Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№730აპ-23 თბილისი

ბ-ა ო., 730აპ-23 4 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე ფოცხვერაშვილის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით ო. ბ-ა, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ო. ბ-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ბ-ამ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 01:44 საათზე, თ-ში, ნ-ის ქ. №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ბ-ამ ქვით დააზიანა ს. ვ-ის კუთვნილი, „ფოლკსვაგენ ტიგუანის“ („Volkswagen Tiguan“) ფირმის ავტომობილის (სახ. №-/-) უკანა საქარე მინა, უკანა, მარცხენა მაშუქის მარჯვენა ნაწილი და უკანა, მარჯვენა მაშუქის ორივე ნაწილი, რამაც 2800 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2022 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 01:42 საათზე, თ-ში, ნ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ბ-ამ ქვით დააზიანა ი. ნ-ის კუთვნილი, „ფოლკსვაგენ პასატის“ („Volkswagen Passat“) ფირმის ავტომობილის (სახ. №-) ძრავის სახურავი, წინა საქარე მინა, მარჯვენა, უკანა ხედვის სარკის მინა, წინა, მარჯვენა და მარცხენა საქარე მინები, რამაც 1500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ალექსანდრე ფოცხვერაშვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ო. ბ-ასათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ო. ბ-ას, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არარსებობა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა) გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.

8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ბ-ასათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე