Facebook Twitter

¹3კ-499-03 14 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 30 იანვარს მ. შ-მა სს “ე-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისში ..... 2002წ. 30 იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაუზიანდა ბინა. ხანძრის გაჩენა გამოიწვია სს “ე-ის” ბრალეულმა უმოქმედობამ. ზიანის ოდენობა განისაზღვრა 5000 ლარით.

მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული თანხის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ტრანსფორმატორიდან გამავალ ხაზებზე მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ხანძარი ნამდვილად გაჩნდა ელექტროენერგიის შედეგად, მაგრამ არა ტრანსფორმატორის გაუმართაობით, არამედ _ მობინადრეების მიერ “მარცხენა” ხაზების გაყვანით.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს “ე-ის” სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ელექტროჯიხური, საიდანაც ხანძრის გაჩენის დროს საცხოვრებელი სახლი ელექტროენრგიით იკვებებოდა, ტექნიკურად გაუმართავი იყო. მასში დაყენებული იყო არასტანდარტული დამცველები და დაფიქსირებულ იქნა ე.წ “მარცხენა” ხაზები, რომლის პირველადი მოკლე ჩართვა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოსარჩელეს ზიანი მიადგა სს “ე-ის” ბრალეული მოქმედებით, კერძოდ ე.წ “მარცხენა” ხაზებით, რომელიც “ე-ის” ელ. ჯიხურში იქნა დაფიქსირებული და რომლის ჩაჭრაც მასვე ევალებოდა, ამიტომ სკ-ს 992-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა აანაზღაუროს სს “ე-მა”.

2003წ. 30 იანვარს სს “ე-მა” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, ან ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ ხანძარი არ გამოუწვევია ელ. ჯიხურის გაუმართაობას. ხანძარი გამოწვეული იყო საცხოვრებელი სახლის სხვენში გაყვანილი ე.წ “მარცხენა” სადენებით, რაც თვით მობინადრეების მიერ იყო გაყვანილი თვითნებურად, ამიტომ, მისი მოსაზრებით, შედეგი გამოწვეულია აბონენტთა ბრალით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა სხვენში შემავალი ე.წ “მარცხენა” სადენების პირველადი მოკლე ჩართვა, რომელიც სხვენში ეხებოდა ხის საფენს. ელექტროჯიხური, რომლითაც იკვებებოდა საცხოვრებელი სახლი, ხანძრის გაჩენისას ტექნიკურად გაუმართავი იყო – იქ დაყენებული იყო არასტანდარტული დამცველები. ჯიხურში დაფიქსირებულ იქნა ე.წ “მარცხენა” ელ. ხაზების არსებობა, რომლებიც მიერთებული იყო ტრანსფორმატორის ე.წ “შინებზე” ყოველგვარი დამცველის გარეშე.

დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ტრანსფორმატორში მიერთებული ე.წ “მარცხენა” სადენის მსგავსი სადენი იქნა აღმოჩენილი ხანძრის კერის მიდამოშიც.

დადგენილია, რომ სატრანსფორმატორო ჯიხური, რომელიც კვებავს ჩიტაიას ¹1-ში მდებარე სახლს, ირიცხება სს “ე-ის” ბალანსზე, ხოლო ე.წ “მარცხენა” სადენების ჩაჭრას, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს “ე-ი”.

უდავოდ დადგენილია ფაქტი იმის შესახებ, რომ ელექტრო ჯიხური წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და სკ-ს მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამა, თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე, ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან წარმოებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში, ან აფეთქებად საშიში, შხამიანი, ანდა მომწამვლელი ნივთიერებებისგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუ კი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებად-საშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერებების მფლობელის მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.

მოცემულ შემთხვევაში ელექტრო ჯიხურიდან, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა ..... მდებარე სახლს, გაყვანილი ე.წ. “მარცხენა” სადენით ხდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება, რაც მიზეზი გახდა მოცემული ხანძრისა. ამ ჯიხურიდან სათანადო წესების დარღვევით გამავალი ელექტროენერგია თავისთავად წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის შემცველს, ამიტომ ამ ნაგებობის მფლობელი თავისთავად ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. მართალია, სკ-ს 415-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული და ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის შესაბამისად ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედებაში თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ ხანძრის გაჩენაში რაიმე ბრალი მიუძღვის მოსარჩელეს.

აქედან გამომდინარე, თავისთავად, გამოყენებული ვერ იქნება სკ-ს 415-ე მუხლი და ვერ შემცირდება ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ე-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.