Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-503-03 21 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: დაკავებული თანხის დაბრუნება და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 5 დეკემბერს ვ. ს-მ აღძრა სარჩელი ¹21-22 სამხედრო ნაწილის ჰიდროგრაფიული სამსახურის ადმინისტრაციის მიმართ უკანონოდ დაკავებული თანხის დაბრუნებისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 1993 წელს მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციაში მუშაობა დაიწყო მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ...ად და დაენიშნა ხელფასი 4,5 კოეფიციენტის გაანგარიშებით 1998წ. 27 ნოემბერს ¹92 ბრძანების თანახმად იგი დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან “ჰიდროგრაფიის სამსახურის ახალ საშტატო განაკვეთზე გადასვლასთან დაკავშირებით”. ქ.ფოთის სასამართლოს 1999წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ.ს- აღდგენილ იქნა თანამდებობაზე სამი თვის განაცდურის ანაზღაურებით. ამჟამად მუშაობს სანავიგაციო ინფორმაციისა და კორუფციის განყოფილების ....ად და ეძლევა ხელფასი 100 ლარის ოდენობით.

ვ.ს-ს განმარტებით, აღადგინეს რა სამსახურში, განაცდურის ანაზღაურების უწყისიდან დაუკავდა 90 ლარი. მოლარის განმარტებით, აღნიშნული თანხა დაუკავდა ავანსად _ აკუმულატორების შესასყიდად, რაც უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან მასზე გაცემული 200 ლარის ღირებულების 4 ცალი აკუმულატორი ჩააბარა საწყობში და გააჩნია შესაბამისი ფაქტურა. 1998წ. დეკემბრის თვეში მას დამატებით წარმოუდგინეს ¹92 ბრძანება, სადაც კადრების ინსპექტორის მიერ აღნიშნულია, რომ ვ.ს-ა ბრძანებას გაეცნო 1992წ. 4 დეკემბერს და ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. რადგან აღნიშნული ბრძანება იყო კანონსაწინააღმდეგო, მოპასუხე ორგანიზაციის მიერ არასწორად დადგენილ ხელფასში კორექტირების შეტანის თაობაზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა როგორც მოპასუხე ორგანიზაციას, ისე _ კონტროლის პალატის ფოთის ბიუროს. ვინაიდან მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მან გადაწყვიტა, მიემართა სასამართლოსათვის, მაგრამ 2000 წელს მოსარჩელე გახდა შეუძლოდ, გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია და დროულად ვერ მიმართა სასამართლოს. ამჟამად ითხოვს მოპასუხე ორგანიზაციისათვის მის სასარგებლოდ 3791 ლარის დაკისრებას.

მოპასუხე ¹12-22 სამხედრო ნაწილის ჰიდროგრაფიული სამსახურის ადმინისტრაციამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანება არ გააჩნია და მის მიმართ შკკ-ს მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ს-ს სარჩელს, მოპასუხე ¹12-22 სამხედრო ნაწილის ჰიდროგრაფიული სამსახურის ადმინისტრაციის მიმართ უკანონოდ დაკავებული თანხის დაბრუნებისა და მიუღებელი ხელფასის თაობაზე, ეთქვა უარი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

მოსარჩელე ვ.ს-მ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით ვ.ს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინების გამოტანისას სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ.ს-ს ემართა ჰიდროგრაფიის სამსახურის ვალი – 90 ლარი, რომელიც ვ.ს-ს მიერ დაწესებულებისათვის მიყენებული ზარალი _ ჩაუბარებელი დიზელის საწვავისა და დიზელის ზეთის ღირებულება იყო. პალატამ იხელმძღვანელა სკ-ს 122-ე და 204-ე მუხლებით და შკკ-ს 196-ე მუხლით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებაზე ვ.ს-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება ამავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის მოცემულ საქმეზე განსჯადობის დარღვევის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ს-ა 1993 წლიდან მუშაობდა ¹12-22 სამხედრო ნაწილის ჰიდროგრაფიული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ...ად, ხოლო 1999 წლიდან ამავე სამსახურის სანავიგაციო ინფორმაციისა და კორუფციის განყოფილების ...ად.

“საქართველოს ჰიდროგრაფიის სამსახურის შესახებ” 1996წ. 3 თებერვლის დებულების თანახმად, საქართველოს ჰიდროგრაფიის სამსახური არის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მოსარჩელე ვ.ს-ა მოპასუხე ¹12-22 სამხედრო ნაწილის ჰიდროგრაფიული სამსახურისაგან, რომელიც საქართველოს საზღვაო დეპარტამენტის სტრუქტურას წარმოადგენს, მოითხოვს დაკავებული თანხის დაბრუნებასა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მოცემულ დავაში მოპასუხე ჰიდროგრაფიის სამსახური წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამდენად, იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციულ ორგანოსთან სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს მიეკუთვნება და განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების შესაბამისად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გემოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატაები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.