Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-480-03 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. კ-ე-ძ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ნ. ბ-ისათვის 5000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: იგი ქ. თბილისში, ... სახლის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ¹22 ბინის დამქირავებელია, მისმა რძალმა ე. მ-ემ აღნიშნული ბინა მისი თანხმობის გარეშე მიყიდა ჯ. კ-ეს და ფულიც მან გამოართვა. მათ შორის გაფორმდა შინაურული ხელწერილი, რომელიც სანოტარო წესით დაამოწმა მოპასუხე ნ. ბ-ემ. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2000წ. 31 სექტემბერს მას ძალით მოაწერინეს ხელწერილზე ხელი, რადგან არ იყო ბინის გასხვისებაზე თანახმა. მან აღძრა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა ბინიდან ჯ. კ-ის გამოსახლება. ჯ. კ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა 5000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, რომელიც შინაურული ხელწერილის თანახმად გადაუხადა ე. მ-ეს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ორივე სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. კ-ე გამოსახლდა სადავო ბინიდან, მას კი ჯ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა. ასევე დადგენილ იქნა როგორც ძირითადი, ასევე შეგებებული სარჩელის ერთროულად აღსრულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ყოველივე აღნიშნული გამოწვეულია ნოტარიუს ნ. ბ-ის ბრალით. მან დაარღვია საქართველოს კანონი “ნოტარატის შესახებ” და “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მთელი რიგი მოთხოვნები. აღნიშნულის შედეგად დაზარალდა მოსარჩელე, რომელსაც არ მიუღია არანაირი თანხა და სკ-ს 992-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება და მოპასუხე ნინო ბ-ისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხე ნ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ დაურღვევია “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი და ინსტრუქცია “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ”. მან დაამოწმა ხელმოწერის ნამდვილობა და არა ბინის ნასყიდობა. მესამე პირმა ჯ. კ-ემ ასევე არ დაუჭირა მხარი სარჩელის დაკმაყოფილებას, აღნიშნა, რომ მოსარჩელემ და მისმა რძალმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი ხელწერილს, მას ხელწერილზე არ მოუწერია ხელი, რადგან არ ფორმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. კ-ე-ძ-ის სარჩელი ნოტარიუს ნ. ბ-ის მიმართ ზარალის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ხელწერილი არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას, ვინაიდან მასში არ მონაწილეობს მყიდველი ჯ. კ-ე. ქ. კ-ეს კი საერთოდ არ ჰქონდა ბინის გაყიდვის უფლება, რადგან იგი არ წარმოადგენს ბინის მესაკუთრეს. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ნოტარიუს ნ. ბ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ 2000წ. 31 აგვისტოს მის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედება წარმოადგენს ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას, რაც გათვალისწინებულია “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “თ” პუნქტით და საქართველოს ი-ის სამინისტროს 2001წ. 29 აგვისტოს ¹321 ბრძანებით დამტკიცებული სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის მეორე პუნქტით “გ” ქვეპუნქტით.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქეთო კ-ე-ძ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინებით ქ. კ-ე-ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუს ნ. ბ-ეს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება, რაც ზიანს მიაყენებდა მხარეს. საქართველოს კანონის “ნოტარიატის შესახებ” 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად ნოტარიუსს უფლება აქვს, დაამოწმოს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სკ-ს 992-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ და უარი უთხრა აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. კ-ე-ძ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: მას არ განუცხადებია ბინის გაყიდვაზე თანხმობა, გარიგების გაფორმება მოხდა თაღლითური გზით, ნოტარიუსმა ნ. ბ-ემ დაარღვია “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი, “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მოთხოვნები და ხელი შეუწყო ე. მ-ეს, რომ გაესხვისებინა ბინა, რომელიც არ წარმოადგენდა ბინის მესაკუთრეს. გარდა ამისა, კასატორი მოპასუხისაგან მოითხოვს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 10000 ლარის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი ქ. კ-ე-ძ-ე არის თბილისში, ... მდებარე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების ¹22 ბინის დამქირავებელი. აღნიშნულ მისამართზე მასთან ერთად რეგისტრირებულია მისი შვილიშვილი ტ. ძ-ე. დადგენილია ასევე, რომ ქ. კ-ე-ძ-ის რძალმა ე. მ-ემ შინაურული ხელწერილით აღნიშნული ბინა მიყიდა ჯ. კ-ეს და მიიღო მისგან 5000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელწერილი იმასთან დაკავშირებით, რომ ე. მ-ემ და ქ. კ-ე-ძ-ემ ჯ. კ-ისაგან მიიღეს 5000 აშშ დოლარი სანოტარო წესით დაამოწმა ნოტარიუსმა ნ. ბ-ემ. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს, რომ ნ. ბ-ემ დაარღვია “ნოტარიატის შესახებ” კანონი და დაამოწმა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. როგორც საქმეში წარმოდგენილი შინაურული ხელწერილიდან ირკვევა, ნოტარიუსმა ბ-ემ დაადასტურა ე. მ-ისა და კ-ის ხელმოწერების სისწორე. ხელწერილით კი დგინდება, რომ მ-ემ კ-ისაგან წინასწარ მიიღო ბინის საფასური, 5000 აშშ დოლარი და რომ ბინაზე ნასყიდობა გაფორმდებოდა საბუთების შეგროვების შემდგომ. ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების უფლება ნოტარიუს ბ-ეს აქვს საქართველოს კანონის “ნოტარიატის შესახებ” 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით და მისი მხრიდან “ნოტარიატის შესახებ” კანონი არ დარღვეულა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვვას ადგილი არ ჰქონია და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

საკასაციო საჩივრის შეტანის დროს კასატორი კ-ე-ძ-ე ითხოვდა საკასაციო საჩივრისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ან გადავადებას. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 მარტის განჩინებით ბაჟის გადახდა კასატორს გადაედო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. რადგან კასატორ კ-ე-ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იგი ვალდებულია გადაიხადოს საკასაციო საჩივრისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი, რაც შეადგენს სადავო თანხის, 5000 აშშ დოლარის, 4%-ს _ 200 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებს. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ქ. კ-ე-ძ-ე არის მატერიალურად გაჭირვებული, მარტოხელა და არა აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიზანშეწონილად მიიჩნია სსკ-ს 47-ე მუხლის საფუძველზე იგი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. კ-ე-ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინება. ქ. კ-ე-ძ-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.