¹3კ-459-03 23 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ყადაღისაგან ქონების განთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. თ-ამ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ცეკავშირის სამტრედიის სავაჭრო ბაზის და რ. ჯ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მისი კუთვნილი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი სახლი საცხოვრებლად უვარგისია, რის გამოც მთელი თავისი ქონება გადმოტანლი აქვს და დროებით ცხოვრობს მეუღლის მშობლებთან. სასამართლოს გადაწყვეტილებით მის სიმამრს დაეკისრა 8720 ლარის გადახდა ცეკავშირის სავაჭრო ბაზის სასარგებლოდ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა მოახდინა ქონების აღწერა ..... სენაკში. აღწერილი და დაყადაღებული ქონების სიაში შეიტანა მისი კუვნილი ნივთები. მას არავითარი შეხება მისი სიმამრის – რ. ჯ-ას ვალებთან არ აქვს, არაფერი იცის ამ ვალის არც წარმოშობის, არც დროისა და არც მიზეზის შესახებ. მოითხოვა სარჩელში ჩამოთვლილი 28 დასახელების ნივთის ამორიცხვა დაყადაღებული ქონების სიიდან.
მოპასუხე ცეკავშირის სავაჭრო ბაზის დირექტორმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ვალის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია გააჩნდა მისი წარმოშობის დღიდან, პირადად მონაწილეობდა მოლაპარაკებაში. მოსარჩელე ათ წელზე მეტია ცხოვრობს ...... სიმამრთან ერთად და აქვთ ერთი ოჯახი.
მოპასუხე რ. ჯ-ამ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არის მისი სიძე, იგი დაახლოებით წელიწადნახევარია ცხოვრობს მის სახლში, რადგან საკუთარი სახლი არ აქვს სათანადოდ მოწყობილი. მოსარჩელემ თავისი ავეჯი და საოჯახო ნივთები გადმოიტანა მის სახლში, მასთან ცხოვრების პერიოდშიც შეიძინა საოჯახო ნივთები, მაცივარი, პიანინო, ტელევიზორი, ავეჯი და სხვა, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც შეფუთულია, ხოლო დანარჩენ ნაწილს მისი ოჯახის წევრები იყენებენ საჭიროებისამებრ. მოსარჩელე მასთან ცხოვრობს მდგმურად და მის კომერციულ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, რის გამოც მიაჩნია რომ მისმა სიძემ მისი ვალებისათვის პასუხი არ უნდა აგოს. სასარჩელო განცხადებაში მითითებული ნივთების გარდა მოსარჩელის საკუთრებაა მაცივარი “პანასონიკი”, რის შესახებაც აღმასრულებელს უთხრა, მაგრამ აღმასრულებელმა მისი სიძის საკუთრება მაინც შეიტანა სიაში.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან განთავისუფლდა შემდეგი დასახელების ნივთები:
1. მისაღები ოთახის გასაშლელი მაგიდა;
2. რბილი სკამი 6 ცალი;
3. ტელევიზორი “ჰორიზონტი”;
4. ვიდეო მაგნიტოფონი;
5. მაგნიტოფონი 2 ც;
6. ელექტრო ღუმელი 3 ც;
7. გასაგორებელი მაგიდა;
8. პიანინო “როინიში”;
9. ტელევიზორი “სანიო”;
10. სავარძელი;
11. საძინებელი გარნიტური;
12. მაგნიტოფონი “შარფი”;
13. საძინებლის კარადა;
14. საძინებელის საწოლი;
15. საძინებლის კომოდი;
16. საძინებლის ე.წ. “ტუმბოჩკა” 2 ც;
17. საძინებლის კომპლექტი 1 ც;
18. მაცივარი “მინსკი” და “ბიოჩელი” 2 ც;
19. მაცივარი გაუხსნელი 1 ც;
20. ელექტრო ვინტილიატორი;
21. რბილი სკამი 4 ც;
22. სერვიზი 6 კაციანი 1 ც;
23. საძინებელი გარნიტური 1 ც;
24. მაცივარი “სანიო”;
25. ხალიჩა დასაგები 4 ც;
26. გაზქურა “ბრესტი”;
27. სამზარეულო მაგიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცეკავშირის სამტრედიის სავაჭრო ბაზის დირექტორმა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სახლი,M მდებარე სენაკში, არის რ. ჯ-ას საკუთრება. რ. ჯ-ას ცეკავშირის სამტრედიის სავაჭრო ბაზის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და თანახმად სააღსრულებო ფურცლისა დაკისრებული აქვს 8720 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 44-ე მუხლის I ნაწილი, რომლის თანახმად იგულისხმება რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის. ასევე გამოიყენა სკ-ს 158-ე მუხლი, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე და მიიჩნია, რომ საპირისპიროს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც შეეცდება დაასაბუთოს, რომ მართალია მავანი ფლობს ნივთს, მაგრამ იგი არ არის ნივთის მესაკუთრე.
სააპელაციო პალატამ დაკითხულ მოწმეთა განმარტებები არ მიიჩნია სანდო და უტყუარ მტკიცებულებებად, რადგან ვერცერთი მათგანი ვერ ასახელებდა კონკრეტულ დროს და გარემოებას ამა თუ იმ ნივთის შეძენასთან დაკავშირებით, ისინი ზოგადად მიუთითებდნენ, რომ ვ. თ-ა მუშაობდა ცეკავშირის სისტემაში და მას ჰქონდა საშუალება შეეძინა მაცივრები, ტელევიზორები, საძინებელი გარნიტურები და სხვა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაკითხული მოწმეები დაინტერესებული პირები არიან, რადგან ყველა მათგანი ვ. თ-ას ახლობელია. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმეთა განმარტებები ვერ შეფასდება როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი და სასამართლოს არ შეექმნა რწმენა, რომ სადავო ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება.
სენაკის რაიკავშირის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ვ. თ-ა 1988 წლიდან მუშაობს რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარედ, 1989-91 წლებში რაიკავშირი აწარმოებდა გაცვლით ოპერაციებს, საიდანაც მიღებული იმპორტული საქონელი ნაწილდებოდა მეპაიეებზე და რომ დაყადაღებული ნივთები ნამდვილად რაიკოოპერატივის სავაჭრო ობიექტების მეშვეობით აქვს შეძენილი, სააპელაცო პალატამ არ მიიჩნია ისეთ მტკიცებულებად, რომლის საშუალებითაც შეიძლება ირწმუნო დაყადაღებული ქონების მოსარჩელისადმი კუთვნლების ფაქტი, რადგან აღნიშნული ცნობა ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტულს არაფერს არ ამბობს, ვერც მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იგივე კოოპერატივის გაცვლითი ოპერაციების, თუ ნივთების შეძენის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული მტკიცებულება.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ნივთების მფლობელი რ. ჯ-ა 35 წლის განმავლობაში მუშაობდა ბაზაში მომმარაგებლად, ჰყავს მეუღლე, რომელიც ასევე წარმოების ბუღალტრად მუშაობს. ბოლო წლებში რ.ჯ-ა ეწევა მეწარმეობას (გააჩნია ბენზინგასამართი სადგური). აღნიშნულის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალე რ. ჯ-ა არ ეკუთვნის იმ უკიდურესად ხელმოკლე ოჯახთა კატეორიას, რომელთაც თავიანთი მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს სახლში თუნდაც ერთი ღირებული ნივთის (მაცივრის, ტელევიზორის და ა.შ.) შეძენა და რომ სახლში აღმოჩენილი ყველა ნივთის მესაკუთრე სხვა ყოფილა. ამასთან რ. ჯ-ამ ვერ გააკეთა კონკრეტული ჩამონათვალი ვერც თავისი ნივთებისა და ვერც თ-ასი.
სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ერთობლიობითა და შინაგანი რწმენის საფუძველზე 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ვ. თ-ას სარჩელს ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-ამ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რის შედეგადაც არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” პუნქტის მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება ყველა ნივთი გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რ. ჯ-ას ცეკავშირის სამტრედიის სავაჭრო ბაზის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 8720 ლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა დააყადაღა და რ. ჯ-ას საცხოვრებელ სახლში არსებული ნივთები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებს მისი სიძე (მოსარჩელე).
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ კანონის თანახმად ივარაუდება, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეა მისი მფლობელი რ. ჯ-ა და საპირისპიროს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეა რ. ჯ-ა და მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა საპირისპირო. კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, იგი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც არ შეფასებულა სააპელაციო პალატის მიერ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ მტკიცებულებები არ არის სათანადოდ შეფასებული.
სსკ-ს 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის, მოპასუხეების, მოწმეების განმარტებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე განიხილა ერთობლიობაში, სრულად და ყოველმხრივ, რის შედეგადაც გამოიტანა სწორი დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეა მისი მფლობელი რ. ჯ-ა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.