გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-458-03 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ც. დ-ს სარჩელი მოპასუხეების: ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვან გაერთიანებასთან, ჯ. შ-სთან და ქ. ზუგდიდში, ... მდებარე ბინა ცნობილ იქნა ც. დ-ს კუთვნილებად. აღნიშნულ ბინაზე ს. შ-ს (ჯ.შ-ს მამა) სახელზე გაცემული ორდერი ¹000298 ჩაითვალა ბათილად. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ს. შ-ს შვილმა ჯ. შ-მ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მან ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა იმაზე, რომ ზუგდიდის სამხარეო შსს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის 2001წ. 15 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის და სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დადგენილია ც. დ-ს მიერ ყალბი დოკუმენტის, არარსებული ზუგდიდის სახალხო დეპუტათა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990წ. 30 ოქტომბრის ¹360 დადგენილების დამზადება და მისი გამოყენება. ეს კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით და 214-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა. ეს ყალბი დოკუმენტი საფუძვლად დაედო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებას. საქმეში წარმოდგენილია ასევე, ც. დ-ს საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობა (ფორმა ¹1), რომელიც არ არის იურიდიული დოკუმენტი.
ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინებით ჯ.შ-ს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მხარეს დარღვეული ჰქონდა სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.
ჯ. შ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს განჩინებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჯ. შ-ს სააპელაციო საჩივარი – ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ჯ. შ-ს მოთხოვნა დოკუმენტის სიყალბის შესახებ დაუსაბუთებელია, რადგან ზუგდიდის საგამოძიებო განყოფილების 2002წ. 12 მაისის დადგენილებით არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ც. დ-ს მიმართ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ვინაიდან მის ქმედებაში არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. სასამართლომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად არ მიიჩნია ც. დ-ს საბინაო პირობების შემოწმების აქტი, რომელიც იურიდიულ დოკუმენტს არ წარმოადგენს. ეს ცნობა საქმეშია და მხარეს საქმის წარმოების განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა საშუალება, გამოეთქვა აზრი მისი კანონიერების შესახებ. სასამართლომ არ გაიზიარა ჯ. შ-ს განმარტება, რომ მან არ იცოდა საქმეში ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ, რადგან სსკ-ს 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა საქმის მასალებს გაცნობოდა.
ჯ. შ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ მამამისის, ს. შ-ს, ოჯახს 1995 წელს სამ სულზე გამოეყო ორ ოთახიანი 47-ე ბინა ქ. ზუგდიდში, ... და მის სახელზე გაიწერა ბინის ორდერი ¹00298. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ნ. ა-ა) 1998წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით უკანონოდ მიაკუთვნა ეს ბინა ც. დ-ს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ნ. ა-მ, რომელიც ამჟამად სახალხო დამცველის რწმუნებულია სამეგრელო-ზემო სვანეთში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე შ. ს-ეს აცნობა, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მისი თავმჯდომარეობით 1998წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ც. დ-ს სარჩელი მის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მიხედვით, კერძოდ, ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹360 გადაწყვეტილებისა და საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ფორმა ¹1-ის საფუძველზე, რითაც სასამართლო შეცდომაში იქნა შეყვანილი, ამას ადასტურებს გამოძიება და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, რაც საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჯ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჯ. შ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ზუგდიდის სამხარეო შსს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის 2001წ. 15 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დადგენილია, რომ ც. დ-მ დაამზადა და გამოიყენა ყალბი დოკუმენტი (ზუგდიდის არარსებული სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990წ. 30 ოქტომბრის ¹360 დადგენილება). ასევე, სასამართლო დაეყრდნო ც. დ-ს საბინაო პირობების შემოწმების აქტს, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს. განმცხადებელმა საქმის წარმოების განახლება მოითხოვა 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტების საფუძველზე. ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. იმავე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა” _ “გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით. სამოქალაქო საქმეში ¹2/342-2001 წარმოდგენილია ზუგდიდის საგამოძიებო განყოფილების 2002წ. 12 მაისის დადგენილება, რომლითაც არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ც. დ-ს მიმართ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ვინაიდან მის ქმედებაში არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლო 1998წ. 24 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო ყალბ დოკუმენტს.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ც. დ-ს საბინაო პირობების შემოწმების ფორმა ¹1-ი მოცემულია სამოქალაქო საქმეში ¹2/342-2001. 1998 წელს საქმის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვისას ჯ. შ-სათვის ცნობილი იყო აღნიშნული დოკუმენტის არსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას ჯ. შ-ს სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.