Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-487-03 29 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საცხოვრებელი ბინიდან იდეალური წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ო-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 1978 წლიდან ცხოვრობდა მამიდებთან: ან. და ნ. ო-ეებთან ქ.თბილისში. 1993წ. დეკემბერში გარდაიცვალა ნ. ო-ე. მისი გარდაცვალების შემდეგ მ. ო-ემ შეიტყო, რომ ბინა გაფორმებული ჰქონდა ა. მ-ს, ნ. ო-ის გერს. ან. ო-ემ მ. ო-ე სახლში აღარ შეუშვა და შეიტანა სასამართლოში სარჩელი მის წინააღმდეგ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის თაობაზე. მ. ო-ემაც შეიტანა შეგებებული სარჩელი ა. მ-ის წინააღმდეგ პრივატიზაციისა და ბინის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. საბურთალოს რაიონის სასამართლომ 1995წ. 29 მარტს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი პრივატიზაციისა და ბინის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება.

1996 წელს მ. ო-ემ შეიტანა სარჩელი სასამართლოში ბინიდან რეალური ფართის გამოყოფის თაობაზე, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა.

1996 წელს მ. ო-ესა და ა. მ-ს შორის დაიდო პირობითი გარიგება. 1997წ. 17 თებერვალს ა. მ-მა მ. ო-ეს მიცემული რწმუნებულებით დაავალა მის მაგივრად ემოქმედა სასამართლოში. 1997 წელს, მ. ო-ემ გააპროტესტა საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება. პროტესტი დაკმაყოფილდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნდა სასამართლოში. 1998წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმის განხილვისას მ. ო-ე იცავდა ა. მ-ს) ამირან მ-ს მიეკუთვნა ... მდებარე ¹9 ბინის 2/3 იდეალური წილი, ხოლო ან. ო-ეს _ 1/3. ა. მ-ს კი მ. ო-ისთვის მათ შორის დადებული გარიგების თანახმად 1000 დოლარი გასამრჯელოს სახით არ გადაუხდია.

1998 წელს მ. ო-ემ შეიტანა სარჩელი ბინიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე. საქმე განხილვის პროცესშია.

როგორც მ. ო-ე აღნიშნავს, ამირან მ-ი არ ასრულებს მათ შორის გარიგებით შეთანხმებულ პირობებს, ამიტომ ითხოვს ა. მ-ისგან ... მდებარე მე-9 ბინის 2/3 წილს და გარიგებით განსაზღვრული 1000 დოლარის მისთვის მიკუთვნებას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მის სასარგებლოდ ა.მ-ისათვის 1000 დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან იდეალური წილის გამოყოფაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებულია პირობითი გარიგება, ხოლო, ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებული პირობა განსაზღვრულ დროში არ დამდგარა, შეუძლებელია დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ბინიდან იდეალური წილის მიკუთვნების შესახებ.

მ. ო-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს სხდომაზე 2001წ. 13 დეკემბერს წარმოადგინა მეორე ხელშეკრულება, დადებული მხარეთა შორის 1998 წელს, ამიტომ აპელანტის აზრით, სასამართლოს მიერ მითითებული ვადა დარღვეული არ არის.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგებით გათვალისწინებული პირობა, რომლის მიხედვითაც მთლიანი ბინის მესაკუთრე გახდება, ჯერ არ დამდგარა, ამიტომ შეუძლებელია ა. მ-ს დაევალოს ბინის გაყიდვა და სხვა თანმდევ პირობათა შესრულება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ო-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს 316-ე მუხლი, ამასთან, დაარღვია სსკ-ს 70-ე, 74-ე, 380-ე მუხლების მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს განიხილა წარმოდგენილი საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მ. ო-ესა და ა. მ-ს შორის არსებული გარიგების საფუძველზე ა. მ-ს ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე ბინის მფლობელად გახდომის შემდეგ იგი გაყიდის ბინას და აღებული თანხით იყიდის ერთოთახიან ბინას ვ. ო-ის სახელზე, დანარჩენ თანხას კი გარიგების მხარეები გაიყოფენ თანაბრად. თანახმად სკ-ს 317-ე მუხლისა, ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში ა. მ-ს, მხარეთა შორის დადებული გარიგების საფუძველზე, არ წარმოშობია ვალდებულება სადავო ბინიდან იდეალური წილის მ. ო-ისათვის მიკუთვნების თაობაზე და, ბუნებრივია, არც ვალდებულია, _ იდეალური წილის შესაბამისად გადაიხადოს ფართის საბაზრო ღირებულება. გარიგების თანახმად ა. მ-ს შეიძლება წარმოშობოდა მხოლოდ თანხის გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ის გახდებოდა ბინის მესაკუთრე და გაყიდდა მას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ო-ის მოთხოვნა ა. მ-ის მიმართ მისთვის სადავო ბინიდან იდეალური წილის გამოყოფის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევაზე. თანახმად სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. კასატორის მიერ მითითებული ნორმები სასამართლოს მიერ დარღვეული რომც ყოფილიყო, იგი ვერ გახდებოდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან სასამართლოს მიერ მიღებულია სწორი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.