Facebook Twitter

3კ-491-03 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ქორწინების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. დ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ს. მ-ის მიმართ გ. დ-ისა და ს. მ-ის ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის ძმა გ. დ-ი გარდაიცვალა 2001წ. 27 თებერვალს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით, რის შემდეგაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 2000წ. 16 ოქტომბერს ვ. დ-ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარებულია მოპასუხესთან, თუმცა მხარეებს არ ჰქონდათ განსაზღვრული ოჯახის შექმნა. მოსარჩელის აზრით, ქორწინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან მისი ძმა ინსულტის გამო იყო უმძიმეს მდგომარეობაში და არაქმედუნარიანი. გ. დ-ს და მოპასუხეს მოკლევადიანი თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეეძინათ. გ. დ-ის ქმედუუნარობა დასტურდება მისი მკურნალი ექიმის დასკვნიდან.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ გ. დ-ის ქმედუუნარობა არ მტკიცდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. დ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი მოტივებით: ქორწინება სკ-ს 1140-ე მუხლის თანახმად ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი თუ დაირღვა 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გ. დ-ის ქმედუუნარობის შესახებ მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. სკ-ს 1145-ე მუხლის თანახმად სარჩელი მეორე მეუღლის ან მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს არ მოუთხოვია. ქორწინების ჩაწერის აქტზე მოწმის, გ. ქ-ის ხელმოწერის სიყალბე არ დგინდება.

ნ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ზემოაღნიშნული სააპელაციო გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:

1. 2000წ. 16 ოქტომბერს სადავო ქორწინება ვერ მოხდებოდა, რადგან 13 ოქტომბერს გ. დ-ი იყო ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში და არ შეეძლო ხელი მოეწერა ქორწინების ჩანაწერის აქტზე, რაც დასტურდება მისი მკურნალი ექიმის ცნობით და მოწმეთა ჩვენებებით.

2. აღნიშნულ აქტზე გ. დ-ის ხელმოწერა, რომ არ არის დადგენილია 2001წ. 25 ივლისის საექსპერტო დასკვნით, ხოლო დანარჩენი ექსპერტიზები არცერთი არ ადასტურებს ამ აქტზე გ. დ-ის ხელმოწერას და დასკვნები არის სავარაუდო.

3. ქორწინების აქტზე გ. დ-ის ხელმოწერაც, რომ იყოს, იგი ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, რადგან მასში არ არის ასახული გ. დ-ის ნება თანახმად სკ-ს 1107-ე მუხლისა, ხოლო ამავე კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასეთი დარღვევით მომხდარი ქორწინება ბათილია.

4. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ გ. დ-ი სასამართლოს მიერ არ იყო ცნობილი ქმედუუნაროდ, რის გამოც ქორწინების ბათილობის საფუძველი არ არსებობს. სკ-ს 58-ე მუხლის მეორე ნაწილით “ბათილია ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიური მოშლილობის დროს”. სწორედ ასეთი მდგომარეობა ჰქონდა გ. დ-ს 2000წ. 16 ოქტომბერს. ამდენად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 58-ე მუხლის მეორე და არა პირველი ნაწილი.

5. სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია არა მარტო ქორწინების ფიქტიურობა, არამედ სააქტო ჩანაწერის სიყალბე, რისი უფლებაც მოსარჩელეს გააჩნია და სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სკ-ს 1145-ე მუხლით მოსარჩელეს ქორწინების ბათილობის მოთხოვნის უფლება არა აქვს, არასწორია. ქორწინების ჩანაწერის აქტის სიყალბე დასტურდება იმითაც, რომ აქტის ნომერია 8, სერია ¹...... , მაშინ, როდესაც ს. მ-ზე გაცემულა ¹216 აქტის ჩანაწერი სერიის ნომერია ...... , ამასთან მოწმედ დასახელებულმა გ. ქ-ემ უარყო ქორწინებაზე დასწრების ფაქტი. სასამართლომ არ გამოარკვია, რა პატივსაცემი მიზეზით მოხდა ქორწინება შეტანიდან ერთი თვის გასვლამდე სკ-ს 1110-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით და რატომ მოხდა ქორწინების რეგისტრაცია სახლში. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1445-ე მუხლი და 58-ე მუხლის პირველი ნაწილი და უნდა გამოეყენებინა 58-ე მუხლის მეორე ნაწილი, 1107-ე, 1106-ე და 1140-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2000წ. 16 ოქტომბერს გ. დ-ი და ს. მ-ი გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. 2001წ. 27 თებერვალს გარდაიცვალა გ. დ-ი. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ გ. დ-სა და ს. მ-ს შორის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა და იგი ნამდვილი იყო. ამასთან, ქორწინების მარეგისტრირებელი ორგანო ფასანაურის სადაბო საკრებულო ქორწინებას სადაოდ არ ხდის.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს ამ სახის პრეტენზია ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ წარმოუდგენია.

დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება, რომ გ. დ-ის ნება ქორწინებისას ნამდვილი არ იყო. დასტური იმისა, რომ ქორწინების დროს გ. დ-ი ვერ აცნობიერებდა თავის მოქმედებას საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სკ-ს 58-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გარიგების ბათილობაზე. აღნიშნული ნორმით ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს. პირის ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებად საქმეში წარმოდგენილი პროფესორ ნ. კ-ის სახელობის საგზაო კლინიკური საავადმყოფოს ნევროპათოლოგ ნ. ა-ის მიერ გაცემული ცნობა საკმარისად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან, მისი უტყუარობა სხვა რაიმე მტკიცებით არ დგინდება.

ამასთან, ცნობაში ასახულია გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2000წ. 13 ოქტომბრისათვის, ხოლო სადავო ქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2000წ. 16 ოქტომბერს, რა დროისთვისაც გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ქორწინების შემაფერხებელი გარემოება არ დასტურდება.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზეც, რომ ნ. დ-ის სარჩელი გ. დ-სა და ს. მ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ, თავისი იურიდიული ბუნებით აღიარებითი სარჩელია. სსკ-ს 180-ე მუხლით კი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ ნორმის ანალიზით აშკარაა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო საკითხისადმი, რაც მითითებული უნდა იყოს სარჩელში. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ვერ დგინდება თუ სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის რა დადებითი სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები კანონის დარღვევის გარეშეა დადგენილი და შეფასებული, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.