¹3კ-512-01 25 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინაში შესახლება და ბინით სარგებლობის წესის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. შ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ლ. შ-ის მიმართ ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹2 ბინაში შესახლების და ბინით სარგებლობის წესის განსაზღვრის შესახებ. სადავო ბინა ეკუთვნოდა ნ. შ-ის დედას – მ. ლ-ს. მისი გარდაცვალების შემდეგ ბინა სასამართლო გადაწყვეტილებით აღირიცხა გარდაცვლილის მეუღლის ლ. შ-ისა და ნ. შ-ის სახელზე. ლ. შ-ს მიეკუთვნა ბინის 5/8, ხოლო ნ. შ-ს _ 3/8. სადავო ბინაში ცხოვრობენ თ. კ-ა და ლ. გ-ა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ...... მდებარე ¹2 საცხოვრებელ ბინაზე (რომელიც წარმოადგენს ნ. შ-ისა და ლ. შ-ის წილად საკუთრებას) მხარეთა სარგებლობის წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: საცხოვრებელი ბინის 12 კვ.მ-ის ¹3 ოთახი გადაეცა ნ. შ-ს სარგებლობაში, მოპასუხეს დაუტოვეს 19 კვ.მ-ის ¹4 ოთახი, დამხმარე სათავსები (სამზარეულო, სააბაზანო, ტუალეტი და ა.შ.) მხარეებს დარჩათ საერთო სარგებლობაში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შ-ის წარმომადგენელმა ლ. გ-ამ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 მარტის განჩინებით ლ. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრა ფართი.
ლ. შ-ის წარმომადგენელმა ლ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 27 ოქტომბრის განჩინებით ლ. შ-ის გარდაცვალების გამო მისი წარმომადგენელ ლ. გ-ას საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა აწ გარდაცვლილი ლ. შ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა ნ. შ-ის განცხადება, საქმის მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. შ-ის წარმომადგენელმა ლ. გ-ამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 მარტის განჩინება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2001წ. 9 სექტემბერს ლ. შ-ი გარდაიცვალა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 17 ოქტომბრის განჩინებით ლ. შ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა აწ გარდაცვლილი ლ. შ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოების შეჩერებიდან გავიდა წელიწადი და 5 თვე. საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით არავის მიუმართავს. მოწინააღმდეგე მხარე ნ. შ-ის განმარტებით კი, ლ. შ-ი მარტოხელა კაცი იყო, მას მემკვიდრე არ დარჩენია და მისი გარდაცვალების შემდეგ ასეთი უფლების მქონე პირი არ გამოჩენილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების საფუძველი და უფლებამონაცვლის არ არსებობის გამო საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. შ-ის წარმომადგენელ ლ. გ-ას საკასაციო საჩივრის წარმოება შეწყდეს ლ. შ-ის უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.