Facebook Twitter

¹3კ-492-03 14 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: უკანონო ხელისშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 13 მარტს შ. კ-ემ, ხოლო იმავე დღეს ქ. რ-მა თ. და გ. ლ-ების წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ შ. კ-ე დაბა .......-ში საკუთრების უფლებით ფლობს 0,06 ჰა მიწის ნაკვეთს, ხოლო ქ. რ-ი – 0,16 ჰა მიწის ნაკვეთს.

ნაკვეთის მეზობლად მცხოვრები დედა-შვილი თ. და გ. ლ-ები არ აძლევენ ნაკვეთის გამოყენების საშუალებას. მათ თვითნებურად მოხსნეს შემოღობილი ნაწილი და პრეტენზიას აცხადებენ ამ მიწის ნაკვეთზე.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეთა უკანონო ხელის შემშლელი მოქმედების აღკვეთა.

მოცემული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

მოცემულ საქმეზე 2002წ. 26 აპრილს დაიწყო მთავარი სხდომა, მაგრამ იმავე დღის საოქმო განჩინებით სხდომის გაგრძელება დაინიშნა იმავე წლის 10 მაისისათვის. აღნიშნულის შესახებ ხელწერილით გაფრთხილდნენ მოპასუხეები.

2002წ. 10 მაისს სხდომა არ შედგა და იგი გადაიდო 27 მაისისათვის. სხდომის გადადების შესახებ ეცნობა გ. ლ-ს, მანვე აიღო ვალდებულება, რომ გაეფრთხილებინა მოპასუხე თ. ლ-ი და მისი ადვოკატი სხდომის დროს და ადგილის შესახებ.

2002წ. 27 მაისს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული პირველადი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 15 ივლისს მიღებული განჩინების გაუქმების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეებს ჯერ კიდევ 2002წ. 17 აპრილს სათანადო წესის დაცვით ეცნობათ სხდომის ადგილის და დროის შესახებ, მაგრამ სხდომაზე არ გამოცხადდა გ. ლ-ი. საქმის განხილვა დაინიშნა 26 აპრილს და თ. ლ-ს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ იგი უზრუნველყოფდა სასამართლო პროცესზე შვილის გამოცხადებას. 26 აპრილს სხდომაზე გამოცხადდა ორივე მოპასუხე, მაგრამ მათივე შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა გადაიდო 10 მაისისათვის. 10 მაისს სხდომაზე არ გამოცხადდა თ. ლ-ი. სხდომა გადაინიშნა 27 მაისისათვის, რის შესახებაც გაფრთხილდა გ. ლ-ი, რომელსაც ჩამოერთვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ დედის გაფრთხილებას უზრუნველყოფდა თვითონ, მაგრამ 27 მაისის სხდომაზე არცერთი მოპასუხე არ გამოცხადდა.

ის გარემოება, რომ მოპასუხეები ბოლო სხდომაზე არ იყვნენ მიწვეულნი სსკ-ს 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ფორმალური ხასიათის იყო და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა.

2003წ. 17 თებერვალს მოპასუხეებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

კასატორებმა მიუთითეს, რომ სს-ს 233-ე მუხლის პორველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე არ იყო მოწვეული სსკ-ს 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მართალია, გ. ლ-მა იცოდა სხდომის დღე და იგი მისთვის ჩამორთმეული ხელწერილის შესაბამისად ვალდებულებას კისრულობდა სასამართლო პროცესზე დედის გამოცხადების თაობაზე, მაგრამ ეს ხელწერილი არ იყო შედგენილი სსკ-ს 72-ე მუხლის შესაბამისად, ამიტომ ითვლება, რომ 2002წ. 27 მაისის სასამართლო სხდომის ჩატარების შესახებ უწყება არ ჩაბარებიათ და სასამართლოს არ შეეძლო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის შესაბამისად უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებისათვის უწყება 2002წ. 27 მაისისათვის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შესახებ არ გაუგზავნიათ. 27 მაისს სასამართლო სხდომის ჩატარების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა მხოლოდ ერთი მოპასუხე – გ. ლ-ი, რომელსაც ჩამოერთა ხელწერილი მეორე მოპასუხე თ. ლ-ის სასამართლო სხომაზე გამოცხადების უზრუნველყოფის შესახებ, მაგრამ პირადად თ. ლ-ი სასამართლოს 27 მაისის სხდომის ჩატარების თაობაზე არ გაუფრთხილებიათ და არც გ. ლ-ისათვის განუმარტავს არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2002წ. 27 მაისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები არ იყვნენ მოწვეულნი სსკ-ს 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ამიტომ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმეზე მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 27 მაისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები მართლაც არ იყვნენ მოწვეულნი კანონით დადგენილი წესით, რაც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, ხოლო ამავე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონით დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაიონული სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ 2002წ. 27 მაისის სხდომაზე სსკ-ს 72-ე მუხლის შესაბამისად მხარის მოუწვევლობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, არასწორია, ვინაიდან ამ წესის დარღვევა თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას იწვევს, ამ წესის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება – მის გაუქმებას, ხოლო ამ წესების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება ამ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას წარმოადგენს და საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია.

საქმის შემჭდროებულ ვადებში განხილვის მიზნით საკასაციო სასამართლოს სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. და გ. ლ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება და საქმე არსებითად განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.