Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№633აპ-23 თბილისი

კ-ი ე.., 633აპ-23 3 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილისა და მსჯავრდებულ ე. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. კ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით: „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე. ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან“.

2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:

· 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე, ს-ოს რაიონის სოფელ უ-ში, ე. წ. ----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. კ-ის კუთვნილი ფერმის მინდორში, მეცხოველეობასთან დაკავშირებით წარმოშობილი სიტყვიერი კონფლიქტის ნიადაგზე, ე. კ-მა ხელთ ნაქონი დანის მუცლის არეში ერთხელ დარტყმით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ფ. გ-ს.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით ე. კ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა – 4400 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2020 წლის 27 მარტიდან იმავე წლის 30 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. კ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგით:

· 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე, ს-ოს რაიონის სოფელ უ-ში, ე. წ. --ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. კ-ის კუთვნილი ფერმის მინდორში, მეცხოველეობასთან დაკავშირებით წარმოშობილი სიტყვიერი კონფლიქტის ნიადაგზე, ე. კ-მა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ხელთ ნაქონი დანის მუცლის არეში ერთხელ დარტყმით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ფ. გ-ს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ე. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ადვოკატი მ. გ-ე კი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას, რადგან ე. კ-ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. დაცვის მხარემ ასევე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს ე. კ-ის გამართლებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№134აპ-21, №142აპ-13, №378აპ-19, №593აპ-15), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრებიდან არ იკვეთება.

10. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ე. კ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია: საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მსჯავრდებული ე. კ-ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რა დროსაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა დაზარალებულს. ამ დასკვნის საფუძველს ქმნის ფაქტის შემსწრე მოწმეებისა და დაზარალებულ ფ. გ-ს ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, ბრალდებულ ე. კ-ის ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 26 აპრილის №-- და №-- დასკვნები, სსიპ სიციალური მომსახურეობის სააგენტოს ს-ოს რაიონული განყოფილების ცნობა, ამოღებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები. საყურადღებოა, რომ ფ. გ. თავს დაესხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ე. კ-ს და ჯოხის დარტყმით მიაყენა მარცხენა იდაყვის ძვლის ქვედა ბოლოს მოტეხილობა, შემდეგ კი ყელში ხელი მოუჭირა. დაზარალებულის ასეთი ქმედებით ე. კ-ს შეეზღუდა სუნთქვა და იხრჩობოდა, რის გამოც, თავის გადასარჩენად, თავდამსხმელს შარვლის მარცხენა ჯიბეში არსებული დანით მიაყენა დაზიანება მუცლის არეში. ფ. გ-ის ქმედება იყო რეალური და მართლსაწინააღმდეგო, რითიც ე. კ-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ექმნებოდა რეალური საფრთხე; მსჯავრდებულის მხრიდან დანის დარტყმა კი გამოწვეული იყო უკიდურესებობით, რათა თავისზე ძლიერი დაზარალებულისაგან აერიდებინა ფიზიკური ძალადობა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურებულია, რომ ე. კ-ი არის შშმ პირი, მარჯვენა ზემო და ქვემო კიდურებში მკვეთრად აქვს შეზღუდული მოძრაობა და გადაადგილდება ხელჯოხით. შესაბამისად, მას ამოძრავებდა არა ფ. გ-ისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა, არამედ – მხოლოდ მისი მოგერიების, მისგან თავდაცვის სურვილი. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა დაზარალებულისათვის სხვა ჭრილობების მიყენების რეალური შესაძლებლობა, ე. კ-ს აღნიშნული არ განუხორციელებია, თუმცა ამ ქმედებაში იკვეთება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, ვინაიდან, მართალია, მას შეექმნა აგრესიისაგან თავის დაცვისა და მოგერიების ვითარება, მაგრამ, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის გარდა, იმყოფებოდნენ სხვა პირებიც (ე. კ-ის შვილი – ბ. კ. და ფ. გ-ის დისშვილი – გ. კ.) და სავარაუდო იყო მათი მხრიდან დახმარება ფ. გ-ისაგან თავის დასაღწევად, ე. კ-მა დანის გამოყენებით ჭრილობის მიყენებით გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ე. კ-ს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, მაგრამ ამისათვის გამოყენებული საშუალება აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რომლის დროსაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს (საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას ე. კ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

14. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

15. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობით, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება ე. კ-ის ქმედების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.

16. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილისა და მსჯავრდებულ ე. კ-ის დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე