Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-489-03 19 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე რ. პ-ის გამოსახლება თბილისში, ... მდებარე ბინიდან შემდეგი საფუძვლით: რ. პ-ემ 2000წ. 24 ივნისს მისგან ისესხა 3000 ამერიკული დოლარი თვეში 10%-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიალურად. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2000წ. 4 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება სადავო ბინაზე. პ-ემ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით, რ. პ-ეს დაეკისრა მის სასარგებლოდ 4800 აშშ დოლარის გადახდა და სადავო ბინაზე აუქციონი დაინიშნა. აუქციონის მეშვეობით ბინა შეიძინა და დღეისათვის იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ბინის მესაკუთრედ. მას, როგორც მესაკუთრეს არა აქვს საშუალება ფლობდეს და სარგებლობდეს კუთვნილი ბინით, რადგან პ-ე არ ათავისუფლებს სადავო ბინას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. რ. პ-ე გამოსახლდა ვ. ს-ის კუთვნილი სადავო ბინიდან. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ბინის მესაკუთრე არის ვ. ს-ი, რომელსაც სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. პ-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. პ-ემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო: აუქციონი ჩატარდა არასწორად, პროცესზე არ მოუწვევიათ მისი მეუღლე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ დღეისათვის სადავო ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს ვ. ს-ი, რომელმაც ბინა შეიძინა აუქციონზე. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ს-ს, როგორც მესაკუთრეს სკ-ს 170-ე მუხლის საფუძველზე, შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

მოცემულ შემთხვევაში ს-ი, არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში არ იმყოფება. მან აუქციონზე შეიძინა ბინა და სურს თვითონ ფლობდეს შეძენილ ქონებას. სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხე პ-ეს დღეისათვის სადავო ბინის ფლობის უფლება აღარ აქვს, რის გამოც სწორად დაკმაყოფილდა ს-ის სარჩელი.

პალატა ვერ გაიზიარებს პ-ის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგან აუქციონი ჩატარდა კანონის დარღვევით. დღეისათვის აუქციონის შედეგები კანონიერ ძალაშია და პ-ეს არ შეუტანია სარჩელი მისი გაუქმების მოთხოვნით. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პ-ის მოსაზრებას, რომ სასამართლომ საქმეში არ ჩართო მისი მეუღლე. აღნიშნული საკითხი სსკ-ს მე-3 მუხლიდან გამომდინარე შეიძლება, რაც გულისხმობს დისპოზიციურობის პრინციპს. დააყენოს არა კასატორმა, არამედ მისმა მეუღლემ.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.