¹ 3კ-460-03 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭიათურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987წ. 28 მაისის ¹159/33 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საწარმოო გაერთიანება “ჭ.-ის” დიმიტროვის სახელობის მაღაროთა სამმართველოს მიერ მარგანეცის ფენის გამომუშავების შედეგად, სოფ. .-ში მცხოვრები მოქალაქე ი. ბ.-ის შენობა-ნაგებობების ზარალი. 1986წ. 27 დეკემბრის აქტი. ღირებულებით შეადგინა 16493 მანეთი და 55 კაპ. იმავე წლის ივნისში ი. ბ.-ის ოჯახმა მიიღო ზარალის თანხა 8380 მანეთი. საწარმოო გაერთიანება “ჭ.-ის” სამთოსამუშაოების წარმოების შედეგად მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შემფასებელმა კომისიამ 1990 წელს მოახდინა ზარალის თანხის გადაანგარიშება სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით და ზარალის თანხა გაიზარდა 1358 მანეთით და 50 კაპიკით. ამ თანხის ნახევარი იმავე წლის ნოემბერში მიიღო ი.ბ.-ემ. ი.ბ.-ე გარდაიცვალა 1991წ. სექტემბერში. იმის გამო, რომ 1990წ. შემდეგ ი.ბ.-ის ოჯახს არ მიუღია ზარალის თანხის მეორე ნახევარი, მისმა მეუღლემ ლ. ბ.-მ 2002წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “ჭ.-ის” მიმართ და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება.
ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ.-მ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლ.ბ.-ის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა მოცემულ საქმეზე ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილება. ლ. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სს “ჭ.-ს” დაეკისრა ლ.ბ.-ის სასარგებლოდ 9030 აშშ დოლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი 361 აშშ დოლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსით ლარებში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
ლ.ბ.-ის ოჯახის მიმართ მოპასუხე ორგანიზაციის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საწარმოო გაერთიანება “ჭ.-ის” სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისიის 1986წ. 27 დეკემბრის და 1990წ. 28 მაისის აქტები;
პალატამ ვერ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1986წ. 27 დეკემბრის აქტი გაუქმებულია 2002წ. 1 აპრილის ¹10 ოქმის საფუძველზე. 1986წ. 27 დეკემბრის აქტი დამტკიცებულია ჭიათურის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987წ. 28 მაისის დადგენილებით და ამჟამად ეს აქტი არ არის გაუქმებული, იგი ძალაშია. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან მოპასუხე ზარალის თანხებს მოსახლეობაზე გასცემდა ნაწილ-ნაწილ. მოპასუხე ორგანიზაციამ 1997წ. 4 ნოემბრის ¹32 ოქმის საფუძველზე ცვლილება შეიტანა სს “ჭ.-ის” დირექტორთა გამგეობის სხდომის 1995წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში “მარგანეცის ფენის დამუშავების შედეგად და წარმოების სხვა მიზეზებით მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ” მანეთსა და აშშ დოლარს შორის თანაფარდობის განსაზღვრისათვის და დადგინდა, რომ ზარალის ანაზღაურება მომხდარიყო 1980-1983 წლების მანეთსა და აშშ დოლარს შორის თანაფარდობით 1:1-ზე. ვინაიდან, მოპასუხე ორგანიზაციის ზარალის შემფასებელმა კომისიამ მოსარჩელის მიმართ ზარალის ანაზღაურების საკითხის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო 2002 წელს, როცა გააუქმა ზარალის აქტები, მოსარჩელეს სარჩელის უფლება წარმოეშვა 2002 წელს. ამიტომ მოსარჩელეს მოპასუხემ უნდა გადაუხადოს ზარალის აუნაზღაურებელი ნაწილი 9030 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ჭ.-ის” რეაბილიტაციის მმართველმა მ.ლ.-მ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ლ.ბ.-ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს დარკვეთის მაღაროს, მანგანუმის ფენის მიწისქვეშა წესით 1986-1987 წლებში დამუშავებული ველის ზედაპირზე, გადამხურავი ქანი შეადგენს 120 მეტრს, ამიტომ ქანის სიმაღლე იმდენად მაღალია, რომ ფენის დამუშავებას არ შეიძლება მოსარჩელისათვის ზარალი მიეყენებინა; 1986წ. აქტში ჩაწერილია, რომ სახლი “ზიანდება” და არა “დაზიანდა”, ეს აქტი იურიდიული დოკუმენტია და მიუთითებს მომავალში მოსალოდნელი დაზიანების შესახებ. ლ.ბ.-მ იმიტომ არ მიიღო მოსალოდნელი ზარალის აქტის საფუძველზე ასანაზღაურებელი თანხის მეორე ნახევარი, რომ მისი საცხოვრებელი სახლი არ დაზიანებულა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მისი საცხოვრებელი სახლი 1991წ. 29 აპრილის მიწისძვრითაც არ არის დაზიანებული; სახლს მინიჭებული აქვს II კატეგორია, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლმა განიცადა მცირედი ბზარები და იგი გამაგრებული იქნა მიწისძვრის შედეგად გამოყოფილი ფინანსებით, ათვისებულია 24629 მანეთი. ამჟამად სახლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ამ სახლში. პერსპექტიული გეგმით არაა გათვალისწინებული ველის მეორადი დამუშავება და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად გაუქმებულია მოსალოდნელი ზარალის 1986წ. და 1990წ. აქტები სს “ჭ.-ის” ზარალის შემფასებელი კომისიის 2002წ. ¹10 სხდომის ოქმით და მათ არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.
სასამართლომ არ გაითალისწინა ის გარემოება, რომ თუ ლ. ბ.-ის სახლი დაზიანდა 1986 წელს, მას შემდეგ გასულია 16 წელი, მას კი სამ წელში უნდა მიემართა სასამართლოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს.ს. “ჭ.-ის” რეაბილიტაციის მმართველის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჭიათურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987წ. 28 მაისის ¹159/33 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საწარმო გაერთიანება “ჭ.-ის” დიმიტროვის სახელობის მაღაროთა სამმართველოს მიერ მარგანეცის ფენის დამუშავების შედეგად სოფ. ...-ში მცხოვრები მოქალაქე ი. ბ...-ის შენობა-ნაგებობების ზარალის აქტი მთლიანი ღირებულებით 16493 მანეთი და 55 კაპიკი. ამ გადაწყვეტილებით დაევალა სახბანკის ჭიათურის განყოფილებას გაეცა გადაწყვეტილებაში აღნიშნული თანხა სათანადო დასაბუთების წარდგენისას. იმავე წლის ივნისში ი.ბ...-ის ოჯახმა მიიღო ზარალის თანხის ნახევარი 8380 მანეთი სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შემფასებელმა კომისიამ 1990წ. 29 მაისის აქტით მოახდინა სოფ. ...-ში მცხოვრები ი.ბ...-ის შენობა ნაგებობებზე 1986 წელში შედგენილი ზარალის აქტის გადაანგარიშება და მისი საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობების ფასთა სხვაობის ღირებულებამ შეადგინა 1358 მანეთი და 40 კაპიკი. ი. ბ...-ს მიღებული აქვს ასევე პირველი ნახევრის ფასსხვაობა 679 მანეთი და 10 კაპიკი 1990წ. ნოემბერში. საქმის მასალების თანახმად, ი.ბ...-ეს და მის მეუღლე ლ.ბ...-ს ზარალის აქტით გათვალისწინებული თანხის მეორე ნახევარი არ მიუღიათ. აღნიშნული თანხის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. ბ...-ის უფლებამონაცვლე ლ. ბ...-მ 2002წ. 22 იანვარს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ლ.ბ...-ის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 80-ე მუხლის თანახმად ლ.ბ...-ეს სარჩელის უფლება წარმოეშვა იმ დღიდან, როცა სს “ჭ.-ის” ზარალის შემფასებელმა კომისიამ გააუქმა ზარალის აქტები და ამის შემდეგ ე.ი. 2002 წელს წარმოეშვა სარჩელის უფლება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 80-ე მუხლის პირველი და მეორე წინადადება. ამ ნორმის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
მოსარჩელის განმარტების თანახმად მას მოპასუხე ორგანიზაციიდან 1990წ. ნოემბრის შემდეგ დარჩენილი თანხა არ მიუღია. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან ზარალის თანხებს მოსახლეობაზე სს “ჭ.-ი” გასცემდა ნაწილ-ნაწილ. საწარმოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹32 ოქმით “ჭ.-ს” მარგანეცის ფენის დამუშავების შედეგად და წარმოების სხვა მიზეზებით მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება უნდა მოეხდინა 1980-1983 წლების მანეთსა და აშშ დოლარს შორის თანაფარდობით 1.1. გადაანგარიშება შეეხებოდა ყოველ ზარალის აქტს, რომლებიც დამტკიცებული იყო სს “ჭ.-ის” დირექტორთა გამგეობის 1995წ. 14 აგვისტოს სხდომის გადაწყვეტილებით, გარდა 1995წ. 8 სექტემბრამდე ანაზღაურებული თანხების. საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორთა გამგეობის 1995წ. 14 აგვისტოს სხდომის გადაწყვეტილება რომლითაც დამტკიცდა ბ...-ისათვის, მიყენებული ზარალის აქტი. საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტულად მითითებული იქნება მოპასუხე ორგანიზაციის ვალდებულებაზე 1990წ. შემდეგ მოსარჩელისათვის დარჩენილი თანხის ანაზღაურების თაობაზე. იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად კი საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია 1990წ. ნოემბრის შემდეგ სამი წლის განმავლობაში რატომ არ მოითხოვა მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციისაგან ზარალის დარჩენილი თანხის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ჭ.-ის” რეაბილიტაციის მმართველის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.