Facebook Twitter

¹¹ ბს-158-124-კ-05 19 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

განიხილა ონის რ-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ონის რ-ის გამგეობისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ონის რ-ის გამგებლის 2004წ. 13 აპრილის ¹42 განკარგულების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2004წ. 21 აპრილს მიღებული “ონის რ-ის გამგეობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ’’ დებულებისა და 2004წ. 12 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგების შემაჯამებელი სხდომის ¹5 ოქმის ბათილად ცნობა, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ტესტირება-კონკურსი ჩატარებული იყო კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, განცხადება ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში; საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება გამოცემული იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და ის არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში; კომისიის შემადგენლობაში არ იყვნენ შეყვანილი შესაბამისი დარგის სპეციალიტები, მათ შორის, არცერთი იურისტი; კომისიის შემადგენლობაში დამტკიცებული იყო შვიდი წევრი, მაშინ, როცა რეალურად ატესტაცია-კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ექვსმა; ასევე, საატესტაციო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობდა ვაკანტური თანამდებობის მქონე სამსახურების წარმომადგენელი, რომელსაც ონის რ-ის გამგებლის ¹1 ბრძანებით ხმის მიცემისა და შეფასების გაკეთების უფლება არ ჰქონდა. ამასთან, კომისიის მიერ მოხელეთა შეფასებისას გათვალისწინებული არ ყოფილა კანდიდატთა ასაკი, განათლება, მუშაობის სტაჟი და გამოცდილება.

ონის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მიმართìონის რ-ის გამგეობამ არ სცნო სარჩელი შემდეგი საფუძვლით: ატესტაცია-კონკურსი ჩატარდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 84-87-ე მუხლების სრული დაცვით. ამასთან, კონკურსის ყველა მონაწილე, მათ შორის, მოსარჩელე, კონკურსის პირობების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული სრულად, ამდენად, მას შეეძლო ყველა სადავო პირობა გაესაჩივრებინა კონკურსის დაწყებამდე და არა მას შემდეგ, რაც ის დამარცხდა კონკურსში.

შესაგებელში მოპასუხეთა მიერ აღძრულ იქნა შუამდგომლობა საქმის წარმოებაში მესამე პირებად კონკურსში მონაწილე სხვა (გამარჯვებული) პირების ჩართვის თაობაზე.

ონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივნისის განჩინებით, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. კ-ე, გ. კ-ე, გ. მ-ი და მ. ბ-ი.

2004წ. 8 ივნისს ონის რაიონულ სასამართლოში გამართულ მთავარ სასამართლო სხდომაზე მესამე პირებმა მხარი არ დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნეს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა დარჩეს ძალაში, როგორც კანონიერი. ონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად _ ბათილად იქნა ცნობილი ონის რ-ის გამგებლის 2004წ. 13 აპრილის ¹42 განკარგულება, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2004წ. 21 აპრილს მიღებული ‘’ონის რ-ის გამგეობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ’’ დებულება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2004წ. 12 მაისის კონკურსის შედეგების შემაჯამებელი სხდომის ოქმი ¹5, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საკონკურსო-სატესტაციო კომისიას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის თანახმად, არ ჰქონდა კონკურსის გამოცხადების უფლება, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შესაბამისად ასეთი უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსს ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. ამასთან, ამავე მუხლითაა დადგენილი, რომ კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე უნდა გამოცხადდეს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” ან სხვა ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში და განცხადება შეიცავდეს კანდიდატისათვის წამოყენებულ მოთხოვნებს. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნისას ონის რ-ის გამგებლის მიერ დარღვეულ იქნა “საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 25 მაისის ¹174 ბრძანებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად სახელმწიფო დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიურო, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

ამასთან, კონკურსის ჩატარებისას უგულვებელყოფილი იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსში მონაწილე პირებისგან არ მოითხოვა განათლებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობები. ასევე, ონის რ-ის გამგებელმა თავის ¹42 განკარგულებაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის სამართლებრივ საფუძვლად არასწორად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 25-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტების ნუსხასAგანსაზღვრავს. Aასევე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ონის რ-ის გამგეობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და საატესტაიო კომისიის დებულება თავისი შინაარსით წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, რომლის გამოცემის უფლება საკონკურსო-სატესტაციო კომისიას არ ჰქონდა, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-15 და მე-19 მუხლების შესაბამისად, მოთხოვნებს სამსახურში მისაღებად, ადგენს კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, საკონკურსო-საატესტაციო კომისია კი მხოლოდ აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავბლად დადგენილ მოთხოვნებთანA(ამავე კანონის 33-ე მუხლი). კონკურსის შემაჯამებელ 2004წ. 12 მაისის საკონკურსო საატესტაციო კომისიის სხდომის ¹5 ოქმთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩია ბათილად, რამდენადაც კონკურსი ჩაატარა და შედეგები შეაჯამა არაუფლებამოსილმა კომისიამ, არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული და კანონსაწინააღმდეგო დებულების საფუძველზე. ამასთან, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა და ხმების გამოთვლა მოხდა “საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 25 მარტის ¹174 ბრძანებულების მე-9 მუხლის მე-3 და მე-2 პუნქტების უხეში დარღვევით.

ონის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ონის რ-ის გამგეობამ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ონის რ-ის გამგებლის 2004წ. 13 აპრილის ¹42 განკარგულება, იმ მოტივით, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართელოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის რ-ის გამგეობა, როგორც სახელმწიფო დაწესებულება, უფლებამოსილი იყო მასზედ დაქვემდებარებულ დაწესებულებებში (ფიზკულტურისა და სპორტის სამსახური, თავდაცვის შტაბი, ვეტერანთა საბჭოს რწმუნებული) სახელმწიფო სამსახურის ბიუროსთან შეუთანხმებლად შეექმნა მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია. გადაწყვეტილების სხვა პუნქტები გასაჩივრებული არ ყოფილა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 22 ნოემბერს განჩინებით, ონის რ-ის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დატოვა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ განკარგულებაში სამართლებრივ საფუძვლად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მითითება იყო უმართებულო. Aასევე, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 84-ე და85-ე მუხლები ეხება იმ პირთა ატესტაციას, რომლებიც საჯარო დაწესებულების მოხელეები არიან და ამ დაწესებლებაში მუშაობის გარკვეული დროის შემდეგ საჭიროებენ ატესტაციას. მოცემულ შემთხვევაში კი კონკურსი გამოცხადებული იყო მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, გარდა ამ კანონის 84-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიურო. ამდენად, სადავო განკარგულება გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ და იგი ეწინააღმდეგბა კანონს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ონის რ-ის გამგეობამ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება; კერძოდ, ონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ონის რ-ის გამგებლის 2004წ. 13 აპრილის ¹42 განკარგულების ძალაში დატოვება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 84-ე და 85-ე მუხლები, კერძოდ, არამართებულად მიიჩნია, რომ მითითებული ნორმები ეხება მხოლოდ მოხელეთა ატესტაციას და არა კონკურსს, ვინაიდან კანონის და 84-ე, 85-ე მუხლიები ეხება საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს. ამასთან, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხავავებით, არამართებულადაა განმარტებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 85-ე მუხლის დათქმა 84-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტთან მიმართებაში, რომელიც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნისას სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილებას ეხება. კასატორის განმარტებით, გამგეობა არის სახელმწიფო დაწესებულება, რომლის მიერ სრულიად კანონიერად იქნა დანიშნული საკონკურსო-საატესტაციო კომისია და მისი თავმჯდომარე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა-საფუძვლიანობას, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ონის რ-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა

და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსკ-ის 393.3. მუხლის მოთხოვნები, გასაჩივრებული განჩინება საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა მიღებული, ამასთან, არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი დავა.

საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში სსკ-ის 404.1 მუხლის შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში, ონის რ-ის გამგეობის მიერ სააპელაციო საჩივრით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, ონის რ-ის გამგეობის 2004წ. 13.04. ¹42 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2004წ. 21 აპრილს მიღებული, ონის რ-ის გამგეობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულებისა და კონკურსის შედეგების შემაჯამებელი 2004წ. 12 მაისის საკონკურსო-სატესტაციო კომისიის ¹5 სხდომის ოქმი ბათილად ცნობის ნაწილში არ გასაჩივრებულა აპელანტის მიერ, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ონის რ-ის გამგეობის 2004წ.13.04. ¹42 განკარგულება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის წარმოდგენილი მოტივები დაუსაბუთებელია, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო, კერძოდ:

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 84-ე მუხლით განსაზღვრულია მოხელეთა ატესტაციის განმხორციელებელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიები, ამავე კანონის 85.1. მუხლის მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე (გარდა ამ კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტში აღნიშნული კომისიისა) არის პირი, რომელსაც ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიურო, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს 84.1. მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან ონის რ-ის გამგეობა წარმოადგენს არა სახელმწიფო, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებას, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 30-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის /მმართველობის/ ორგანოებში მომუშავე პირი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მისი სტატუსი სამუშაოზე მიღებისა და მუშაობის პირობები განისაზღვრება კანონით “საჯარო სამსახურის შესახებ”. ამავე კანონის 3.2. მუხლის თანახმად, საჯარო სამსახური იყოფა შემდეგ სახეებად: ა) სახელმწიფო სამსახური; ბ) სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხოლო ამავე კანონის 6.2. მუხლის მიხედვით მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად, შესაბამისად, ონის რ-ის გამგეობის მოხელეები წარმოადგენენ არა სახელმწიფო, არამედ, ადგილობრივი თვითმმართველობის /მმართველობის/ მოხელეებს და მათ მიმართ ვრცელდება კანონის 84.1. მუხლის “ვ” ქვეპუნქტი, ამასთან, ამავე კანონის 85.3. მუხლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული დებულებით კანონმდებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს კომპეტენციას განაკუთვნა, რაც ნიშნავს, რომ ონის რ-ის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ უნდა ემსჯელა და გადაწყვეტილება მიეღო კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას სხდომაზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-106 მუხლებით დადგენილი პროცედურის საფუძველზე, ამავე კოდექსის IV თავის ნორმების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არასწორია, როგორც კასატორის, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის უფლებამოსილ ორგანოდ ონის რ-ის გამგებლის ან სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიჩნევა, ამასთან, ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სადავო განკარგულების გამოცემის კომპეტენცია გააჩნდა, რამდენადაც თვლის, სადავო განკარგულება გამოცემულია

არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.3. მუხლისა მას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იქონია მსჯელობა, ონის რ-ის გამგებლის სადავო ¹42 განკარგულების თაობაზე, კერძოდ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის საფუძვლად მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 25-ე მუხლი, მითითებული ნორმით კი დადგენილია საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისად სადაო განკარგულებაში კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის საფუძვლად მითითებული ნორმის გამოყენება კანონშეუსაბამოა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო თვლის, ონის რ-ის გამგეობას სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 26I.3 სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ონის რ-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინება.

3.ონის რ-ის გამგეობას დაეკისროს 30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.