გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-461-03 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: პენსიის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 8 ივლისს შ. ნ-ემ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სასამართლოს 1998წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით იგი ცნობილია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, მაგრამ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიერ პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვეპლად ცნობილია საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლების გამო.
მან მიუთითა, რომ საცხოვრებელი სადგომიდან იძულებით გამოყვანა თავისთავად ნიშნავს გამოსახლებას.
მოსარჩელემ მოითხოვა ყოველთვიურად პენსიის სახით 45 ლარის დანიშვნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ “საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად პენსია დაენიშნებათ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ იმ პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა ან სპეციალურ დასახლებაში და არა საცხოვრებელ სადგომიდან გამოსახლებულ პირებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სასამართლოს 1998წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ნ-ე ცნობილი არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მას არ შეიძლებოდა დანიშვნოდა პენსია.
2003წ. 5 თებერვალს შ. ნ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პენსიის დანიშვნა შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ ბინიდან გამოსახლება და გასახლება ერთი და იგივეა, ამიტომ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მას უნდა დაენიშნოს პენსია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის განმარტება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე პენსიის დანიშვნას მოითხოვს მის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს 1998წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ბინიდან გამოსახლების გამო.
საქმეში წარმოდგენილი არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მამის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობის შესახებ და არც მოსარჩელე მოითხოვდა ამის გამო პენსიის დანიშვნას.
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებასა ან სპეციალურ დასახლებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი მის, აგრეთვე, პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეულ მეუღლეს, მშობლებს და შვილებს (ნაშვილებს), მიუხედავად წელთა ნამსახურებისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენს ცალკე კანონი.
მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს პენსიის დანიშვნას იმ პირთათვის, რომლებიც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულნი არიან ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლების გამო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება და გასახლება ერთი და იგივე მცნებებია. საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება ნიშნავს საცხოვრებელი სადგომის – ბინის - იძულებით დატოვებას, ხოლო გასახლება კი ნიშნავს არა მარტო საცხოვრებელი სადგომიდან – ბინიდან - გამოსახლებას, არამედ პირის საცხოვრებელი ქალაქიდან, რაიონიდან იძულებით გაძევებას.
სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადადება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს კასატორისათვის პენსიის დანიშვნის საკითხს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად, რომლის მიხედვით პენსია შეიძლება დაენიშნოს ამ პუნქტის პირველ წინადადებაში მითითებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში მის, აგრეთვე, პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეულ მეუღლეს, მშობლებს, შვილებს, ვინაიდან მოსარჩელე ამ საფუძვლით არ მოითხოვდა პენსიის დანიშვნას, ხოლო საკასაციო სასამართლოში ამ მოტივით პენსიის დანიშვნის მოთხოვნა წარმოადგენს სარჩელის საგნის გაზრდას, რაც კანონის შესაბამისად დაუშვებელია. მითითებული საფუძვლით მხარეს შეუძლია ახალი სარჩელით მიმართოს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემლ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.