Facebook Twitter

¹3კ-490-03 29 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

შეგებებულ სარჩელში: ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმება და სადავო საცხოვრებელი სახლის თანაამშენებლად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თელავში ..... მდებარე სახლის მესაკუთრე იყო თ. ო-ის დედა ნ. ა-ი.

1973 წელს თ. ო-ის ძმა გ. ო-ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ბ. თ-თან. მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ბ. ო-ი დაბადებული 19.... წელს და ა. ო-ი დაბადებული 19..... წელს.

გ. ო-ის და ბ. თ-ის ოჯახი ცხოვრობდა ქ. თელავში ..... მდებარე საცხოვრებელ სახლში. სახლის მესაკუთრე იყო გ. ო-ის დედა ნ. ა-ი.

ოჯახური უსიამოვნების გამო ბ. თ-ს გ. ო-მა მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის გამოც ეს უკანასკნელი მსჯავრდებული იქნა თელავის რაიონული სასამართლოს 1988წ. 26 მაისის განაჩენით.

თელავის რაიონული სასამართლოს 1988წ. 26 მაისის გადაწყვეტილებით ბ. თ-ს სარგებლობის უფლებით გამოეყო დედამთილის კუთვნილი სახლის ნაწილი.

გ. ო-სა და ბ. თ-ს შორის ქორწინება შეწყდა 1991წ. 18 ივლისს.

1999წ. 23 მარტს გარდაიცვალა გ. ო-ი.

2000წ. 11 დეკემბრის ხელშეკრულებით ნ. ა-მა მის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი აჩუქა ქალიშვილს თ. ო-ს.

2001წ. თებერვალში თ. ო-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ბ. თ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

ბ. თ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და სადავო საცხოვრებელი სახლის თანაამშენებლად ცნობა.

ქ. თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ო-მა და ბ. თ-მა.

სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის განჩინებით ბ. თ-ის საჩივარი დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

აღნიშნულ განჩინებაზე ბ. თ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც არ იქნა დაკმაყოფილებული სააპელაციო პალატის 2002წ. 11 იანვრის განჩინებით და კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. თ-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ. თ-ი გამოსახლებული იქნა ბინიდან სამაგიერო საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე ბ. თ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 19 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა ბ. თ-ის საკასაციო და კერძო საჩივრები. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, 2001წ. 26 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბ. თ-ის სააპელაციო საჩივარი. დაკმაყოფილდა თამარ ოკოლიტის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება ბ. თ-ის გამოსახლებაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. ო-ის სარჩელი.

ბ. თ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა სადავო სახლის მშენებლობაში მისი მონაწილეობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბ. თ-ი და გ. ო-ი 1973 წლიდან 1991 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

თელავის რაიონული სასამართლოს 1988წ. 26 მაისის გადაწყვეტილებით ბ. თ-ის სადავო სახლიდან ფართი გამოყოფილი ჰქონდა სარგებლობის უფლებით. იმ დროისათვის მოსარჩელეს არ წამოუყენებია პრეტენზია ბინის ნაწილის მიკუთვნებაზე.

ბ. თ-სა და გ. ო-ს შორის ქორწინება შეწყდა 1991წ. 18 ივნისს.

საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 22-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად ბ. თ-ს ქორწინების შეწყვეტიდან სამი წლის განმავლობაში ჰქონდა უფლება მოეთხოვა წილი ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან. ნ. ა-ის სახელზე რიცხული სახლის კეთილმოწყობაში მონაწილეობის მიღებით ბ. თ-ი ვერ გახდებოდა თანამესაკუთრე, რადგან ამ უკანასკნელსა და ნ. ა-ს შორის არ არსებობდა შეთანხმება საერთო საკუთრების შექმნაზე.

სკ-ს 173-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საერთო (თანაზიარიანი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ბ. თ-ს ვერ წარმოეშობოდა საკუთრების უფლება კანონის ძალით, ხოლო გარიგება საერთო საკუთრების შექმნის შესახებ არ ყოფილა დადებული.

2000წ. 20 დეკემბრის ნაჩუქრობის ხელშეკრულება ნ. ა-სა და თ. ო-ს შორის გაფორმებულია სკ-ს 524-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო პალატამ სადავო ბინიდან ბ. თ-ის გამოსახლების საკითხის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლები. ბ. თ-ი არ შეიძლება ჩაითვალოს უკანონო მფლობელად, რადგან ეს უკანასკნელი სადავო ბინაში ცხოვრობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

სკ-ს ნორმები ითვალისწინებს მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტას, თუ მესაკუთრე მფლობელს წარუდგენს დასაბუთებულ პრეტენზიას. საქმის ხელახლა განხილვისას დადგენილ უნდა იქნას თ. ო-ის მოთხოვნა მისი კუთვნილი ბინიდან ბ. თ-ის გამოსახლების თაობაზე შეიძლება თუ არა ჩაითვალოს დასაბუთებულ პრეტენზიად.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თ. ო-ი თანახმაა გადაუხადოს ბ. თ-ის გარკვეული თანხა სხვა საცხოვრებელი ბინის შესაძენად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს მხარეთა შორის დავის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს თ. ო-ის სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. საქმე ამ ნაწილში ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.