Facebook Twitter

3კ-471-03 21 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: დავალიანების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ზ-ესა და ბ. გ-ს შორის 2001წ. 19 სექტემბერს წერილობითი ფორმით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ. ზ-ემ მსესხებელს ბ. გ-ს გადასცა 6000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით ყოველთვიური 2% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა ბ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ნაწილი. თ. ზ-ემ 2002წ. 19 ივლისს განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და გამარტივებული წესით მოითხოვა გადახდის ბრძანებით ბ. გ-ს გადასახდელად დაკისრებოდა 6360 აშშ დოლარი და ადვოკატის მომსახურებისათვის 200 ლარი. გადახდის ბრძანების მიღების შემდეგ ბ. გ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დავის განხილვა სასარჩელო წარმოების წესით. საქმის განხილვის დროს ბ. გ-მა სარჩელი არ ცნო იმ მოსაზრებით, რომ სადავო თანხა მას არ მიუღია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ. გ-ს გადასახდელად დაეკისრა 6360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

2002წ. 19 ივლისს მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელიც დამოწმდა სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო თანხა ბ. გ-მა მიიღო სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებისას.

აღნიშნული გარემოება სასამართლომ დაადგინა მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 624-ე მუხლზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-მა. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 623-ე მუხლი და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 624-ე მუხლი. კერძოდ, ხელშეკრულების დადებისას (გაფორმებისას) კრედიტორს თანხა არ გადაუცია მსესხებლისათვის (ხელშეკრულების 1.1. და 1.2 პუნქტები). აღნიშნული ხელშეკრულებით თ. ზ-ე მას შეპირდა სესხის მიცემას. 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იმ შემთხვევაშია რეალური თუ მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ვინაიდან თანხის გადაცემა რეალურად არ მომხდარა, კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება წარმოადგენს სესხის შეპირების ხელშეკრულებას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება თანხის გადაცემის თაობაზე. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 624-ე მუხლი, რადგან თანხის გადაცემის ფაქტი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დაადგინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ სამოქალაქო საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა (სესხის დაბრუნება) მოპასუხე (მოვალე) როგორც შესაგებლით, ასევე საკასაციო საჩივრით, სადავოს ხდის ხელშეკრულების ნამდვილობას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოვალის მოთხოვნა (შესაგებელი) და სესხის ხელშეკრულება ნამდვილად მიიჩნია. საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი გარემოების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რადგან სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება ფულის ან ნივთის გადაცემის მომენტიდან (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის შეპირებაზე შეთანხმდებიან მხარეები, სკ-ს 628-ე მუხლის საფუძველზე დაიდება სესხის შეპირების ხელშეკრულება, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არა გვაქვს. კერძოდ, სესხის შეპირების ხელშეკრულებით ერთი პირი პირდება მეორეს, რომ განსაზღვრულ დროში – მომავალში _ სესხად მისცემს ფულს ან გვაროვნულ ნივთს. ამ ვადის დადგომისას უკვე იდება სესხის რეალური ხელშეკრულება. მხარეთა შორის 2001წ. 19 სექტემბერს დაიდო არა სესხის შეპირებას, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ერთ ხელშეკრულებად). ორივე ხელშეკრულების ერთ სანოტარო აქტად გაფორმებაც იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სესხი ნამდვილია და მისი დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის უძრავი ქონება.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელშეკრულების 1.1 და 1.2 მუხლებით დასტურდება მისი მოსაზრება სესხის შეპირების თაობაზე. აღნიშნული მუხლები მიუთითებს სწორედ თანხის რეალურად გადაცემის ფაქტზე. თანხის გადაცემა ასევე დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სკ-ს 624-ე მუხლი საკმარისად არ მიიჩნევს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენისას იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის ეს ხელშეკრულება ზეპირი ფორმით დაიდო. მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით დაიდო და თანხის გადაცემის ფაქტი, გარდა ხელშეკრულების 1.1 მუხლისა, მოწმეებმაც დაადასტურეს, რაც არ ეწინააღმდეგება მითითებული ნორმის მოთხოვნას.

ამდენად, კასატორის მოსაზრება სასამართლოს მიერ კანონის არასწორად განმარტებისა და გამოყენების თაობაზე, უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.