Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №11აგ-23 თბილისი

ე-ი ს., 11აგ-23 19 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით ს. ე-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან - 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ს. ე-ს მსჯავრად დაედო ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის.

3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2020 წლის პირველ ოქტომბერს, დაახლოებით, 06:30 საათზე, თ-ში, დ. გ-ის გამზირის №--ში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისისა და 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. ე-ი თავს დაესხა ჩამსხმელ ოპერატორს – თ. ბ-ს, რომელსაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მოსთხოვა და გასტაცა შპს “ს. პ. ჯ-ას“ კუთვნილი 20 ლარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატების – თ. ჯ-ისა და ტ. კ-ის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

6. 2023 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატებმა – ა. გ-მა და ტ. კ-ემ, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვეს მსჯავრდებულ ს. ე-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება, ხოლო ალტერნატივის სახით – მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, შემდეგი არგუმენტებით: დაცვის მხარის განმარტებით, ს. ე-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა თ. ბ-მა მიუთითა, რომ იგი დააყაჩაღეს ს. ე-მა და რამდენიმე პირმა; მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ს. ე-ი დაემუქრა, ჯიბიდან თანხა კი სხვამ ამოუღო, ხოლო რ. ა-ისა და ა. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა თ. ბ-მა განმარტა, რომ იგი დააყაჩაღა მხოლოდ ს. ე-მა. შუამდგომლობის ავტორთა განმარტებით, დაცვის მხარემ ვერ შეძლო, ემსჯელა დაზარალებულის ჩვენების არადამაჯერებლობაზე, ვინაიდან რ. ა-ისა და ა. ბ-ის მიმართ საქმეზე დაზარალებული დაიკითხა მას შემდეგ, რაც ს. ე-ის საქმეზე სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. შუამდგომლობის ავტორები, დაზარალებულ თ. ბ-ის წინააღმდეგობრივი ჩვენებებიდან გამომდინარე, ითხოვენ მის მოწმის სახით დაკითხვასა და ს. ე-ის გამართლებას, ვინაიდან, მათივე მოსაზრებით, საქმეში დაზარალებულის ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. გარდა ამისა, ალტერნატიულ მოთხოვნასთან მიმართებით, ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ს. ე-ის საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოიპოვეს ცნობა მისი ნასამართლობის შესახებ. ცნობის მიხედვით, ს. ე-ი მოცემული დანაშაულის ჩადენამდე არ იყო ნასამართლევი ყაჩაღობის ფაქტზე, რის გამოც ითხოვენ მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატებმა – ა. გ-მა და ტ. კ-ემ, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებითა და არგუმენტებით ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილებას, ხოლო ალტერნატივის სახით - ს. ე-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას. ამასთან, დამატებით აღნიშნეს, რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით, სასამართლომ ს. ე-ის ქმედება არაერთგზისად მიიჩნია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დააკვალიფიცირა 2016 წლის 4 იანვრის განაჩენზე მითითებით, რომელი განაჩენიც საქმეში არ ყოფილა, ვინაიდან ს. ე-ი 2016 წელს არ გასამართლებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ – განაჩენი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლადგამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. მსჯავრდებულის ადვოკატების არგუმენტთან მიმართებით – მსჯავრდებულ ს. ე-ისა და მსჯავრდებულების - რ. ა-ისა და ა. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებში დაზარალებულმა - თ. ბ-მა მისცა წინააღმდეგობრივი ჩვენებები, რომლებითაც, ადვოკატთა მოსაზრებითვე, დასტურდება ს. ე-ის უდანაშაულობა – საკასაციო პალატა აღნიშნავს: დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულმა თ. ბ-მა მსჯავრდებულ ს. ე-ის მიმართ მისცა ცრუ ჩვენება; ადვოკატებს ასევე არ წარმოუდგენიათ, მათ მიერვე ახლად გამოვლენილ გარემოებად მითითებული, დაზარალებულ თ. ბ-ის განსხვავებული ჩვენების ამსახველი განაჩენი.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატთა ალტერნატიულ მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. ე-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ იმ მოტივით, რომ იგი არ იყო ნასამართლევი ყაჩაღობისათვის და მისი ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობად, საკასაციო პალატა მიუთითებს: ქმედების კვალიფიკაციასთან მიმართებით მხარეებს შეეძლოთ ედავათ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, ხოლო წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ შეეძლო, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე მიეღო ს. ე-ის ნასამართლობის ცნობა და მისი ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სადავოდ გაეხადა საქმეში არსებული მტკიცებულებები.

6. ამავე დროს, მსჯავრდებულ ს. ე-ის ქმედების კვალიფიკაციასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ს. ე-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოო სასჯელი ს. ე-ს განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას სასჯელის შთანთქმა არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით მსჯავრდებისათვის ს. ე-ის მიმართ ნასამართლობის გაქარწყლებას ან მოხსნას.

6.2. ამავე დროს, პალატა მიუთითებს, რომ 2020 წლის პირველ ოქტომბერს – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ს. ე-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ს. ე-ს არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის ჰქონდა გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის (არაერთგზისი დანაშაული), 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 79-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ ს. ე-ის ქმედება მართებულად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის).

6.3. რაც შეეხება კასატორების არგუმენტს, რომლის მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით ს. ე-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დააკვალიფიცირა 2016 წლის 4 იანვრის განაჩენზე მითითებით, რომელი განაჩენიც საქმეში არ ყოფილა და არ გამოკვლეულა, ხოლო ს. ე-ი 2016 წელს არ გასამართლებულა – საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს ეს საკითხიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე უნდა გაეხადა სადავოდ. ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში არსებული შესაძლო შეუსაბამობა არ წარმოადგენს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისა და განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

6.4. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენით, ს. ე-ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე