¹ 3კ-501-03 10 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. მ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით შემდეგი მოტივებით: მ. ჩ-ემ 1992წ. მარტში მ. კ-ისგან შეიძინა ქ. გორში, ..... მდებარე ბინა. შეძენის დღიდან მოსარჩელე აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს. სარჩელის შეტანამდე, დაახლოებით ორიწ. წინ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეს ჯერ კიდევ მ. კ-ის აღნიშნულ ბინაში ცხოვრების პერიოდში უკანონოდ მიუთვისებია და შეუვიწროებია მათ ბინასთან გასასვლელი გზის ნაწილი. მ. ჩ-ე სკ-ს 172-ე მუხლზე მითითებით ითხოვს მოპასუხის მიერ მითვისებული 1,80 მ გზის ფართის დაბრუნებას.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: სადავო საზღვრების გავლება მ. ჩ-ესა და ნ. კ-ეს შორის მოხდეს დასკვნაზე თანდართული ¹3 ნახაზის მიხედვით. ჩ-ის ნაკვეთი გადაიწევს ნ. მ-ის ნაკვეთის მხარეს ერთი მეტრით თავსა და ბოლოში და ამ ბოლოებს შორის გაივლება ლარი. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო ეზო საერთო სარგებლობისაა და არავის საკუთრებას არ წარმოადგენს. საქმეში არ მოიპოვება სადავო მიწის ნაკვეთზე მ. ჩ-ის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, მ.ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
მ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: მოწინააღმდეგე მხარეს უკანონოდ მითვისებული აქვს კასატორის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზის ნაწილი. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მ. ჩ-ეზე აღრიცხულია 323 კვ.მ მიწის ფართობი, ხოლო ნ. მ-ზე _ 207 კვ.მ. სპეციალისტის დასკვნით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ კასატორი ფაქტობრივად 20 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნაკლებს ფლობს, რაც ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუთვალისწინებია სააპელაციო პალატას, რის გამოც გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ მ. ჩ-ემ 1992წ. 18 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. კ-ისაგან შეიძინა ქ. გორში, ..... მდებარე ერთსართულიანი 37,74 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი 42,4 კვ.მ დამხმარე ფართით, განლაგებული 116 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენდა 323 კვ. მეტრს. ინჟინერ ექსპერტის 2002წ. 12 აპრილის დასკვნით, ადგილზე ჩატარებული მიწის ნაკვეთის აზომვით მ. ჩ-ეს ფაქტობრივად უკავია 300 კვ.მ მიწის ფართობი.
ასევე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოებებიც, რომ ქ. გორში, ..... მდებარე ეზო საერთო სარგებლობაშია და საჯარო რეესტრის მონაცემებით მოდავე მხარეთა საკუთრებაში აღრიცხული არ არის.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით მ. ჩ-ის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვაზე უსაფუძვლოდ ცნო იმ მოტივით, რომ მ. ჩ-ეს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებული დოკუმენტი არ გააჩნია, რითაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით კასატორი მ. ჩ-ე ქ. გორში, ..... მდებარე 37,74 კვ.მ სახლის მესაკუთრეს და ამავე მისამართზე განთავსებული 323 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს. სკ-ს 1513-ე მუხლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სკ-ს ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სკ უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. მითითებული ნორმით მოწესრიგდა რა საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა უფლებები მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, მას საფუძვლად დაედო ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის ძალითაც ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი (შენობა-ნაგებობანი) ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში მ. ჩ-ეს არ გამოუყენებია რა სკ-ს 1513-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება კანონით დადგენილი წესით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობაზე, კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხული არ არის. თუმცა აღნიშნული გარემოება მ. ჩ-ეს, ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, უფლებას არ ართმევს მოითხოვოს მართლზომიერი მფლობელობის განხორციელების უკანონო ხელის შეშლის აღკვეთა (იხ. სკ-ს 159-ე და 161-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც, სსკ-ს 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და იგი უნდა გაუქმდეს.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მოდავე მხარეთა კანონიერ სარგებლობაში აღრიცხული მიწის ნაკვეთების ფართობის შესაბამისობა ფაქტობრივ ფლობასთან, აგრეთვე, სადავო შესასვლელი გზის ნაწილის გაყოფის შესაძლებლობა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.