გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-484-03 1 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. მ-ემ, მ. მ-მა და ნ. ბ-მა სარჩელით მიმართეს რა სასამართლოს მოპასუხეების: ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა “მთ-ს” და შპს “მ-ს”, მოითხოვეს კუთვნილი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს შემდეგი: 1990 წელს თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატში (ამჟამად თბილისის ს/ს “მა.”) ჩამოყალიბდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა “მთ.”, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამავე კომბინატის მთავარი ბუღალტრის მოადგილე ი. ს-ე. საცხოვრებელი ფართის აშენების მსურველთა სიაში თავიდანვე გაერთიანებული იყო ბინის მიღებისათვის სხვადასხვა დროს აღრიცხვაზე მყოფი კომბინატის 16 მუშა-მოსამსახურე, რომლებსაც გარკვეული შეღავათებით და პრივილეგიებით უნდა ესარგებლათ. მოსარჩელეთა განმარტებით, კომბინატმა თავისი თანამშრომლების დახმარების მიზნით, საამშენებლო ფირმა “მთ-ის” ანგარიშზე გადარიცხა 1991წ. ოქტომბერში 918000 რუსული რუბლი, ხოლო 1992წ. დეკემბერში _ 4000000 რუბლი. ამასთან, 1991წ. თებერვალში კომბინატმა 32 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ჩატარებული საპროექტო-საძიებო სამუშაოების საფასურად ფირმა “დ-ს” გადაურიცხა 17117 რუბლი და 52 კაპიკი. აღნიშნული თანხები მოსარჩელეთა განმარტებით შეადგენს 371387 ლარს.
ამხანაგობა “მთ-ს” ანგარიშზე მოსარჩელეებმა შეიტანეს შემდეგი ოდენობის თანხა: ა. მ-ემ ოთხოთახიანი ბინისათვის 43000 რუსული რუბლი, რაც შეადგენს 10338 ლარს, მ. მ-მა ოთხოთახიანი ბინისათვის 180000 რუსული რუბლი, რაც 16571 ლარია და ნ. ბ-მა ხუთოთახიანი ბინისათვის 50000 რუსული რუბლი, რაც 17564 ლარს შეადგენს. მოსარჩელეთა მოსაზრებით, კომბინატის მიერ გადარიცხული თანხა თანაბრად უნდა მოხმარებოდა კომბინატის 16 თანამშრომელს, რომლებიც ამხანაგობაში იყვნენ გაერთიანებულნი და უნდა მიეღოთ ის საცხოვრებელი ფართები, რაც თითოეულ მათგანს ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს კომბინატის მიერ სესხის და ავანსის სახით გადარიცხული 4918000 რუსული რუბლის 16 პირზე გაყოფა და შესაბამისად, თითოეულისათვის საცხოვრებელი ფართობის დამატებით გამოყოფა.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამხანაგობა “მთ-ს” დაეკისრა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში ა. მ-ისთვის 45 კვ.მ, მ.მ-ისთვის – 65 კვ.მ, და ნ. ბ-ისათვის 73 კვ.მ საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-ემ, მ. მ-მა და ნ. ბ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება შეიცვალა იმდაგვარად, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა “მთ-ს” დაეკისრა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში აპელანტებისათვის თითოეულზე დამატებით 307250 რუსული რუბლის (შესაბამისად ლარებში) ღირებულების საერთო საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა მშენებლობის დამთავრებისათვის გაწეული ხარჯების გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალურ მენაშანეთა ამხანაობა “მთ-ის” თავმჯდომარემ ი. ს-ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა დამატებითი ფართის გამოყოფის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. პალატამ მიიჩნია, რომ ამხანაგობა შეიქმნა რა კომბინატის ბაზაზე, აპელანტებს უნდა ესარგებლათ გარკვეული შეღავათებით. კომბინატის ხელმძღვანელობამ მისი თანამშრომლებისათვის დახმარების მიზნით, სამშენებლო ფირმა “მთ-ის” ანგარიშზე სხვადასხვა დროს გადარიცხა 918000 და 4000000 რუბლი. რაც შეეხება აპელანტთა სამართლებრივ სტატუსს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1997წ. 17 ივლისის ¹180 გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. ბ-ი, ა. მ-ე და მ. მ-ი გამოყვანილ იქნენ ამხანაგობა “მთ-ის” წევრობიდან, რაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებიათ. ისინი არ წარმოადგენენ რა ამხანაგობის წევრებს, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების გამო. აქედან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი ფაქტები, რომლის მტკიცებისაგან მხარეები თავისუფლდებიან სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად.
ა. მ-ე, მ. მ-ი და ნ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. კასატორებმა სარჩელით მოითხოვეს მათ მიერ გადახდილი და მათთვის გადარიცხული თანხის შესაბამისი ფართის გადმოცემა. რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი თანხის ნაწილში დააკმაყოფილა, ხოლო გადარიცხულზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ თითქოს ეს თანხა ი. ს-ის პირადი სესხი იყო. ამავე მოტივს ემყარება მოპასუხის შესაგებელიც და არა იმას, რომ კასატორები ამხანაგობის წევრები აღარ არიან. ამდენად, სააპელაციო პალატამ თვითნებურად გამოიყენა გარემოება, რომელსაც მხარე არ იყენებდა და არც თავისი შესაგებელი დაუმყარებია მასზე. დადგენილია, რომ 1991-1992 წლებში კომბინატმა ამხანაგობას გადაურიცხა სხვადასხვა თანხა, რა დროსაც კასატორები ამხანაგობის წევრები იყვნენ. ის გარემოება, რომ 1997წ. 17 ივლისის მთაწმინდის გამგეობის გადაწყვეტილებით თურმე გარიცხული ყოფილან ამხანაგობის წევრობიდან არ ნიშნავს იმას, რომ მათ გარიცხვამდე განხორციელებულ შენატანებზე მოთხოვნის უფლება ეკარგებათ. სწორედ ამიტომაც დაკმაყოფილდა სარჩელი ნაწილობრივ და არა მხარის კეთილი ნების გამო, როგორც ამას გასაჩივრებული განჩინება მიუთითებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული განჩინებითაც დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 1990 წელს თბილისის მაუდ-კომბინატში (ამჟამად თბილისის ს/ს “მა.”) ჩამოყალიბდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა “მთ.”, რომელსაც თავმჯდომარეობდა ი. ს-ე. ამხანაგობაში გაერთიანებული იყო კომბინატის 16 მუშა-მოსამსახურე, რომელთაც გარკვეული შეღავათებით უნდა ესარგებლად. ამავე განჩინებით დადგენილია, რომ კომბინატის მიერ 1991წ. ოქტომბერში მენაშენეთა ამხანაგობა “მთ-ს” გამოეყო 918000 რუსული რუბლი საერთო საამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, ხოლო 1992წ. 27 დეკემბერს – 4000000 რუსული რუბლი.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ აპელანტების მოთხოვნა კომბინატის მიერ გადარიცხულ თანხებში მათი წილის გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართობის გამოყოფის თაობაზე, ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ისინი გაერთიანდნენ 1990 წელს მაუდ-კამფოლის კომბინატში ჩამოყალიბებულ ამხანაგობა “მთ-ში”. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა შეიქმნა კომბინატის ბაზაზე, მათ უნდა ესარგებლათ გარკვეული შეღავათებით და უპირატესი უფლებებით. სწორედ ამის გამო, კომბინატის ხელმძღვანელობამ მისი თანამშრომლებისათვის ბინათმშენებლობაში თანაბარმნიშვნელოვნად დახმარების მიზნით, სამშენებლო ფირმა “მთ-ის” ანგარიშზე სხვადასხვა დროს გადარიცხა 918000 და 4000000 რუსული რუბლი.
ზემოაღნიშნულის ანალიზი ცხადყოფს იმ ვითარებას, რომ კომბინატის მიერ ბინათმშენებლობისათვის გადარიცხული თანხა განკუთვნილი იყო კომბინატის თანამშრომლების, მათ შორის კასატორთა დასახმარებლად. თანხის გადარიცხვა მოხდა 1991-92 წლებში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც კასატორები ამხანაგობის წევრები იყვნენ.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა, რომ აპელანტები 1997წ. 17 ივლისიდან აღარ წარმოადგენდნენ რა ამხანაგობის წევრებს, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორები 1990 წელს გაერთიანდნენ ამხანაგობაში, მათ შორის ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ სკ-ს 447-ე მუხლით გათვალისწინებული საერთო საქმიანობიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ამავე კოდექსის 449-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საერთო საკუთრებას წარმოადგენს ხელშეკრულების მონაწილეების ფულადი ან სხვა ქონებრივი შენატანები, აგრეთვე, საერთო საქმიანობის შედეგად შექმნილი ან შეძენილი ქონება. მათ. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კასატორებს როგორც ამხანაგობის წევრებს, ამხანაგობის იმ ქონებაზე მოთხოვნის უფლება, რაც მათი ხელშეკრულებაში მონაწილეობის პერიოდში არსებობდა, ხელშეკრულებიდან გასვლით არ უნდა დაეკარგათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის საფუძველი, რის გამოც კასატორებს ეკარგებათ მოთხოვნის უფლება.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 412-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, თუ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამართლებრივი შეფასება, რის გამოც საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას, მაშინ ის თავის განჩინებაში უთითებს, თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და რა სხვა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს საოლქო სასამართლოს შესაბამისმა კოლეგიამ ან პალატამ. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინებაში აღნიშნული მითითებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. კერძოდ, სასამართლოს უნდა ემსჯელა ამხანაგობა “მ-სათვის” გადარიცხული თანხის შესაბამისად, თითოეული მოსარჩელისათვის კონკრეტული საცხოვრებელი ფართის მიკუთვნების იურიდიულ და ფაქტობრივ საფუძველზე. აღნიშნულის გამოსაკვლევად კი საჭიროების და მიხედვით შეეძლო დაენიშნა ექსპერტიზა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, იურიდიულად დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. მ-ის, მ. მ-ის და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.