებს და მომზადებულიყო სხდომისათვის. აღნიშნული გარემოების გაუთვალისწინებლობით სასამართლოს მიერ სხდომის ჩატარება, კასატორის აზრით, სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს, რადგან მითითებული ნორმის საფუძველზე, გადაწყვეტილება ითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას. სსკ-ს 101-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყოს მხარის კანონიერი წარმომადგენელი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე თ. გ-ი ნ. დ-ის კანონიერ წარმომადგენლად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ამასთან, სსკ-ს 93-ე მუხლის თანახმად საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით მხარის უფლებაა და არ ავალდებულებს მას, თავისი ინტერესების დაცვა მიანდოს სხვა პირს. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შემთხვევა არ მოიაზრება სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტში.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. დ-ის შუამდგომლობა თავისი ინტერესების დამცველის აყვანის გამო პროცესის გადადების თაობაზე, დაკმაყოფილებულ იქნა 2002წ. 18 ნოემბერს. სხდომა გადაინიშნა 2002წ. 2 დეკემბრისათვის, რაზეც საწინააღმდეგო აზრი აპელანტს არ გამოუთქვამს, ამიტომ მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლოს შემდგომი სხდომისათვის უზრუნველეყო მისი უფლება სხვა პირისათვის საქმის წარმოების მინდობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.