Facebook Twitter

¹ 3კ-505-03 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. უ.-ა მუშაობდა ...-ის რაიკოოპერატივის ¹... ფილიალში ბუღალტრის თანამდებობაზე. იგი ...-ის რაიკოოპერატივის ¹... ფილიალის დირექტორმა უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. მარტვილის რაიონული სასამართლოს 1998წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. უ.-ა აღდგენილ იქნა სამუშაოზე და მოპასუხე ორგანიზაციას დაეკისრა მის სასარგებლოდ ორი თვის კუთვნილი ხელფასის 82 ლარის გადახდა, სასამართლო ხარჯების 52 ლარი, სულ 171 ლარის და 60 თეთრის გადახდა. ...-ის რაიკოოპერატივის ¹... ფილიალის დირექტორმა ა. კ.-მ, 1998წ. 29 სექტემბრის ბრძანებით, ი. უ.-ა აღადგინა მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, ხოლო 1999წ. 18 იანვრის ბრძანებით კი გაათავისუფლა მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მარტვილის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე დ. ხ.-მ, 1999წ. 26 იანვრის ¹ 01 განკარგულებით, გააუქმა ¹... ფილიალის დირექტორ ა. კ.-ის 1999წ. 18 იანვრის ბრძანება ი. უ.-ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.

ი. უ.-მ 2002წ. მარტში, სარჩელი აღძრა სასამართლოში ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე დ. ხ.-ს, ¹... ფილიალის დირექტორ ა. კ.-ის მიმართ და მოითხოვა 1998წ. 16 სექტემბრიდან მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, რადგან ¹... ფილიალის დირექტორმა იგი არ დაუშვა სამუშაოზე და დღემდე იგი უმუშევარია. მან მოითხოვა ასევე შვებულების კომპენსაცია 1997წ. ოქტომბრიდან; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მივლინებისა და საფოსტო ხარჯების ანაზღაურება.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. უ.-ს სარჩელი. ...-ის რაიკოოპერატივის ¹... ფილიალს გადასახდელად დაეკისრა ი. უ.-ს სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასი – 98,40 ლარის, 1997წ. 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე მიუღებელი ხელფასი – 16 ლარი, იმავე პერიოდის პენსია – 24 ლარი, განაცდური ხელფასის სხვაობა 1997წ. 20 ოქტომბრიდან 1998წ. 16 სექტემბრამდე თვეში 6 ლარის გაანგარიშებით – 72 ლარი, სულ 210 ლარი და 80 თეთრი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. უ.-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი. უ.-ს სააპელაციო საჩივარი. გააუქმა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი. უ.-ზე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. ი. უ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ...-ის რაიკოოპერატივს დაევალა ი. უ.-ს სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის გადახდა – 1312 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე დ. ხ.-ს 1999წ. 26 იანვრის ¹1 განკარგულებით, გაუქმდა ¹... ფილიალის დირექტორ პ. კ.-ის 1999წ. 18 იანვრის ბრძანება ი. უ.-ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი კვლავ რაიკოოპერატივის თანამშრომელია. ამიტომ, სასამართლომ მისი მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ დააკმაყოფილა შკკ-ს 207-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა ის გარემოება, რომ ი. უ.-ს 1998წ. სექტემბრიდან არ უვლია სამუშაოზე იმ მიზეზით, რომ ¹... ფილიალის დირექტორმა პ. კ.-მ არ შეასრულა რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის, დ. ხ.-ს განკარგულება, მას არ გადააბარა საჭირო საბუთები, ამიტომ პალატამ მიუთითა, რომ ი. უ.-ა სამუშაოზე არ დადიოდა ადმინისტრაციის ბრალით.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. უ.-ს თვიური ხელფასი შეადგენდა 24 ლარს და ამ თანხის გათვალისწინებით დააკისრა მოპასუხე ორგანიზაციას, აპელანტის სასარგებლოდ 1312 ლარი.

სასამართლომ ი.უ.-ს დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები – მივლინების ხარჯების, საფოსტო ხარჯების, კუთვნილი ნამუშევრისა და პენსიის ანაზღაურების შესახებ, არ დააკმაყოფილა მტკიცებულებათა არარსებობის გამო.

...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის წარმომადგენელმა პ. კ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატას ი.უ.-მ წარუდგინა ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე დ.ხ.-ს 1999წ. 26 იანვრის ¹... განკარგულება, რომლითაც იხელმძღვანელა საოლქო სასამართლომ, ეს განკარგულება პ. კ.-ისათვის უცნობი იყო. ი.უ.-ა წლების განმავლობაში მუშაობდა ...-ის რაიკოოპერატივის ¹... ფილიალში უფროს ბუღალტრად და არა ბუღალტრად, ამიტომ ¹... ფილიალის დირექტორის 1998წ. 29 სექტემბრის ¹28 ბრძანება ი. უ.-ს სამუშაოზე აღდგენაზე კანონიერია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მიერ წარდგენილი ცნობა, იმის შესახებ, რომ ი. უ.-ს თვიური ხელფასი იყო 16 ლარი, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ი. უ.-ს ზეპირ განცხადებას და დაადგინა, რომ მისი ხელფასი 24 ლარი იყო თვეში. 52 თვეზე გადაანგარიშებით ი. უ.-ს სასამართლომ უკანონოდ მისცა 312 ლარი (6 ლარის სხვაობა), რაც უნდა გამოკლებოდა 1312 ლარს, ამ ნაწილშიც გასაუქმებელია სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ი. უ.-ა ამჟამადაც არის ¹... ფილიალის თანამშრომელი, რადგან ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის 2001წ. 7 თებერვლის დადგენილებით, ეს ფილიალი გაუქმებულია, სასამართლომ არ გამოიყენა შკკ-ს 423 მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მარტვილის რაიონული სასამართლოს 1998წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ი. უ.-ა აღდგენილი იქნა ...-ის რაიკოოპერატივის ¹... ფილიალში სამუშაოზე, მასვე აუნაზღაურდა განაცდური 1998წ. 20 მარტიდან 1998წ. 16 სექტემბრამდე 83 ლარისა და 18 თეთრის ოდენობით, ორი წლის კუთვნილი შვებულების 35 ლარი და 62 თეთრი, სასამართლო ხარჯები 52 ლარის ოდენობით, სულ 171 ლარი და 60 თეთრი ამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ¹... ფილიალის დირექტორი პ. კ.-ის 1998წ. 29 სექტემბრის ¹38 ბრძანებით ი. უ.-ა აღდგენილ იქნა მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. ¹... ფილიალის დირექტორის პ. კ.-ის 1999წ. 18 იანვრის ¹... ბრძანებით, ი. უ.-ა გათავისუფლდა სამუშაოდან უფროსი ბუღალტრის საშტატო ერთეულის შემცირებასთან დაკავშირებით.

...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე დ. ხ.-ს 1999წ. 26 იანვრის ¹1 განკარგულებით გაუქმდა ¹... ფილიალის დირექტორის 1999წ. 18 იანვრის ბრძანება ი. უ.-ას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და ფილიალის დირექტორს დაევალა ი. უ.-ა აღედგინა ბუღალტრის თანამდებობაზე, დაუყოვნებლივ შეესრულებინა სასამართლოს 1998წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, საბუთები გადაებარებინა ი. უ.-სათვის. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ი. უ.-ს 1998წ. სექტემბრიდან არ უმუშავია მოპასუხე ორგანიზაციაში ადმინისტრაციის ბრალით, იგი დღესაც ამ ორგანიზაციის თანამშრომლად ითვლება და მის მიმართ სამუშაოზე გამოუცხადებლობის გამო, არ არის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ კასატორს ამ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ი.უ.-ს სასარგებლოდ მოპასუხე ორგანიზაციისათვის მივლინების ხარჯების, საფოსტო ხარჯების, კუთვნილი ნამუშევრისა და პენსიის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ი. უ.-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებისას არასწორად გამოიყენა შკკ-ს 207-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე მუშაკს იძულებითი განაცდური ეძლევა იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ გათავისუფლებულადაა მიჩნეული პირი და იგი აღდგენილია სამუშაოზე. ი. უ.-მ კი მოცემულ შემთხვევაში მოითხოვა ის მიუღებელი ხელფასი, რომელიც მან ვერ მიიღო ადმინისტრაციის მიერ მისი სამუშაოზე აღდგენის დაყოვნების გამო. ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შკკ-ს 208-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც შრომის დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან დადგენილება უკანონოდ დათხოვნილ ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა ასეთი გადაწყვეტილების ან დადგენილების აღსრულება, მუშაკს დაყოვნების დროისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე.

სააპელაციო პალატას, ამ ნორმის შესაბამისად, უნდა გაერკვია ი. უ.-ს საშუალო ხელფასის ოდენობა იმის გათვალისწინებით, რომ ¹1 ფილიალი, რომლის თანამშრომელსაც ი. უ.-ა წარმოადგენდა, 2001წ. თებერვლიდან რეორგანიზებულია. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის წარმომადგენელი პ. კ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.