Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-510-03 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე,

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “თ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა ძირითადი თანხა 30472 აშშ დოლარის, ჯარიმა 38704 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა აუდიტორული კომპანიისათვის გადახდილი 1467 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 2681 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების – 5868 ლარის ანაზღაურება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის – 30480 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2681 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯების 1000 ლარის გადახდა. სარჩელის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო 2002წ. 17 სექტემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა საჯარიმო სანქციების სახით 44452 აშშ დოლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯების 5068 ლარის, აუდიტორული და იურიდიული მომსახურების ხარჯების – 6535 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

მოპასუხემ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ.

2002წ. 26 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი დანიშნულ დროს _ 12 საათზე გამოცხადდა საოლქო სასამართლოში, ხუთი წუთით შევიდა ქსეროქსის ოთახში და ამის შემდეგ 13 საათამდე ელოდებოდა და ცდილობდა დაკავშირებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რის შესახებაც განცხადებით მიმართა სასამართლოს, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ რაიმე მტკიცებულება მისი 12 საათზე გამოცხადების შესახებ ვერ წარმოადგინა. პალატამ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც გამოცხადდა 12 საათზე, საჩივრის ავტორი არ უნახავს და მხოლოდ საჩივრის ავტორის განმარტება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხის წარმომადგენელმა ნ. მ-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 234-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე.

ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში არ არის მითითებული მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე. ასევე არ არის მითითებული აპელანტი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას რა ნაწილში ასაჩივრებდა. საპროცესო ნორმების აღნიშნული დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც სსკ-ს 293-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ძირითადი თანხის სახით 30472 აშშ დოლარს, ხოლო საჯარიმო სანქციების სახით 38784 აშშ დოლარს. რაიონულმა სასამართლომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო საჯარიმო თანხის ანაზღაურებაზე უარი უთხრა მოსარჩელეს. მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარიმო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა 44452 აშშ დოლარის ანაზღაურება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელის გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ რა ნაწილში იქნა გაუქმებული. ამასთან, საქმის მასალებით და არც გადაწყვეტილებით არ ირკვევა მოპასუხეს ეცნობა თუ არა მოსარჩელის გაზრდილი მოთხოვნის შესახებ (სსკ-ს 233-ე, მუხ. I ნაწ. “გ” პუნქტი).

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას 5868 ლარის ოდენობით და აუდიტორული კომპანიისათვის გადახდილ 1467 ლარს, ჯამში 6535 ლარს.

სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს ორმაგად დააკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. კერძოდ, მოპასუხეს დააკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯები 5868 ლარი, როგორც ცალკე, ასევე აუდიტორულ მომსახურების ხარჯებთან (1467 ლარი) ერთად ჯამში 6535 ლარი, რითაც პალატამ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სააპელაციო პალატამ მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა და ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (აპელანტი) რომელიც გამოცხადდა 12 საათზე არ უნახია საჩივრის ავტორი. მაშინ, როდესაც სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სხდომა დაიწყო 12 საათზე, აპელანტის წარმომადგენლის (დ. ა-ე) განმარტებით კი იგი გამოცხადდა 12 საათსა და 15 წუთზე. აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატის მიერ არ შეფასებულა. ასევე არ შეფასებულა იურიდიულად ამართლებდა თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას (სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

სარეზოლუციო ნაწილი:

სს “თ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2002წ. 26 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.