¹3კ-474-03 23 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ს-იმ” სარჩელი აღძრა სს “ე-ის” წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა ძირითადი დავალიანების _ 3.618639,16 ლარის და 240000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 3.056.417 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს “ე-ს” შპს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 6.310.414 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში მოცემული საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი (შეთანხმება) შემდეგი პირობებით:
1. 1995წ. 01 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს “ე-ი” აღიარებს შპს “ტ-ის” მიმართ დავალიანების არსებობას 1.800.000 ლარის ოდენობით.
2. მესამე პირის – შპს “ტ-ის” _ წინადადებით შპს “ს-ი” არ მოითხოვს თავისი სასარჩელო მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას;
3. შპს “ტ-ის” წინადადებით სს “ე-ი” და შპს “ს-ი” თანხმდებიან, რომ სს “ე-ი” შპს “ტ-ს” გადაუხდის 1.800.000 ლარს;
4. ამ შეთანხმების მე-3 პუნქტში მითითებულ თანხას – 1.800.000 ლარს _ სს “ე-ი” გადაიხდის სასამართლოს მიერ ამ მორიგების დამტკიცების დღიდან 12 თვის ვადაში. ამასთან, თანხის პირველი ნაწილი _ 250000 ლარი გადახდილი უნდა იყოს პირველი თვის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი ყოველთვიურად თანაბარ ნაწილებად.
5. სს “ე-ის” მიერ წინამდებარე მორიგებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულება მოხდება იძულებითი აღსრულების გზით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, რომელშიც დაფიქსირებული იქნება შპს “ტ-ისათვის” სს “ე-ის” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტში მითითებული თანხის გადახდევინების შესახებ.
6. ეთხოვოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე შეწყვიტოს საქმის წარმოება.
მხარეთათვის ცნობილია საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგები, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ს 272-ე მუხლით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო 2003წ. 22 მაისის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით.
1. 1995წ. 1 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ს.ს. “ე-ი” აღიარებს შპს “ტ-ის” მიმართ დავალიანების არსებობას 1.800.000 ლარის ოდენობით.
2. მესამე პირის – შპს “ტ-ის” _ წინადადებით შპს “ს-ი” არ მოითხოვს თავისი სასარჩელო მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას;
3. შპს “ტ-ის” წინადადებით სს “ე-ი” და შპს “ს-ი” თანხმდებიან, რომ სს “ე-ი” შპს “ტ-ს” გადაუხდის 1.800.000 ლარს;
4. ამ შეთანხმების მე-3 პუნქტში მითითებულ თანხას – 1.800.000 ლარს _ სს “ე-ი” გადაიხდის სასამართლოს მიერ ამ მორიგების დამტკიცების დღიდან 12 თვის ვადაში. ამასთან, თანხის პირველი ნაწილი 250000 ლარი გადახდილი უნდა იყოს პირველი თვის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი ყოველთიურად თანაბარ ნაწილებად.
5. სს “ე-ის” მიერ წინამდებარე მორიგებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულება მოხდება იძულებითი აღსრულების გზით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელშიც დაფიქსირებული იქნება შპს “ტ-ისათვის” სს “ე-ის” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტში მითითებული თანხის გადახდევინების შესახებ.
შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.