გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-450-03 11 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე,
სარჩელის საგანი: ბინაში თვითნებურად ნაწარმოები გადაკეთებების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
აღწერილობითი ნაწილი:
მხარეები არიან მეზობლები და ცხოვრობენ ქ. თბილისში, ... მეხუთე სართულზე.
ვ. გ-ამ სარჩელი აღძრა ს. ჯ-ას მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხემ 1998წ. აგვისტო-სექტემბერში ბინაში აწარმოა თვითნებური გადაკეთებები. კერძოდ, წყლისა და კანალიზაციის კომუნიკაციები ჩაამონტაჟა პროექტის დარღვევით, ხოლო სველი წერტილები – ხელსაბანი და აბაზანა დაამონტაჟა არაკაპიტალურ ხის შელესილ ტიხარზე, რომელიც მხარეების ბინათშორის გამყოფ კედელს წარმოადგენს. აღნიშნულის გამო წყლის ხმაური ვრცელდება მის ბინაში და არღვევს მის მყუდროებას.
მოსარჩელის განცხადებით მოპასუხის მიერ სააბაზანოში გასანიავებელი სარკმლის ქვემოთ გადმოტანილი იქნა უნიტაზი, რაც იწვევს სპეციფიკური, უსიამოვნო სუნის გავრცელებას მოსარჩელის ღია აივანზე. აღნიშნულის გამო შეუძლებელი ხდება სამზარეულოს კარებისა და ფანჯრის გაღება. მის მყუდროებას არღვევს ასევე მოპასუხის მიერ კედელში ჩამონტაჟებული ელექტროვენტილატორი.
აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ წარმოებული გადაკეთებების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მესაკუთრეთა შორის თანაცხოვრების წესების დარღვევას არა აქვს ადგილი. რაც შეეხება ვინტილიატორს, ისინი თანახმა არიან მის შეცვლამდე არ მოიხმარონ იგი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა ელექტრო-ვენტილატორის ხმაურის აღკვეთა, ხოლო გადაკეთება-დაგეგმარების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 დეკემბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ 1998 წელს კედელში ჩამონტაჟებული წყლის მილებით მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების შეზღუდვა ან მისთვის ზიანის მიყენება სათანადოდ დადასტურებული არ არის, მხოლოდ მოსარჩელის განმარტება კი საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის აივანზე გამავალ ს-ს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი სააბაზანო ოთახის განათების საშუალებაა. სააბაზანო ოთახის განიავება ხდება სავენტილაციო ოთახის კედელში ჩამონტაჟებული ვენტილაციის საშუალებით, რის გამოც სარკმლის გამოღება აუცილებელი არაა. ს. ჯ-ას საპირფარეშო მოწყობილია ტექნიკური ნორმების მოთხოვნის დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კედელში მრავალიწ. წინ არსებული ს-ის გაფართოებით მოსარჩელის უფლება არ ილახება.
მოსარჩელის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ მოცემული დავა წარმოებდა სამოქალაქო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე და შესაბამისად რაიონულმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სკ-ს ნორმებით.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 218-ე, 219-ე მუხლები და სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოსაზრებით საექსპერტო კვლევით ვერ იქნა დადგენილი წყალგაყვანილობის მილები მათი ბინების შუაგამყოფ კედელში სამშენებლო ნორმების დაცვითაა ჩამონტაჟებული თუ არა. აღნიშნულის გარკვევის მიზნით სასამართლომ მიუხედავად მისი მოთხოვნისა არ მიიღო განმარტებები იმ პირთაგან, რომლებმაც უშუალოდ შეასრულეს მითითებული სამუშაო მოპასუხის ბინაში. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაამყარა არასრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტებზე და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან.
კასატორის მოსაზრებით საქმის მასალებით ცალსახადაა დადგენილი, რომ თუ მოპასუხის ს-ი ღია იქნება, მოსარჩელის აივანსა და სამზარეულოში გავრცელდება ტუალეტის სპეციფიკური სუნი და ხმაური. აღნიშნულ ნაწილში საოლქო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ წამოყენებულ ყველა არგუმენტზე, ასევე მხედველობაში არ მიიღო დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ სარკმლის გაფართოებით მოპასუხემ ხელყო შენობის ფასადის მზიდი კედელი, რომელიც საერთო საკუთრებაა და შენობის სიმტკიცისათვისაა აუცილებელი, რითაც უხეშად დაარღვია სკ-ს 211-ე მუხლის პირველი ნაწილი. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა ემსჯელა მოპასუხის მიერ ნაწარმოები გადაკეთებებით შეილახა თუ არა საერთო საკუთრება ან სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება.
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბინის მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მასზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება თუ ამ მოქმედებით იგი არ ხელყოფს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს.
სკ-ს 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად ბინის მესაკუთრე მოვალეა ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე საერთო საკუთრება, რომ ამით არ შელახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოპასუხის მიერ 1998 წელს კედელში ჩამონტაჟებული წყლის მილებით მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები არ შეზღუდულა და მას ზიანი არ მიდგომია. კედელში არსებული სადავო ს-ის გაყოფით და მისი ნაწილის სამზარეულოში მოქცევით მოსარჩელის უფლება არ შელახულა. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხის მიერ საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული გადაკეთებით სამშენებლო ნორმების მოთხოვნები არ არის დარღვეული.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საკასაციო პალატა სავალდებულოდ მიიჩნევს, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან მხარეთა შორის დავა წარმოებდა სამოქალაქო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე და შესაბამისად სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს შესაბამისი ნორმები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.