Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-457-03 1 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: აუქციონის შედეგების გაუქმება და ფართის დაკანონება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. კ-ს საკუთრებაში რეგისტრირებული იყო ვანის სადაბო საბჭოს 1964-1966 წლების საკომლე წიგნის ჩანაწერებით ვანში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. ვანის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1986წ. 2 იანვრის განკარგულებით ნება დაერთო ვანის რაიკოოპერატივს შეესყიდა ქ. ვანში, ... მდებარე ი. კ-ს კუთვნილი სახლი. ამ შენობაში გახსნილი იქნა მაღაზია; მაგრამ ვანის ტექაღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში ეს შენობა არავის საკუთრებაში არ იყო აღრიცხული. იმერეთის სააღსრულებო ბიურომ 2001წ. 8 ივნისს გამოაცხადა აუქციონი ვანის “რაიკოოპკავშირის” ქონების რეალიზაციის მიზნით და აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნა ქ. ვანში, ... მდებარე შენობა. ეს ფართი აუქციონზე შეიძინა ი. კ-მ და საჯარო რეესტრში იგი იქნა მესაკუთრედ რეგისტრირებული.

ამის გამო ნ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ვანის რაიკოოპერატივის თავმჯდომარე მ. დ-ის, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ. გ-ის და ი. კ-ს მიმართ და მოითხოვა აუქციონზე გაყიდული შენობის მის სახელზე დაკანონება და აუქციონის შედეგების გაუქმება. მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ ქ. ვანში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აშენებული იყო მისი მამის – ი. კ-ს და ბიძის – ი. კ-ს მიერ. ძმებს საცხოვრებელი სახლი ხის კედლით ჰქონდათ გაყოფილი. მამის ი. კ-ს კუთვნილი წილის მესაკუთრეს ამჟამად წარმოადგენს იგი, ხოლო აწ გარდაცვლილი ბიძის – ი. კ-ს კუთვნილი წილის რეალიზაციის შესახებ როცა შეიტყო, მან ამ ფართის ღირებულება 1400 ლარი შეიტანა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე მათი თანხმობით, მაგრამ შემდეგ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცხადდა აუქციონი ამ შენობაზე და იგი შეისყიდა ი. კ-მ.

ვანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ს სარჩელი ქ. ვანში, ... მდებარე საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ფაქტის დადასტურებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ნ. კ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ-ს სააპელაციო საჩივარი. ცვლილება იქნა შეტანილი ვანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებაში. აუქციონის ბათილად ცნობის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ნ. კ-ს 2001წ. 8 ივნისს ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობაზე. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით:

პირველი ინსტანციის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სადავო ფართზე ნასყიდობის დადასტურების და ამ ფართზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო აუქციონის შედეგების გაუქმების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დატოვა ღიად, რითაც დაირღვა სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაერკვია ირიცხებოდა თუ არა სადავო ფართი რაიკოოპკავშირის სახელზე. საქმის მასალებით დადგენილია და არც აპელანტი არ უარყოფს, რომ სადავო ფართის მესაკუთრე თავის დროზე იყო ქ. კ-ა, რომელმაც იგი 1986 წელს მიჰყიდა რაიკოოპერატივს, რაც იმთავითვე ცნობილი იყო ნ. კ-სათვის, მაგრამ ფართის გაყიდვა მას სადავოდ არ გაუხდია საამისოდ კანონით დადგენილ ვადაში. თვით ქ. კ-ს კი დღემდე არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია აღნიშნული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და იგი არც წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს. ამიტომ პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ უსაფუძვლოდ იყო დაყადაღებული სადავო ფართი და ასევე უსაფუძვლოდ იქნა იგი გატანილი იძულებით აუქციონზე.

სასამართლომ არ გაიზიარა ასევე აპელანტის მოსაზრება, რომ აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, აპელანტი სადავოდ ხდის აუქციონის გამოცხადების საჯაროობას. მოწინააღმდეგე მხარემ – აღმასრულებელმა დ. გ-ემ დაადასტურა, რომ განცხადება იძულებითი აუქციონის შესახებ გამოკრული იყო სასამართლოს შენობაში. წარმოდგენილ იქნა განცხადების ქსეროასლი.

გარდა ამისა, აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მან მიიღო მონაწილეობა 2002წ. 8 ივნისს გამართულ აუქციონზე თავისი წარმომადგენლის გ. ლ-ის მეშვეობით, რაც დადასტურებულია აუქციონის ოქმითაც რომელზეც გ. ლ-ეც ხელს აწერს.

სასამართლო კოლეგია არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ იგი ცნობილი უნდა იქნეს სადავო ფართის უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. კ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ აუქციონის ბათილად ცნობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე, 71-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რადგან სადავო ფართი არ წარმოადგენდა “რაიკოოპკავშირის” საკუთრებას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ასევე მხარის მოთხოვნა დავის საგნის შეცვლაზე. იგი არ ცნო უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. კ-ს საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ვანში, ... შესყიდვის უფლება ვანის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1986წ. 2 იანვრის განკარგულებით მიეცა ვანის რაიკოოპერატივს;

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ აუქციონის ჩატარებისას დარღვეული იქნა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გამოცხადება ხდება საჯაროდ, სასამართლოს დაფაზე გამოკრული განცხადებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. თუ ქონება მცირე ღირებულებისაა, მაშინ სასამართლოს შეუძლია გამოსცეს განკარგულება, რომ საგაზეთო განცხადება არ გაკეთდეს. საქმეში წარმოდგენილია აუქციონის ჩატარების თაობაზე განცხადების ასლი, რომელიც გამოკრული იყო სასამართლოს შენობაში, ასევე აუქციონზე მონაწილეობას ღებულობდა ქ. კ-ს წარმომადგენელი გ. ლ-ე, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი აუქციონის ჩატარების შესახებ 2001წ. 8 ივნისის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ზემოხსენებული პირი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით დადგენილია, ქ. ვანში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე თავის დროზე იყო ქ. კ-ა, რომელმაც 1986 წელს მიჰყიდა ეს შენობა რაიკოოპერატივს, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო ფართის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება, ვანის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად კი ეს შენობა არავის საკუთრებაში არ იყო აღრიცხული. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სასამართლო აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს უძრავი ქონების მესაკუთრის სახელსა და საცხოვრებელ ადგილს; ამ ნორმის შესაბამისად სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებებისათვის უნდა მიეცა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. კ-ს უარი ეთქვა აუქციონის ბათილად ცნობაზე და მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.