Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№695აპ-23 თბილისი

ჩ. დ., 695აპ-23 10 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ჩ-ეს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის (ძველი რედაქცია) 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები – განზრახ მკვლელობა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:

· დ. ჩ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა (ვაზნები), რომლებსაც უკანონოდ ინახავდა. 2017 წლის 8 მარტს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თ-ში, დ. თ-ის ქუჩის №-კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ჩ-ემ, იმის გამო, რომ მამამისს – დ. ჩ-ეს – მეზობელ ვ. ბ-თან მოუხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, გადაწყვიტა შურისძიების მოტივით მისი განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზემოხსენებული, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელშიც მოთავსებული იყო ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო მასალა (რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა და ატარებდა), მრავალჯერ გასროლით ჭრილობები მიაყენა ვ. ბ-ს, რომელიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

· იმავე დღეს დ. ჩ-ის საცხოვრებელ ბინაში (თ-ში, თ-ის ჩიხის №-, ბინა №-) ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც დ. ჩ-ის შავი ტყავის ქურთუკიდან ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო მასალის ნაწილი – ოთხი ვაზნა, რომლებიც, ბალისტიკური ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, „ПМ“ – „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნები, განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

· დ. ჩ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,3257 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც 2017 წლის 8 მარტს უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე თ-ში, თ-ის ჩიხი №-, ბინა №-).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენით დ. ჩ-ე, - ნასამართლევი, დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის (ძველი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გაერთიანებული ბრალდების ფარგლებში – ბინის ჩხრეკისას ამოღებული 4 ვაზნის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; დ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის (ძველი რედაქცია) 108-ე მუხლით – 13 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. ჩ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

· დ. ჩ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა (ვაზნები), რომლებსაც უკანონოდ ინახავდა. 2017 წლის 8 მარტს, დაახლოებით, 18:00-19:00 საათების შუალედში, თ-ში, დ. თ-ის ქუჩის №- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ჩ-ემ, მამამისს – დ. ჩ-ესა – და ვ. ბ-ს შორის არსებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპისრიპირებიდან გამომდინარე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელშიც მოთავსებული იყო ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო მასალა (რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა და ატარებდა), მრავალჯერ გასროლით ჭრილობები მიაყენა ვ. ბ-ს, რომელიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ლევან ვეფხვაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის (ძველი რედაქცია) 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (გაერთიანებული ბრალდების ფარგლებში – ბინის ჩხრეკისას ამოღებული 4 ვაზნის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მისი დამნაშავედ ცნობის ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი (მაგ. სუსგ №294აპ-15, №615აპ-18, №615აპ-21, №872აპ-22, №247აპ-21). ამასთან, მხარე ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დ. ჩ-ის გამართლების ნაწილში დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დ. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის (2017 წლის 8 მარტს მოქმედი რედაქცია) 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (გაერთიანებული ბრალდების ფარგლებში – ბინის ჩხრეკისას ამოღებული 4 ვაზნის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული, ვინაიდან ვერ დადგინდა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებისა და საბრძოლო მასალის წარმომავლობა და კუთვნილება, კერძოდ, იყო თუ არა ისინი დ. ჩ-ის მიერ შეძენილი და შენახული.

10. ი. თ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებით დადგინდა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სამართალდამცავებმა ბინიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. ბიოლოგიური ექსპერტიზით არ დადასტურებულა, რომ ამოღებულ ნივთებზე გენეტიკური პროფილი ეკუთვნოდა დ. ჩ-ეს. ამასთან, მოწმეებმა: ი. თ-ემ და ა. თე-ემ სასამართლოს განუმარტეს, რომ ი. თ-ის ბინაში ინახება როგორც დ. ჩ-ის, ისე – ლ. თ-ის ნივთები. მოწმე ა. თ-ის განცხადებით, ჩხრეკის ჩამტარებელ პოლიციელებს აუხსნეს, რომ მათ მიერ ამოღებული ქურთუკები ეკუთვნოდა არა დ. ჩ-ეს, არამედ – ლ. თ-ეს. მოწმე მ. ჩ-ის ჩვენებით, ამოღებული ნივთებიდან მის შვილს – დ. ჩ-ეს – ეკუთვნოდა მხოლოდ მობილური ტელეფონი და ნაჭრის ქურთუკი. ბრალდების მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით კი არ დასტურდება, რომ სწორედ დ. ჩ-ემ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება და საბრძოლო მასალა.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ არასაკმარისი მტკიცებულებებით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს. ასეთ პირობებში კი სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას საქართველოს სსკ-ის (2017 წლის 8 მარტს მოქმედი რედაქცია) 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (გაერთიანებული ბრალდების ფარგლებში – ბინის ჩხრეკისას ამოღებული 4 ვაზნის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დ. ჩ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

13. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, აპელანტის პრეტენზიებსაც ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე