3კ-496-03 15 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
კასატორების მოთხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ქ-ამ და ნ. ქ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების მე-12 და მე-15 ყრილობების შედეგების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების 1997წ. 15 მაისის მე-11 ყრილობის შედეგები არჩევნების ნაწილში და ორგანიზაციის ადმინისტრაციას დაევალა უზრუნველეყო გამგეობის და პრეზიდიუმის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება საზოგადოების წესდების მოთხოვნათა დაცვით. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, გაუქმებულმა, არაუფლებამოსილმა ადმინისტრაციამ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 1997წ. 5 აგვისტოს, კვლავ კანონის დარღვევით ჩაატარა რიგგარეშე მე-12 ყრილობა: არჩევნები უნდა ჩაეტარებინა მე-10 ყრილობის მიერ არჩეულ ადმინისტრაციას, ყრილობა კი ჩაატარა მე-11 ყრილობის მიერ არჩეულმა უკვე ბათილად ცნობილმა გამგეობამ და პრეზიდიუმმა. მოსარჩელეთა განმარტებით, ასევე კანონის დარღვევით იქნა ჩატარებული საზოგადოების მე-15 ყრილობა, რადგან ეს ყრილობა ჩაატარა მე-12 ყრილობის მიერ არჩეულმა გამგეობამ. დარღვეული იქნა წესდების მე-15 პარაგრაფის მე-4 მუხლის მოთხოვნა: ფილიალებში ჩატარებული კრება კვორუმის არარსებობის გამო უფლებამოსილი არ იყო, მიეღო გადაწყვეტილება.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩატარდა მე-12 ყრილობა, რომელმაც გამოასწორა მე-11 ყრილობის მიერ დაშვებული შეცდომები. ასევე კანონიერად, წესდების მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა მე-15 ყრილობა.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: გაუქმდა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების 1997წ. 5 აგვისტოს ჩატარებული მე-12 ყრილობის დადგენილება არჩევნების შედეგების ნაწილში, ასევე უსინათლოთა კავშირის 2001წ. 7 სექტემბრის მე-15 ყრილობის დადგენილება არჩევნების შედეგების ნაწილში. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ უსინათლოთა კავშირის ახალმა ადმინისტრაციამ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ჩაატარა რიგგარეშე მე-12 ყრილობა. მე-12 ყრილობა ჩაატარა მე-11 ყრილობის მიერ არჩეულმა გამგეობამ, რისი უფლებაც არ ჰქონდა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი გაუქმებული იყო. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მე-15 ყრილობის ჩატარების დროს დარღვეული იყო საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდების მოთხოვნები, კერძოდ, ფილიალების კრებები უფლებამოსილი არ იყო, კვორუმის არარსებობის გამო აერჩია დელეგატები.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების 1997წ. 5 აგვისტოს ჩატარებული რიგგარეშე მე-12 ყრილობის დადგენილების გაუქმების ნაწილში ხანდაზმულია. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას საქართველოს უსინათლოთა კავშირის მე-15 ყრილობის დადგენილების გაუქმების შესახებ არჩევნების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ყრილობის ჩატარების დროს წესდების მოთხოვნები არ დარღვეულა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ა. ქ-ამ და ნ. ქ-ემ, რომლითაც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: 1997წ. 19 სექტემბერს ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის გამო გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს, რადგან გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, მათი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ქ-ასა და სხვათა სარჩელი და საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების 1997წ. 15 მაისის ყრილობის დადგენილება არჩევნების ჩატარების ნაწილში გაუქმდა. საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების ადმინისტრაციას დაევალა გამგეობისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა უსინათლოთა საზოგადოების წესდების მოთხოვნათა დაცვით. ამავე სასამართლოს 1998წ. 1 სექტემბრის განჩინებით მოხდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება. განმარტების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უსინათლოთა საზოგადოების მე-10 მოწვევის გამგეობის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეებისა და მისი წევრების უფლებამოსილება აღსდგა. მათ უნდა უზრუნველეყო მორიგი ყრილობის მოწვევა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 1997წ. 5 აგვისტოს, მე-11 ყრილობის მიერ არჩეულმა გამგეობამ მოიწვია რიგგარეშე მე-12 ყრილობა და აირჩია საზოგადოების ადმინისტრაცია. ისნის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დღეისათვის კანონიერ ძალაშია. გადაწყვეტილების საფუძველზე ამოწერილია აღმასრულებელი ფურცელი და მიმდინარეობს აღსრულება. ასეთ პირობებში პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება მე-12 ყრილობის შედეგების ბათილობის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ არასწორია, რადგან ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოწერილია საარსრულებო ფურცელი, ხოლო მე-12 ყრილობის შედეგების ძალაში დატოვების შემთხვევაში ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, რაც კანონით დაუშვებელია. კონსტიტუციის 82-ე მუხლის 2 პუნქტის თანახმად “სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”. გარდა ამისა, უსინათლოთა საზოგადოების რიგგარეშე მე-12 ყრილობის შედეგების კანონიერების შემოწმების გარეშე შეუძლებელია მე-15 ყრილობის შედეგებზე მსჯელობა, რადგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მე-12 რიგგარეშე ყრილობა კანონის დარღვევით იყო ჩატარებული და კანონის დარღვევით იქნა არჩეული გამგეობა, ეჭვისქვეშ დადგება შემდგომი არჩევნების კანონიერების საკითხიც. ხელახლა განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს უსინათლოთა საზოგადოების რიგგარეშე მე-12 ყრილობის კანონიერების შესახებ და ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ქ-ასა და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.