Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №405აპ-23 თბილისი

ჯ-ე ნ., 405აპ-23 10 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:

· ნ. ჯ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საბუღალტრო საქმიანობის უფლება. ნ. ჯ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 17 მაისიდან;

· მ. ბ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. განაჩენის მიხედვით:

ü ნ. ჯ-ეს მსჯავრი დაედო მითვისებაში, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით;

ü მ. ბ-ეს მსჯავრი დაედო სამსახურებრივ გულგრილობაში, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

3. ნ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o ნ. ჯ-ე 2016 წლის 20 მაისიდან 2021 წლის 6 სექტემბრამდე მუშაობდა სსიპ ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის ბუღალტრის თანამდებობაზე. მას ევალებოდა ამავე სკოლის საბუღალტრო საქმიანობის წარმოება, მათ შორის - სკოლის საბანკო ანგარიშიდან ინტერნეტბანკის მეშვეობით საბანკო ოპერაციების წარმოება უნაღდო ანგარიშსწორებით;

o ნ. ჯ-ის ყოველთვიური ხელფასი განსაზღვრული იყო სსიპ ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის საშტატო გრაფიკის შესაბამისად და 2019 წლის ოქტომბრამდე, დარიცხვით, შეადგენდა 260 ლარს, ხოლო 2019 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 6 სექტემბრამდე - 320 ლარს. მას 2019 წელს ხელფასის სახით უნდა მიეღო 3300 ლარი, 2020 წელს - 3840 ლარი, ხოლო 2021 წელს - 1600 ლარი. ნ. ჯ-ემ 2019 წლის განმავლობაში სსიპ სოფელ დ-ის საჯარო სკოლის სს -- ანგარიშიდან ამავე ბანკში არსებულ პირად ანგარიშზე, ხელფასის სახით, ჩაირიცხა 16946.58 ლარი - 13646.58 ლარით მეტი; 2020 წლის განმავლობაში - 114187.09 ლარი - 110347.09 ლარით მეტი, ხოლო 2021 წლის განმავლობაში - 20510.64 ლარი - 18910.64 ლარით მეტი. მან, ჯამურად, სს -- არსებულ საკუთარ ანგარიშზე, ხელფასის სახით, ზედმეტად ჩაირიცხა 142904.31 ლარი;

o 2019-2021 წლებში ნ. ჯ-ემ სსიპ ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის სს -- არსებული ანგარიშიდან ამავე ბანკში არსებულ პირად სახელფასო ანგარიშზე გადაირიცხა 3073 ლარი, რომლის დანიშნულებად მიუთითა მივლინება, თუმცა მივლინების ბრძანება არ დაწერილა და მივლინებაში არ ყოფილა;

o 2019-2021 წლებში ნ. ჯ-ემ სსიპ ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის სს -- ანგარიშიდან თავის სახელფასო ანგარიშზე ჩაირიცხა 524.6 ლარი, რომლის დანიშნულებად მიუთითა საკანცელარიო ხარჯი, თუმცა სკოლაში არ წარუდგენია საკანცელარიო ნივთების შეძენისა და თანხის დახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები;

o 2019-2021 წლებში ნ. ჯ-ეს პრემიის სახით უნდა მიეღო 3280 ლარი, თუმცა ანგარიშზე ჩაერიცხა 1612.84 ლარი - 1667.16 ლარით ნაკლები;

o 2020-2021 წლებში ნ. ჯ-ემ სსიპ ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის ანგარიშზე დააბრუნა 2205 ლარი;

o 2019-2021 წლებში სსიპ ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის ბუღალტერმა ნ. ჯ-ემ სს -- არსებულ თავის საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა ხელფასის, მივლინებისა და საკანცელარიო ხარჯის დანიშნულებით, ჯამურად ჩაირიცხა და მიითვისა სსიპ ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის კუთვნილი 142629.7 ლარი.

4. მ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2019-2021 წლებში სსიპ ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის საბანკო ანგარიშიდან თანხებს რიცხავდა სკოლის ბუღალტერი ნ. ჯ-ე, რომელიც თითოეული საბანკო ოპერაციის შესრულებისას იყენებდა ამავე სკოლის დირექტორის - მ. ბ-ის სახელზე განპირობებულ ე.წ. „ვერიფიკაციის კოდებს“ ან მისავე მობილური ტელეფონის ნომერზე მიღებულ ერთჯერად კოდებს, რომელთა სათანადო წესით შენახვა ევალებოდა მ. ბ-ეს. მასვე ევალებოდა, სათანადოდ დაეცვა სკოლის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა და არ დაეშვა მისი არამიზნობრივად ხარჯვა;

o მიუხედავად იმისა, რომ მ. ბ-ეს ევალებოდა სოფელ დ-ის საჯარო სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების კონტროლი და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვა, იგი, როგორც საჯარო მოხელე, თავისი მოვალეობის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ: სათანადო კონტროლს არ უწევდა სკოლის კუთვნილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას და არ უზრუნველყოფდა მასზე პერსონალურად გაცემული ე.წ. „ვერიფიკაციის კოდების“ სათანადო დაცვას, რითაც ისარგებლა სკოლის ბუღალტერმა - ნ. ჯ-ემ და 2019-2021 წლებში მ. ბ-ეზე პერსონალურად განპირობებული ე.წ. „ვერიფიკაციის კოდებისა“ და ერთჯერადი კოდების გამოყენებით სოფელ დერცელის საჯარო სკოლის საბანკო ანგარიშიდან თავის საბანკო ანგარიშზე უკანონოდ გადაირიცხა და მიითვისა სკოლის კუთვნილი 142629.7 ლარი, რამაც ამავე სკოლისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის ადვოკატმა ნ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ნ. ჯ-ისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენით მსჯავრდებულის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის ადვოკატმა ნ. გ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ნ. ჯ-ისათვის შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას.

8. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორი თამარ ზურაბაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს დაცვის მხარის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

11. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ნ. ჯ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

12. ამავე დროს, სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელთა გამო არ შეუმსუბუქა სასჯელი ნ. ჯ-ეს და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის უცვლელად დატოვება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას -მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

13. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა - ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო, საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, საქმეს არ იხილავს, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 2016 წლის 21 ივნისი, აგრეთვე - Moreira Ferreira, §84; და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 2015 წლის 21 ივლისი).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე