Facebook Twitter

¹3კ-495-03 30 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ანაბრის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე “თ-ისათვის” 12689 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 26 ივლისს მან ანგარიში გახსნა სს “თ-ში” და შეიტანა 6500 აშშ დოლარი, რაზედაც გაფორმდა ხელშეკრულება. მოგვიანებით ბანკიდან გამოიტანა მხოლოდ 300 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხის დაბრუნებას მოპასუხე თავს არიდებს. მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი დარჩა 6190 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მან პირველად, 2001წ. 1 სექტემბერს მიმართა ბანკს და უარი მიიღო თანხის დაბრუნებაზე. აღნიშნული დღიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით, რაც მოსარჩელის გაანგარიშებით შეადგენს 6499,5 აშშ დოლარს. მოსარჩელის გაანგარიშებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ სულ უნდა დაეკისროს 12689 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა გადაუხადოს მოპასუხეს ძირითადი თანხა _ 5783,7 აშშ დოლარი და 2001წ. 19 ნოემბრიდან 2002წ. 1 მარტამდე პერიოდზე ჯარიმის ნაწილი.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ სს “თ-ს” დაეკისრა ძირითადი თანხის _ 5783 აშშ დოლარისა და ჯარიმის, 6499 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება “თ-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტი მიუთითებდა, რომ მოსარჩელემ ვერაფრით დაასაბუთა, რომ მან ბანკს თანხის დაბრუნების შესახებ 2001წ. 1 სექტემბერს მიმართა. ამიტომ, საურავის დარიცხვა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ პირველი წერილობითი მოთხოვნა თანხის გაცემის თაობაზე რეგისტრირებულია ბანკში 2001წ. 19 ნოემბერს. საურავის დარიცხვა უნდა შეწყდეს 2002წ. 1 მარტიდან, როდესაც დაიწყო ბანკის ლიკვიდაცია და მას ჩამოერთვა ლიცენზია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯარიმის 6499,5 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს “თ-ს” ე. ფ-ის სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისრა 2024,3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ბანკს მიმართა თანხის დაბრუნების მოთხოვნით 2001წ. 1 სექტემბერს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ე. ფ-ემ ვერ წარმოადგინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს, რომ ვ. ფ-ემ თანხის დაბრუნება პირველად მოითხოვა 2001წ. 19 ნოემბერს, რაზეც საქმეში არსებობს წერილობითი მტკიცებულება, მაგრამ ბანკმა არ შეასრულა მისი ვალდებულება. პალატამ გაიზიარა ბანკის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საურავის დარიცხვა უნდა მოხდეს ვადაგადაცილებულ საბანკო და არა კალენდარულ დღეზე, ვინაიდან ეს დადგენილია ხელშეკრულების 2.1.6 მუხლით, ხოლო საბანკო დღე გულისხმობს სამუშაო დღეს უქმე და სადღესასწაულო დღეების გამოკლებით.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-ემ. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ვერ მიიჩნია 2001წ. 1 სექტემბერს მის მიერ ბანკისადმი თანხის მოთხოვნის ფაქტი. სინამდვილეში კი თანხის მოთხოვნა მოხდა 1 სექტემბერს. კასატორის მითითებით, მან დააყენა შუამდგომლობა, რათა საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულიყვნენ “თ-ის” გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე დ. ბ-ე და მისი მოადგილე ნ. ბ-ე, რომლებიც დაამტკიცებდნენ 2001წ. 1 სექტემბერს ბანკისადმი თანხის მოთხოვნით მიმართვის ფაქტს.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო ნორმები, ვინაიდან მან უარი თქვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა შემოწმებაზე. სასამართლომ არასწორად და ტენდენციურად განმარტა სსკ-ს 102-ე მუხლის III ნაწილი, ვინაიდან არცერთ კანონსა და ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, რომ მენაბრეს თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიემართა ბანკისათვის.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისადმი დაკისრებული ჯარიმის ნაწილში და მოპასუხეს დაეკისროს 2949,692 აშშ დოლარის გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო კოდექსი მარტივი სასესხო ურთიერთობების დროსაც კი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით მტკიცებულებას. სკ-ს 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

საბანკო-საკრედიტო ურთიერთობები წარმოადგენს სასესხო ურთიერთობების შედარებით რთულ ფორმას. ურთიერთობებში მხარეთა მიერ განხორციელებულ თითოეული მოქმედებისათვის განსაზღვრულია სპეციალური ფორმა, რომლის დაცვა სავალდებულოა, როგორც საკრედიტო ორგანიზაციისათვის, ისე მისი კლიენტისათვის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000წ. 28 აპრილის ¹132 ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირების საბანკო ოპერაციების წარმოების წესის მე-4 მუხლის თანახმად, მეანაბრისათვის ანგარიშის გახსნა წარმოებს მის მიერ ანაბარზე ნაღდი ფულის შეტანის თაობაზე განცხადების ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე.

წესების თანახმად, თანხის შეტანა და გატანა ხორციელდება შემოსავალ-გასავლის ორდერების შესაბამისად, რომელიც ფორმდება წერილობითი განცხადების საფუძველზე.

მეანაბრემ, რომელიც ედავება ბანკს, თავისი მოთხოვნები უნდა დაამტკიცოს წერილობითი მტკიცებულებებით. კანონმდებლობის შესაბამისად მხარეთა შორის საანაბრო ან საკრედიტო ურთიერთობის დასადასტურებლად საჭიროა წერილობითი დოკუმენტის არსებობა, ასევე, აუცილებელია ამ ურთიერთობებში განხორციელებული გარკვეული მოქმედებების დასადასტურებლად წერილობითი მტკიცებულებების არსებობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.