Facebook Twitter

3კ-455-03 29 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “კ-ოსა” და სს “ე-ს” შორის 2001წ. 22 ივნისს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს “კ-ომ” სს “ე-ს” მიაქირავა თავის სარგებლობაში არსებული ქონება 2003წ. 1 ივლისამდე.

2002წ. 1 თებერვალს დამქირავებელმა აცნობა გამქირავებელს, რომ თავისი სურვილით ვადაზე ადრე, 26 თებერვლიდან, წყვეტდა ქირავნობის ხელშეკრულებას, ვინაიდან ბიზნეს-ცენტრი, რომლის განსათავსებლადაც მან იქირავა ფართობი, გაუქმდა. მიუხედავად გამქირავებლის უარისა, დამქირავებელმა 2001წ. 28 თებერვალს მაინც დაცალა ფართობი. შპს “კ-ომ” სარჩელით მიმართა სასამართლოს და იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, მოითხოვა სს “ე-ისათვის” 8800 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “ე-მა” გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება.

აპელანტი მიუთითებდა, რომ 2001წ. 22 ივნისს მოსარჩელესთან ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ ქონება გამოყენებულიყო ჩრდილოეთ რეგიონის თემქის ბიზნეს-ცენტრის კომერციული ცენტრის ოფისად. სს “ე-ის” გენერალური დირექტორის ბრძანებით რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, გაუქმდა აღნიშნული ბიზნეს-ცენტრი, ანუ აღარ არსებობდა ხელშეკრულების მიზანი, რაც გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რის შესახებაც დროულად, ერთი თვით ადრე აცნობეს მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2001წ. 22 ივნისს დადებული ქირავნობის ხელშეკრულების მე-11 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა მიერ მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები, რომლებშიც დასახელებული არ არის ის პირობა, რის გამოც დამქირავებელმა ვადაზე ადრე მოშალა ხელშეკრულება. მართალია, დამქირავებელს უფლება აქვს ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება, მაგრამ სკ-ს 555-ე მუხლის თანახმად, ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს გამქირავებელი და შესთავაზოს მას გადახდისუნარიანი ან მისაღები დამქირავებელი, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის ამ ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი მიღებული შემოსავლის სახით.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

კასატორი მიუთითებს, რომ სკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. კონკრეტულად, მოსარჩელე არ უთითებს და არც შეუძლია მიუთითოს რომელი ვალდებულება დაარღვია მოპასუხემ, ვინაიდან მას, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არც ერთი ვალდებულება არ დაურღვევია, ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით. ის გარემოება, რაც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა, გაუქმდა და, ბუნებრივია, მხარეები არ დადებდნენ აღნიშნულ ხელშეკრულებას ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, რაც ჩამოყალიბებულია სკ-ს 398-ე მუხლში.

კასატორი მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 555-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელი უფლებამოსილია, ქირავნობის ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ იგი დამქირავებელს ერთი თვით ადრე გააფრთხილებს ამის შესახებ და შესთავაზებს გადახდისუნარიან და მისაღებ დამქირავებელს, რომელიც თანახმაა ქირავნობის დანარჩენ დროში იყოს დამქირავებელი.

სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება შარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მართალია, მოცემულ ვითარებაში, მხარეთა შორის ხელშეკრულება არსებობს, მაგრამ შემთხვევა, რომელიც მხარეების მიერ სადავო გახდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. ასეთი შემთხვევის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს კანონი.

სკ-ს 555-ე მუხლი დამქირავებელს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას. თუ დამქირავებელმა არ შეასრულა ვალდებულება, მან, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შემსრულებელმა, სკ-ს 408-ე, 411-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე უნდა აანაზღაუროს ზიანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მას არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მიერ თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად სკ-ს 398-ე მუხლზე მითითება, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი, რომლის დროსაც მხარეები ახდენენ ხელშეკრულების კორექტირებას შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მიზნით რაიმე ურთიერთობა არ წარმოშობილა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება საოლქო სასამართლომ მიიღო კანონმდებლობის დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს ,,ე-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.