გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-486-03 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულებების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და განმარტა, რომ 2001წ. 9 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს 6 თვის ვადით ასესხა 4800 აშშ დოლარი. ვალის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბინა, სესხი კი უნდა დაბრუნებულიყო 2001წ. 9 ივლისს, სესხის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოვალე ვალდებული იყო, გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ძირითადი თანხის _ 4800 აშშ დოლარის, 6240 აშშ დოლარის _ პროცენტის, 450 აშშ დოლარის ადვოკატის მომსახურების ხარჯისა და სახელმწიფო ბაჟის _ 150 აშშ დოლარის დაკისრება.
რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 8990 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ. ფ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ვ. ფ-ეს ნ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5048 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2001წ. 9 იანვარს დადებული ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა 4800 აშშ დოლარი ვ. ფ-ეს ნ. თ-ისათვის უნდა დაებრუნებინა 2001წ. 10 ივლისამდე. ხელშეკრულების თანახმად, 6 თვის გასვლის შემდეგ თანხის არდაბრუნების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია, გადაუხადოს გამსესხებელს მიღებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ მხარეთა დათქმის მიხედვით, პირგასამტეხლოს გადახდა დადგენილ იქნა არა სესხის დაუბრუნებელი თანხიდან (2600), არამედ _ სესხად მიღებული თანხიდან _ (4800) აშშ დოლარიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს თანხის გაანგარიშება უნდა მოხდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების მიხედვით, კერძოდ, მთლიანი 4800 აშშ დოლარიდან. პალატა მიუთითებს, რომ სკ-ს 420-ე მუხლის გათვალისწინებით უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 0,5 % 0,1 %-მდე.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ემ. კასატორი მიუთითებს, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო პალატამ აბსოლუტურად მართებულად დაადგინა ის ფაქტი, რომ თანხის გადახდა უნდა მოხდეს მხარეთა შორის შედგენილი ხელშეკრულების მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, არა სესხის დაუბრუნებელი თანხიდან, არამედ _ სესხად მიღებული თანხიდან (4800 აშშ დოლარიდან). ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლოს 0,5 % 0,1 %-მდე. ნინო თ-ე ითხოვს, რომ გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კასატორს ნ.თ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 12000 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა ვ. ფ-ემ. კასატორს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა 2001წ. 10 ივლისიდან, ე.ი. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე და ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე, ე.ი. 2002წ. 11 დეკემბრამდე. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა გადახდეს ვ.ფ-ეს პირგასამტეხლო 17 თვის განმავლობაში, კერძოდ, 2001წ. 10 ივლისიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე და არა სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, ანუ 2001წ. 1 აპრილამდე. ვ. ფ-ე უთითებს, რომ მოსარჩელე სარჩელში პირგასამტეხლოს გადახდას ითხოვს სწორედ 2002წ. 1 აპრილამდე.
კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილია პირგასამტეხლოს გადახდა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო პირგასამტეხლოს ათვლა მოხდეს 2002წ. 9 იანვრიდან და შემცირდეს დაკისრებული თანხა 2984 აშშ დოლარამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს ნ. თ-ის მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 0,5 %-დან უნდა შემცირდეს 0,1 %-მდე, სკ-ს 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სკ-ს 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული საქმის გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინებითაც მან შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.
პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრავს კრედიტორის რისკის ხარისხს. რაც უფრო მკაცრია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, მით უფრო ნაკლებია კრედიტორის რისკის ხარისხი. ხშირ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განაპირობებს ხელშეკრულების დადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ 0,5 %-იანი პირგასამტეხლოს შემცირება 0,1 %-მდე მხოლოდ საქმის განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას უნდა მოხდეს.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მხარეთა ქონებრივ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ 0,5 % არის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და იგი უნდა შემცირდეს 0,3%-მდე.
სკ-ს 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, დაწესებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 6 თვის გასვლის შემდეგ თანხის მსესხებლის მიერ დაუბრუნებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლო – 0,5%. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები გულისხმობენ მსესხებლის მიერ თანხის მთლიანად დაუბრუნებლობას და არა თანხის ნაწილობრივ დაბრუნებას. შესაბამისად, თუ მოპასუხემ ნაწილობრივ არ შეასრულა პირობა, მან პირგასამტეხლო უნდა გადაიხადოს თახის იმ ოდენობიდან გამომდინარე, რომლითაც მან კრედიტორს პირობა დაურღვია. პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოხდეს სესხის დაუბრუნებელი თანხიდან _ 2600 აშშ დოლარიდან.
კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მანამ, სანამ იგი არ დაიკმაყოფილებს მის მოთხოვნას. მოვალემ უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა, საქმის სასამართლო განხილვა რამდენიმე სასამართლო ინსტანციაში გაგრძელდეს და გახანგრძლივდეს, რაც გამოიწვევს ვალის გაზრდას. ასეთ შემთხვევაში მოვალე თავის თავზე იღებს რისკს. მას უფლება აქვს, საქმის განხილვის დამთავრებამდე ცნოს სარჩელი და თანხა გადაიხადოს. ამიტომ ვ. ფ-ის მითითება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს სარჩელის შეტანამდე, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია.
2001წ. 10 ივლისიდან სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გასულია 17 თვე. დროის აღნიშნულ პერიოდში პირგასამტეხლოს გათვალისწინებით მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 6578 აშშ დოლარს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ნ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, ვ. ფ-ეს ნ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 6578 აშშ დოლარისა და 366 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.