¹ 3კ-514-03 20 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.ბათუმში ... მდებარე ¹27 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეა რ. სარქისიანი.
რ. სარქისიანის შვილი გ. ს-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კ. ს-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: მ. და ქ. ს-ები.
1999წ. 14 სექტემბერს კ. და გ. ს-ებს შორის ქორწინება შეწყდა. განქორწინების შემდეგ ქ. ს-ი აღსაზრდელად დარჩა დედასთან კ. ს-თან, ხოლო მ. ს-ი იმყოფება გ. ს-ის მზრუნველობის ქვეშ.
კ. ს-ი შვილთან ერთად ცხოვრობს ყოფილი დედამთილის ბინაში, ხოლო გ. ს-ი გადასულია სხვა ბინაში საცხოვრებლად.
2002წ. სექტემბერში რ. ს-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში კ. ს-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ არაჯანსაღი ურთიერთობის გამო შეუძლებელია მოპასუხესთან ერთად ბინაში ცხოვრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-მა იმ საფუძვლით, რომ იგი არის კეთილსინდისიერი მფლობელი, არ გაითვალისწინებული, რომ სკ-ს 20-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლების საცხოვრებელი ადგილი; არ იქნა გამოყენებული საერთაშორისო სამართლის ნორმები, კერძოდ გაეროს კონვენციის “ბაშვთა უფლებების დაცვის შესახებ” მეცხრე მუხლი, რომლის თანახმად ბავშვები დაცული უნდა იქნენ ყოველგვარი არაკანონიერი და ამორარული ქცევისაგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 იანვრის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
კ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას.
კასატორი მიუთითბს, რომ ჩვიდმეტი წელია ცხოვრობს სადავო ბინაში, წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს და სხვა საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია; მოსარჩელე უზრულნველყოფილია სხვა საცხოვრებელი ბინით; ამ უკანასკნელმა არ შეასრულა დაპირება, რომ არ დააკმაყოფილებდა ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინით; სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ.ბათუმში ... მდებარე ოროთახიანი ბინის მესაკუთრედ ირიცხება რ. ს-ი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ კ. ს-ი 1986 წლიდან ცხოვრობს სადავო ბინაში და წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს.
რ. ს-ს ყოფილ რძალთან კ. ს-თან აქვს გამწვავებული კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამო მოსარჩელე მოკლებულია მის კუთვნილ ბინაში ცხოვრების შესაძლებლობას.
სკ-ს 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. რ. ს-ს არ გააჩნდა კუთვნილი ბინის ფლობისა და სარგებლობის შესაძლებლობა. მას ჰქონდა კანონიერ საფუძველი, რომ არ დაეშვა სხვა პირის-მოპასუხის მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
მოსარჩელის მოთხოვნა მისი კუთვნილი ბინის გამოთავისუფლების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას რომ სკ-ს 20-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი არ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული. არასრულწლოვანი ქ. საცხოვრებელი ადგილი, განსაზღვრული იქნება იმის მიხედვით, თუ სად ექნება მშობელ დედას უფლება საცხოვრებელ ბინაზე.
უსაფუძვლოა კ. ს-ის მტკიცება, იმის თაობაზე, რომ “ბავშვთა უფებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის 3-ე და 4-ე მუხლების შესაბამისად უკანონოა და ამორალურია რ. ს-ის მოთხოვნა მისი კუთვნილი ბინიდან შვილიშვილის გამოსახლების შესახებ.
მოცემული დავის საგანს წარმოადგენს ბინაზე საკუთრების უფლების განხორციელება, ხოლო მითითებული საერთაშორისო კონვენციის ნორმებით უზრუნველყოფილია ბავშვის სხვა პირთა ხელყოფისაგან დაცვა და მშობლებთან ერთად მათი თანაცხოვრება.
სააპელაციო პალატამ სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.