Facebook Twitter

¹3კ-507-03 13 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა რ. რ-ემ ო., ე. და დ. ტ-ეების მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სესხის სახით მიღებული თანხის, 1500 აშშ დოლარისა და ერთი თვის პროცენტის, 125 აშშ დოლარის დაკისრება. ამავე დროს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ო. ტ-ის კუთვნილ მაღაზია “ა-სთვის” ყადაღის დადება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999წ. 1 თებერვალს მოპასუხეებმა მისგან სესხად აიღეს 500 აშშ დოლარი, 5% სარგებლის დარიცხვით. იმავეწ. 22 მაისს მისმა ქალიშვილმა მ. რ-ემ, ნ. ხ-ასაგან უსესხა მოპასუხეებს 500 აშშ დოლარი 10%-ის გადახდით, ხოლო 1999წ. აგვისტო-სექტემბერში მისმა ქალიშვილმა მოპასუხეებს კვლავ უსესხა ნ. გ-ასაგან 500 აშშ დოლარი 10 პროცენტის გადახდით. სულ 1999წ. ნოემბრის ჩათვლით მოპასუხეებს მისგან და მისი ქალიშვილისაგან ნასესხები აქვთ 1500 აშშ დოლარი. მათ პროცენტის სახით გადახდილი აქვთ 550 აშშ დოლარი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 1000 აშშ დოლარის დაკისრება.

სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე 2002წ. 12 ნოემბერს, 10 საათზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა. აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სარჩელი, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ახალი გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დ. და ე. ტ-ეებს მ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 1000 აშშ დოლარის გადახდა ლარებში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ. ტ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება. მან მიუთითა, რომ მართალია, მისი და მისი მეუღლის სახელზე გამოწერილი სასამართლოს უწყება პირადად მან ჩაიბარა, რაც ხელმოწერით დაადასტურა კიდევაც, მაგრამ მოსამართლის თანაშემწემ სიტყვიერად გააფრთხილა, რომ სხდომა დაიწყებოდა 12 საათზე, მანაც დაიჯერა და ისე გადააგდო უწყება, რომ არ წაუკითხავს.

სააპელაციო პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არასაპატიოდ მიიჩნია.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის დღედ პირველად დაინიშნა 2002წ. 28 ოქტომბრის 12 საათი, რა დროსაც ორივე მხარე გამოცხადდა საოლქო სასამართლოში, მაგრამ საქმის განხილვა არ შედგა. მოსამართლის თანაშემწემ მხარეები გააფრთხილა, რომ საქმის განხილვა გადაიდო 12 ნოემბერს, 12 საათისათვის და ხელი მოაწერინა უწყებაზე, რომელშიც 12 ნოემბერი კი იყო აღნიშნული, მაგრამ საათი მითითებული საერთოდ არ ყოფილა. სასამართლომ არ შეაფასა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ თუ არა მოთხოვნას. ის ფაქტი, რომ კასატორი სინამდვილეში სხდომაზე გამოსაცხადებლად გაფრთხილებული იყო 2002წ. 12 ნოემბერს, 12 საათზე და არა 10 საათზე, დასტურდება თვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილიდანაც, სადაც მითითებულია, რომ “სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე 2002წ. 12 საათზე გამოცხადების შესახებ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე დროულად იყო გაფრთხილებული”. საჩივრის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობა ცდილობდა როგორმე დაერწმუნებინა იმაში, რომ გადაწყვეტილების ასლში ეს ჩანაწერი საჩივრის ავტორის მანიპულირების შედეგი იყო. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული უცილობლად არის სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემული ის სხვა მოვლენა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 იანვრის განჩინება 2002წ. 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უდავოა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2002წ. 28 ოქტომბერს 12 საათზე დანიშნული იყო მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა. სააპელაციო საჩივრის განხილვა გადაიდო 2002წ. 12 ნოემბრისათვის სასამართლოს სრული შემადგენლობის არარსებობის გამო. აღნიშნულ დღეს სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა კასატორი, რითაც მან კიდევ ერთხელ გამოხატა, რომ არ ცნობს სააპელაციო საჩივარს და არ აპირებს სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე 2002წ. 12 ნოემბერს 12 საათზე გამოცხადების შესახებ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე დროულად იყო გაფრთხილებული. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ავტორი უთითებდა, რომ ის მოსამართლის თანაშემწის მიერ სიტყვიერად იყო გაფრთხილებული სხდომის დღის და საათის შესახებ, სასამართლომ არ გაარკვია აღნიშნულ გარემოებას ხომ არ ჰქონდა ადგილი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ დაკარგა თავის დაცვის ინტერესი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოსათვის ცნობილი იყო მოპასუხის ნების შესახებ, რათა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და სარჩელში მითითებული არგუმენტების საწინააღმდეგოდ დაეყენებინა თავისი მოთხოვნები. საქმის გარემოებები არ მიანიშნებენ, რომ მოპასუხე თავს არიდებდა საქმის განხილვაში მონაწილეობას. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ დ. ტ-ის მიერ მითითებული გამოუცხადებლობის მიზეზები სარწმუნოდ და საპატიოდ უნდა ჩაითვალოს. საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა საპატიო მიზეზი, რომლის გამოც არ გამოცხადდა დ. ტ-ე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე 2002წ. 12 ნოემბერს 10 საათზე და გამოცხადდა იმავე დღეს 12 საათზე.

სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2003წ. 13 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.