საქმე N 820100121004941217
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №651აპ-23 9 ოქტომბერი, 2023 წელი
გ–ე ზ., №651აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. გ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 11:20 საათზე, შ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ბოსელში, კამათისას, ზ. გ–მ სახის არეში ხელისა და წელის არეში თოხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს - ლ. შ–ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით ზ. გ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. გ–ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 8 მაისს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3.3. 2023 წლის 15 მაისს გამართლებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა–მ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: ლ. შ–ს, ე. ს–ს, მ. თ–ს, გ. ბ–ს, ა. გ–ს, ზ. ჯ–ს, ზ. ნ–სა და ე. ს–ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, შეტყობინება, სამედიცინო ბარათი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, უტყუარად ადასტურებენ ზ. გ–ს ბრალეულობას. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებული თავიდან განწყობილი იყო ხელი შეეწყო გამოძიებისათვის და ჩართული იყო საგამოძიებო მოქმედებებში, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისგან. დაზარალებულის ქცევა ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ქცევას. „სტამბოლის კონვენციის“ თანახმად, სასამართლო პროცესი გრძელდება მაშინაც, თუ დაზარალებული გამოიტანს საჩივარს ან განცხადებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ლ. შ–მ (მეუღლემ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ზ. გ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დარეკა ლ. შ–მ და განაცხადა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ, კერძოდ დაარტყა. თუმცა უარს ამბობს სასწრაფოზე. თუმცა, აღნიშნული შეტყობინებით არ ირკვევა, როდის და რა ფორმით იძალადა მასზე მეუღლემ და აღნიშნულის შედეგად განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. კასატორის მიერ მითითებული მოწმეების - მ. თ–სა და გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს ისინი მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შ–ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დახვდათ პაციენტი ლ. შ–ე, რომელსაც ემოციის ფონზე აღენიშნებოდა სტრესი, რის გამოც განვითარებული იყო არტერიული წნევის მატება. პაციენტმა გასაუბრებისას განაცხადა, რომ შ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მეუღლემ - ზ. გ–მ მასზე იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და თოხი ჩაარტყა წელის არეში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, მაგრამ დაზიანებები არ მიუღია. მ. თ–მ დათვალიერა პაციენტი, რომელსაც წელისა და სახის არეში, ასევე სხეულის სხვა ნაწილებში რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. მოწმეების - ე. ს–სა და ზ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმებით კი ირკვევა, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს, შ–ს რაიონულ სამმართველოში შევიდა შ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მცხოვრები ლ. შ–სის შეტყობინება იმის შესახებ, რომ მეუღლემ - ზ. გ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ლ. შ–ე, რომელმაც განუმარტათ, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 11:20 საათზე, ბოსელში ყოფნის დროს, ზ. გ–მ მას თოხი ჩაარტყა წელის არეში, ხოლო გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ლ. შ–ე იყო აღელვებული. მას სახის არეში დაზიანება არ აღენიშნებოდა. მოწმე ზ. ნ–ს გამოკითხვის ოქმით კი ირკვევა, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შევიდა შეტყობინება შ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მცხოვრები ლ. შ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე და დაიწყო გამოძიება. აღნიშნულის შემდეგ გამოიკითხა ლ. შ–ე, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს მეუღლემ - ზ. გ–მ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და თოხი ჩაარტყა წელის არეში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია და სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - გ. დ–მ და პ. ტ–მ კი დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და შინაარსი. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ზოგ შემთხვევაში არის არაინფორმაციული, რიგ შემთხვევებში კი წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზ. გ–ს მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და ამის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.
5.8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 25 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 6 აგვისტოს შემოწმებისას, ლ. შ–ს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2021 წლის 5 აგვისტოს N............ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ლ. შ–ს განცხადება იმის შესახებ, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - ზ. გ–მ, კერძოდ თოხის ტარი დაარტყა წელში და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, თუმცა, აღნიშნულის შედეგად განიცადა თუ არა მან ტკივილი შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული არ არის. შესაბამისად, შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, ვერ ქმნის საკმარისი საფუძველს ზ. გ–ს მიერ დაზარალებულისთვის ფიზკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ამის შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე