Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-475-03 11 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე,

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 21 დეკემბერს შპს “ე-მა” სს “ს-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1995წ. 20 მაისის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ შპს “ე-ს” მოპასუხისათვის გადაცემული 3 მილიონი კუპონის და 12000000 მანეთად ღირებული 5 ტონა “არმატურის” სანაცვლოდ მოპასუხე დაუბრუნებდა 500 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის ღობის ფილას (ზომით 3 X 2,5).

მოპასუხემ აღნიშნული შეთანხმება არ შეასრულა და მოსარჩელისაგან ამ დავალების შესასრულებლად კიდევ მოითხოვა 10 მილიონი კუპონი. ამ თანხის გადარიცხვის მიუხედავად, შეთანხმება მხარეთა შორის ისევ დაირღვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საბოლოოდ მხარეები 1996წ. იანვარში შეთანხმდნენ შემდეგზე: 1995წ. 11 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად ერთ კვ.მ. რკინა-ბეტონის ღობის ღირებულება განსაზღვრულიყო 10 ლარით და 62 თეთრით, ხოლო მთლიანი ღირებულება – 15,930 ლარით. სს “ს-ს” უნდა დაებრუნებინა მითითებული თანხა, დაუბრუნებლობის შემთხვევაში კი ჯარიმის სახით უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 10% და ეს პროცესი გაგრძელდებოდა მანამ, სანამ არ დაიფარებოდა ძირითადი ვალი. ხელშეკრულების დადებიდან 2000წ. დეკემბრამდე დავალიანებამ შეადგინა 122661 ლარი. მოსარჩელემ მოითხოვა ამ თანხის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.

მოსარჩელემ 2001წ. 5 ივნისს წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომელიც ემყარებოდა სს “ს-თან” 1996წ. 11 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებას და საბოლოოდ მოსარჩელემ ჯამში მოითხოვა 110450 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები მოპასუხისათვის თანხების ჩარიცხვის შესახებ. მის მიერ წარმოდგენილი სალაროს ქვითრები და საგადასახადო დავალებების ასლები კი არ წარმოადგენს მტკიცების საფუძველს. 1997 წელს ჩატარდა ნულოვანი აუქციონი, მაგრამ “ე-ი” კრედიტორებს შორის არ ყოფილა დაფიქსირებული. ამასთან, გაშვებულია სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა 47436 ლარის გადახდა (ძირითადი თანხა – 15930 ლარი და პირგასამტეხლო – 31506 ლარი).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1996წ. (და 1995წ. 20 მაისის) ხელშეკრულების დადების წინაპირობა მხარეთა შორის არსებული მიწოდების ზეპირი ხელშეკრულება იყო – 500 გრ. მეტრის რკინა-ბეტონის ღობის ფილის შესახებ, რომლის დამზადების სანაცვლოდ შპს “ე-მა” სს “ს-ს” სხვადასხვა დროსა და პირობებში გარკვეული თანხები და მასალები ჩაურიცხა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სს “ს-ის” წარმომადგენლების მოსაზრება იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება სამართლებრივად უკანონოა, რადგან მოდავე მხარეები არ წარმოადგენდნენ საკრედიტო დაწესებულებებს და ამგვარი შინაარსის ხელშეკრულების დასადებად ისინი არ იყვნენ უფლებამოსილნი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა მათ შორის შემდგარი ურთიერთობის საბოლოოდ მოსარეგულირებლად და გასარკვევად აირჩიეს სწორედ იმ ფორმითა და შინაარსით, როგორიცაა 1995წ. 20 მაისის შემდგომ კი 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულებები და რომლებიც თავისი შინაარსით ვალის აღიარების ხელშეკრულებად უნდა ჩაითვალოს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულება ფორმის მიხედვით ნამდვილია, რადგან მასში გამოხატული მხარეთა ნება დადასტურებულია იმ აუცილებელი რეკვიზიტებით, რაც საზოგადოდ ხელშეკრულებას სრულყოფილსა და ნამდვილს ხდის. ესაა მხარეთა იურიდიული მისამართები და ხელშეკრულების დასადებად უფლებამოსილ პირთა ხელმოწერები დადასტურებული მათივე საწარმოთა ბეჭდებით.

პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება შინაარსის მიხედვითაც ასევე სამართლებრივად ვარგისი დოკუმენტია, რადგან მასში არაფერია კანონსაწინააღმდეგო და მხარეთა შორის მიღწეულია შეთანხმება ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის აუცილებელ ყველა არსებით პუნქტზე.

სააპელაციო პალატამ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 156-157-ე მუხლებზე.

სს “ს-ის” მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1996წ. ხელშეკრულება ყალბია, რადგან თავდაპირველ სარჩელში აღნიშნული ხელშეკრულება არ ფიგურირებდა და არც სს-ის საბალანსო მონაცემებშია ასახული, აღნიშნული ხელშეკრულება შექმნილია მოგვიანებით 1999 წელს არაუფლებამოსილი პირის ა-ის მიერ და მასზე ძველი თარიღია დასმული, ასევე არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები არ მიიჩნია დოკუმენტის სიყალბის დამადასტურებელ გარემოებებად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულება თავისი შინაარსით უვადო ხელშეკრულებას წარმოადგენს. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 1999წ. 12 იანვრის წერილით დააფიქსირა. სსკ-ს 169-ე მუხლის თანახმად მოპასუხეს წერილის მიღებიდან 7 დღის ვადაში უნდა ჩაერიცხა მოსარჩელისათვის თანხა. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს თავისი დარღვეული უფლების შესახებ უნდა შეეტყო 1999წ. 20 იანვარს. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2000წ. 21 დეკემბერს ანუ სკ-ს 75-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთწლიან ვადაში. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მასზე უნდა გავრცელდეს სკ-ს 76-ე მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

აღნიშნული საფუძვლებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შპს “ე-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს “ს-ს” შპს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 15930 ლარი. მასვე დაეკისრა შპს “ე-ის” იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ადვოკატის ხარჯები, თანხით 637 ლარი. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 960 ლარის ოდენობით.

შპს “ე-ს” დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2970 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სს “ს-ი” მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს “ე-ის” სარჩელზე უარის თქმას.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი დადგენით მიიჩნია, რომ 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულება ნამდვილია და თავისი ფორმით და შინაარსით შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად გამოთვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ვადის დინება დაიწყო 1999წ. 20 იანვრიდან, სარჩელი კი აღიძრა 2000წ. 21 დეკემბერს ანუ ერთწლიან ვადაში. სინამდვილეში 1999წ. 20 იანვრიდან 2000წ. 21 დეკემბრამდე პერიოდი შეადგენს ერთ წელსა და თერთმეტ თვეს. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ძირითადი მოთხოვნა ხანდაზმულია და შესაბამისად ხანდაზმულია დამატებითი მოთხოვნაც.

კასატორს მიაჩნია, რომ ადვოკატის ხარჯების დაკისრების ნაწილში სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 53-ე მუხლი. კასატორის მოსაზრებით ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები არ წარმოადგენს სასამართლო ხარჯებს, იგი არის სასამართლოს გარეშე ხარჯები.

კასატორი შპს “ე-ი” მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 1964წ. რედაქციის სკ-ს ნორმები და უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რადგან სარჩელის აღძვრის უფლების წარმოშობისას მოქმედებდა ახალი კოდექსი. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება ადრე მოქმედი კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად სასამართლოს საპატიოდ უნდა მიეჩნია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ შეაფასა ასევე ის გარემოება, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში სარჩელი შეიტანეს კერძო არბიტრაჟში, რის შემდეგაც შეწყდა ვადის დინება.

კასატორი თვლის, რომ საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სასამართლოს იგი უნდა გაენთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს (1964წ.) 169-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 145-ე მუხლი (1997წ.). დამატებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება სკ-ს 88-ე მუხლის მოთხოვნებს (1964წ.). ამდენად, არასწორად განსაზღვრა სკ-ს 169-ე მუხლი და არ გამოიყენა სკ-ს 88-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო პალატა იზიარებს სს “ს-ის” წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოითვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 1999წ. 20 იანვრიდან, სარჩელი კი აღიძრა 2000წ. 21 დეკემბერს და მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთწლიან ვადაში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გამოთვლა არასწორია, რადგან თუ მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 1999წ. 20 იანვარს ერთწლიანი ვადა ამოიწურებოდა 2000წ. 20 იანვარს, სარჩელი კი აღძრულია 2000წ. 21 დეკემბერს ანუ ერთი წლისა და თერთმეტი თვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი შპს “ე-ის” წარმომადგენლის მოსაზრებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რადგან მოთხოვნის უფლების წარმოშობისას მოქმედებდა ახალი კოდექსი.

სკ-ს 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშობა სკ-ს ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სკ-ს ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ ახალი კოდექსი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მოხდა ამ ურთიერთობათა შეცვლა, რის შედეგადაც წარმოიშობა ახალი უფლებები და მოვალეობები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოიშვა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე, ხოლო ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მათ შორის ადრე არსებული ურთიერთობის შეცვლა დადგენილი არ არის. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი.

კასატორი “ე-ის” წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში კერძო არბიტრაჟში ჰქონდა შეტანილი სარჩელი.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით.

შეწყვეტის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა ხელახლა დაიწყება. შეწყვეტამდე გასული დრო ახალ ვადაში აღარ ჩაითვლება.

თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული, მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ადგილი ჰქონდა თუ არა ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერებას ან შეწყვეტას. მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი სწორი სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.