გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-472-03 30 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება (სესხი).
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ქ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ. ჭ-ის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ 1999წ. 6 სექტემბერს მისგან ისესხა 5000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადა იყო ერთი წელი და 6 თვე. სესხის ხელშეკრულება დადასტურებულია ნოტარიალურად. ვინაიდან მოპასუხე არ აბრუნებს ვალს მოითხოვა მოპასუხისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება დადებული იყო მუქარის და იძულების გამოყენებით. ფული მოსარჩელისაგან ისესხა მისმა შვილმა და არა მან.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ. ჭ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის და სასამართლო ხარჯების 550 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, კერძოდ, არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება დადებული იყო მუქარის გამოყენებით, რადგან მოპასუხემ ვერ დაამტკიცა აღნიშნული გარემოება შესაბამისად, 2002წ. 7 ნოემბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჭ-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას.
კასატორი მიუთითებს, რომ იგი ფიზიკურად არ იცნობდა მოსარჩელეს. მოსარჩელისაგან 5000 აშშ დოლარი ისესხა მისმა შვილმა. ვინაიდან საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა მის სახელზე მოსარჩელე მასზე ახორციელებდა ზეწოლას, ემუქრებოდა, რათა მას დაედო ხელშეკრულება. აღნიშნულის გამო კასატორს მიაჩნია, რომ მათ შორის დადებული გარიგება ბათილია. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეების განმარტებები იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება დადებულია იძულებით და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 85-ე, 86-ე, 87-ე მუხლები.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ უცხოური ვალუტის დაკისრებით დაარღვია კანონი, ასევე უსაფუძვლოდ უთხრა უარი საქმის წარმოების შეჩერებაზე და დაარღვია სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძველი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 1999წ. 9 სექტემბერს სესხის ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის მხრიდან მუქარის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ გარემოებას საკასაციო პალატა სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მიიჩნევს სავალდებულოდ, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სკ-ს 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამავე კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.
აღნიშნული ნორმების თანახმად იძულება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, იძულებაც ამ აზრით არარსებულია.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელის მხრიდან მუქარის გამოყენებით.
რაც შეეხება მოწმეების განმარტებებს, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან დაკითხული მოწმეები არიან მოპასუხის ოჯახის წევრები, მათი განმარტებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად იძულების დასადასტურებლად. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხეს 1999წ. 9 სექტემბერს სესხის ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე (2001წ. 29.03) საცილოდ არ გაუხდია.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ უცხოური ვალუტის დაკისრებით დაარღვია კანონი, რადგან სკ-ს 383-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად “მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის”. კანონი კი სასესხო ვალდებულების უცხოურ ვალუტაში დადგენას არ კრძალავს.
სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით იხილება რაიმე საქმე. კასატორის მიერ განცხადების შეტანა პროკურატურაში კი არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.
ამდენად, კასატორის მიერ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 17 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.