3კ-451-03 22 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ს-ე 1999წ. ივნისიდან მუშაობდა ....... საბაჟოში საგადასახადო სტატისტიკის განყოფილების წამყვანი ინსპექტორის თანამდებობაზე.
საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2001წ. 16 მარტის ¹42 კს ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ე. ხ-ი 1996წ. 3 მარტიდან მუშაობდა ....... საბაჟოში ექსპორტ-იმპორტის და საბაჟო გაფორმების განყოფილების აქციზური საქონლის გაფორმების სექტორის წამყვან ინსპექტორად. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ¹42 კს ბრძანებით იგი განთავისუფლდა თანამდებობიდან.
მ. ხ-ი 1999წ. 22 აპრილიდან მუშაობდა ...... საბაჟოს ექსპერტ-იმპორტისა და საბაჟო გაფორმების განყოფილების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2001წ. 16 მარტის ¹42 კს ბრძანების საფუძველზე იგი განყოფილების უფროსის თანამდებობიდან ჩამოქვეითებული იქნა ექსპორტ-იმპორტისა და საბაჟო გაფორმების განყოფილების აქციზური საქონლის გაფორმების სექტორის წამყვანი ინსპექტორის თანამდებობაზე.
ე. ხ-მა, მ. ხ-მა და კ. ს-ემ დამოუკიდებელი სარჩელებით მიმართეს სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ხ-ის, მ. ხ-ის და კ. ს-ის სარჩელები დაკმაყოფილდა. მ. ხ-ი აღადგინა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების საბაჟო დეპარტამენტი საბაჟო “ ....... “-ს ექსპერტ-იმპორტისა და საბაჟო გაფორმების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. კ. ს-ე აღადგინა საქართველოს საგადასახადო და შემოსავლების საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო “ ....... “-ს საფინანსო-საგადასახადო და სტატისტიკის განყოფილების წამყვანი ინსპექტორის თანამდებობაზე. ე. ხ-ი აღადგინა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო “ ....... “-ს ექსპორტ-იმპორტის და საბაჟო გაფორმების განყოფილების აქციზური საქონლის გაფორმების სექტორის წამყვანი ინსპექტორის თანამდებობაზე.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა. რეორგანიზაციის შემდგომ საქმეში მოპასუხე მხარედ ჩაება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამეტმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ დარღვეულია შკკ-ს 136-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისადაც დისციპლინური სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ დარღვეულია შკკ-ს 422 და 423 მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და უსაფუძვლო განმარტება მისცა გენერალური ინსპექციის 2001წ. 13 მარტის წარდგინებაში დაფიქსირებულ მ. ხ-ის, ე. ხ-ის და კ. ს-ის მიერ ჩადენილ სხვადასხვა სამართალდარღვევებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება. მოცემულ დავაში მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და ამდენად, იგი არის ადმინისტრაციული ორგანო.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული იყო შრომის ხელშეკრულება, რომელიც ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ს ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არაგანსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.