3კ-478-03 16 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ს-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელე მოითხოვდა სს “ჭ-ზე” ამ უკანასკნელის მიერ სამთო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზარალისათვის 26615 აშშ დოლარის დაკისრებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4001 დოლარის გადახდა, რასაც საფუძვლად დაედო ამ ნაწილში მოპასუხის აღიარება.
თ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის გაანგარიშებით მსგავსი შენობა-ნაგებობის ასაშენებლად საჭირო იყო 26615 დოლარი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დაინიშნა სასამართლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ იმ ზარალის ასანაზღაურებლად, ანუ თ. ს-ის კუთვნილი დაშლილი შენობა-ნაგებობის ასაგებად საჭირო იყო 3336 ლარი.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სასამართლოს სხდომაზე სს “ჭ-ის” წარმომადგენელი არ გამოცხადდა. აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული თანხის შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილება 1988წ. მარტისათვის მიღებული 5820 მანეთის ეკვივალენტი ლარის გამოკლებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილება; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა: სს “ჭ-ს” თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 33366 ლარის გადახდა, რომელსაც უნდა გამოაკლდეს 1988წ. მარტში გადახდილი 5820 მანეთის ეკვივალენტი ლარი გადახდის დროისათვის არსებული კურსით.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს “ჭ-მა”. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი წარმომადგენელი ლ. ს-ი პროცესის დღეს წავიდა ქუთაისში, მაგრამ გზაში გაფუჭდა ავტომანქანა, რომლითაც ის მიდიოდა.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის განჩინებით სს ,,ჭ-ის” საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. 2002წ. 23 დეკემბერს, 12 საათზე სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაინიშნა საჩივრის განხილვა. აღნიშნულის შესახებ ეცნობათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.
სხდომის დაწყებამდე სს “ჭ-ის” წარმომადგენელმა ლ. ს-მა ტელეფონით აცნობა ერთ-ერთ მოსამართლეს, რომ დიდთოვლობის გამო ვერ გამოცხადდებოდა. მოწინააღმდეგე მხარეებმა, ს-ეებმა სასამართლოს განუმარტეს, რომ ისინი ტერიტორიულად გაცილებით ზღვის დონიდან მაღლა ცხოვრობენ, ვიდრე საჩივრის ავტორი. მათი განცხადებით, არავითარი ობიექტური (ბუნებრივი მოვლენები) მიზეზი არ არსებობდა სასამართლოში გამოუცხადებლობისა და მოითხოვეს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 23 დეკემბერს მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა: ის ფაქტი, რომ საჩივრის ავტორს ეცნობა კანონით დადგენილი წესით სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, დასტურდება საქმეზე დართული სასამართლო უწყებებითა და თვით მხარის სატელეფონო შეტყობინებით, რომელიც ვერ ცხადდებოდა სხდომაზე დიდთოვლობის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხის სასამართლოზე გამოცხადების ხელისშემშლელი გარემოებები და გამოუცხადებლობა საქმის გაჭიანურების სურვილით იყო განპირობებული.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2002წ. 23 დეკემბერს, ე.ი. მაშინ, როცა ქუთაისის საოლქო სასამართლოში იხილებოდა სს “ჭ-ის” საჩივარი, დიდთოვლობის გამო ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იყო შეჩერებული. კასატორი მოითხოვს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 392-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის გამო, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები.
სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
კასატორმა წარმოადგინა შპს “ა-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც “ა-ის” დირექტორი მიუთითებს, რომ 23 დეკემბერს დიდთოვლობის გამო ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეჩერებული იყო.
მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა შპს “ა-ის” დირექტორ თ.გაფრინდაშვილის ცნობა, რომ 23 დეკემბერს ქუთაისის მიმართულებით 10 საათზე გავიდა მიკროავტობუსი, რითაც არ დასტურდება ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროული გამოცხადებისათვის.
სს “ჭ-ის” მიზეზით სასამართლოს სხდომა რამდენიმეჯერ გადაიდო, შემდგომში სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. “ჭ-ს” არ მიუღია აუცილებელი ზომები, რათა 23 დეკემბერს, საქმის განხილვისას, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულიყო.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში სს “ჭ-მა” ვერ დაადასტურა ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის დაცვით. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული გარემოებებით ირკვევა ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა. ამასთან, დაკისრებული თანხის ოდენობა გაანგარიშებულია და დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 392-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ჭ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სს ,,ჭ-ს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 869 ლარი, რომელიც უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი 59) ანგარიშზე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.