საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №352აპ-23 თბილისი
ი-ი გ., 352აპ-23 3 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ი-ის ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით გ. ი-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ამავე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ი-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ი-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადებიდან - 2022 წლის 9 ნოემბრიდან.
2. განაჩენის მიხედვით, გ. ი-ს მსჯავრი დაედო:
ü სასამართლოს უპატივცემულობაში, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში;
ü სასამართლოს უპატივცემულობაში, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2022 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ბრალდებულ გ. ი-ის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე გ. ი-მა სამართალწარმოების მონაწილის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, კერძოდ, პროკურატურის სტაჟიორ დავით ნატრიაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა;
o 2022 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ბრალდებულ გ. ი-ის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე გ. ი-მა სასამართლოს მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, კერძოდ, მოსამართლე თათია გოგოლაურს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ: სასჯელის სახედ და ზომად მინიმალური ოდენობის ჯარიმის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ი-ის ადვოკატმა მ. ა-ემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გ. ი-ისათვის სასჯელის სახედ და ზომად მინიმალური ოდენობის ჯარიმის დაკისრებას; დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმასა და საბოლოოდ მინიმალური ოდენობის ჯარიმის განსაზღვრას ან თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. ი-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
10. ამავე დროს, სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელთა გამო არ შეუმსუბუქა სასჯელი გ. ი-ს და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის უცვლელად დატოვება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
11. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა - ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, იმ საფუძვლით რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 2016 წლის 21 ივნისი, აგრეთვე - Moreira Ferreira, §84; და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 2015 წლის 21 ივლისი).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ი-ის ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე