საქმე N 330100122005948073
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №564აპ-23 4 ოქტომბერი, 2023 წელი
გ–ე მ., №564აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალდევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. გ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა (იძულება ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრისათვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა, კერძოდ, თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე მ. გ–ე და ნ. ღ–ე მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2022 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში მ. გ–მ ნ. ღ–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ნ. ღ–ს ქმედებების კონტროლსა და მისგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში, იმის გამო, რომ ქალია, განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მოქაჩა თმა და გადააწვინა საწოლზე, რის შედეგადაც ნ. ღ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე მ. გ–ე და ნ. ღ–ე მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2022 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში მ. გ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ნ. ღ–ს მისადმი მორჩილების მოთხოვნაში და თავის საკუთრებად მიჩნევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, ქმედების თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა ნ. ღ–ს, კერძოდ, დაემუქრა, რომ შვილს მოუკლავდა, თუ მასთან არ გააგრძელებდა ურთიერთობას. განხორციელებული მუქარის შედეგად ნ. ღ–ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე მ. გ–ე და ნ. ღ–ეე მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2022 წლის 24 მაისს, დაახლოებით 19:55 საათზე, ქ.თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში მიმდებარე ტერიტორიზე მ. გ–მ ნ. ღ–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ნ. ღ–ს ქმედებების კონტროლსა და მისგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში, იმის გამო, რომ ქალია, განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელი მოჰკიდა მკლავში, ძალის გამოყენებით წაიყვანა ავტოფარეხისკენ და ყურის მიდამოში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ნ. ღ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2022 წლის 24 მაისს, დაახლოებით 19:55 საათზე, ქ.თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. გ–ეე, თვითნებურად დაეუფლა ნ. ღ–ს კუთვნილ „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მ. გ–მ 2022 წლის 24 მაისს ოჯახური ძალადობა ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ–მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა თვითნებობა, კერძოდ, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე მ. გ–ე და ნ. ღ–ე მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2022 წლის 24 მაისს, დაახლოებით 19:55 საათზე, ქ.თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში მიმდებარე ტერიტორიზე მ. გ–მ ნ. ღ–ს მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელი მოჰკიდა მკლავში, ძალის გამოყენებით წაიყვანა ავტოფარეხისკენ და ყურის მიდამოში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ნ. ღ–ეემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2022 წლის 24 მაისს, დაახლოებით 19:55 საათზე, ქ.თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. გ–ეე, თვითნებურად დაეუფლა ნ. ღ–ს კუთვნილ „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით მ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
მ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი.
მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. გ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 5 მაისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ პროკურორმა დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, წარდგენილ ბრალდებებში მ. გ–ს სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი მ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების ნაწილში, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის ამორიცხვის ნაწილში უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მ. გ–ს ბრალეულობას. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნ. ღ–ეის განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 18 აპრილს მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა მ. გ–მ, რომელიც ასევე დაემუქრა შვილის მოკვლით. აღნიშნულის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდეგ, ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა მასზე განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ. მართალია, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მ. გ–ს ბრალეულობა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. კასატორის განმარტებით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი, შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ურთიერთობაში და იგი არ უკავშირდება ურთიერთობის ინტენსივობასა და სიმყარეს. შეუწყნარებლობის მოტივი შესაძლებლია უკავშირდებოდეს ურთიერთობის ნებისმიერ ფორმას, რომელსაც ფონად გასდევს კონკრეტული სქესიდან გამომდინარე კონკრეტული სოციალური როლის მიკუთვნება, ამის ბუნებრივ მოვლენად მიღება და მიჩნევა. ის, რომ 2022 წლის 24 მაისს მ. გ–მ ძალადობის გამოყენებით გაიყვანა დაზარალებული, მასზე იძალადა ფიზიკურად და ძალის გამოყენებით წაართვა ტელეფონი მიუთითებს იმაზე, რომ მ. გ–ს ქმედებები ემსახურებოდა დაზარალებულის დამორჩილებასა და მასზე კონტროლის მოპოვების მიზანს. შესაბამისად, მან დანაშაულები ჩაიდინა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით და უნდა განსაზღვროდა უფრო მკაცრი სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს მ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. დაზარალებულმა ნ. ღ–მ (მეუღლემ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, მ. გ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ დაზარალებულის განცხადებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 18 აპრილს მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა მ. გ–მ, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაემუქრა შვილის მოკვლით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თუმცა აღნიშნული განცხადებით არ დგინდება, თუ რა ფორმით იძალადა მასზე მეუღლემ. ამასთან, განცხადებაში 2022 წლის 18 აპრილი მითითებულია ორჯერ და ორივე შემთხვევაში ციფრ 8-ზე არის ჩასწორებული და მასზე არ არის შენიშვნა ან განმარტება, რომ ჩასწორება ეკუთვნის განცხადების ავტორს, რაც ბადებს ეჭვს და სანდოობას უკარგავს განცხადების შინაარსს.
5.5. . საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების: ლ. ქ–ს, გ. ფ–ს, მ. ქ–ს, ნ. დ–ს, ნ. ბ–ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ. გ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონით, ნ.....ის კუთვნილი მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერითა და მ. გ–ს აღიარებითი ინფორმაციით დასტურდება მხოლოდ 2022 წლის 24 მაისს განვითარებული მოვლენები და 2022 წლის 18 აპრილის ეპიზოდებთან, ასევე, 2022 წლის 24 მაისს ქმედების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენასთან დაკავშირებით არარელევანტურია, რის გამოც, ვერ გახდება ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ნ. ღ–მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.8. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ის წარმოადგენს მხოლოდ პირის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის გამეორებას, რომლის სასამართლოში დადასტურებაზეც დაზარალებულმა უარი განაცხადა. პალატა განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ უნდა იყოს გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური მტკიცებულების შექმნა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი არ ყოფილა ვითარების აღდგენა ან საქმისათვის არსებითი გარემოებების დადგენა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ მასში მონაწილე პირები ნ. ღ–სთან ერთად მივიდნენ საცხოვრებელ ბინასთან და შემოიფარგლნენ ზეპირი ინფორმაციის მიღებით და დაზარალებულისთვის არ მიუციათ იმის შესაძლებლობა მიეთითებინა იმ ადგილებზე, სადაც მისივე განმარტებით ადგილი ჰქონდა ძალადობას.
5.9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება მ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა და განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლევის გარეშე მიღებული არცერთი მტკიცებულება, არც პირდაპირ და არც ირიბად არ ადასტურებს, რომ მ. გ–ეემ 2022 წლის 24 მაისს ნ. ღ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობა ჩაიდინა გენდერის ნიშნით, თვითონ დაზარალებულმა კი სასამართლოს არ მისცა ჩვენება.
5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალდევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე