Facebook Twitter

¹3კ-520-03 4 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. გ-მა, მ. ც-მა, ვ. ჯ-ემ, ლ. ჩ-ამ, ს. კ-მა, ზ. ბ-მა, მ. ჩ-მა და ი. გ-ემ სარჩელი აღძრეს შპს “ს-ის” ფილიალის “თ-ს” წინააღმდეგ და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: ისინი არიან რკინიგზის ყოფილი მემანქანეები, რომლებიც შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდნენ მათ მოპასუხე ორგანიზაცია ზიანს უნაზღაურებდა ყოველთვიური სარჩოს სახით იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც აქვთ დაკარგული შრომის უნარის ხარისხი. 1989წ. 1 აგვისტოდან 2002წ. 1 თებერვლამდე მემანქანეების ხელფასი სამჯერ გაიზარდა. 1999წ. 1 აგვისტოს – 30%, 2000წ. 1 მაისიდან 10%, 2002წ. 1 იანვრიდან 15%. მართალია, საწარმომ ხელფასის გაზრდასთან ერთად მოახდინა სარჩოს გადაანგარიშება, მაგრამ არასწორად, რაც იმაში გამოიხატა, რომ გაანგარიშება არ მოახდინეს საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულების მე-12 მუხლის შესაბამისად. მათი მოსაზრებით ამ ნორმის საფუძველზე უკვე დანიშნულ სარჩოს უნდა დამატებოდა შესაბამისად გაზრდილი ხელფასის 30%, 10% და 15%. საწარმომ სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებისას გამოიყენა ბრძანებულების მე-11 მუხლი, რაც არასწორია, რადგან იგი განსაზღვრავს სარჩოს დანიშვნისას ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-12 მუხლი ადგენს ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშების წესს. ამასთან, სარჩო უკანონოდ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით და 2% დაუკავა სამედიცინო და საპენსიო დაზღვევის თანხა. აღნიშნული საფუძვლით ა. გ-მა, რომლის სარჩო 236,06 ლარს შეადგენდა 1999წ. 1 აგვისტომდე, მოითხოვა ერთდროული მიუღებელი თანხა – 2321,55 ლარი, ხოლო 2002წ. 1 მარტიდან – ყოველთვიური 417,45 ლარის ანაზღაურება. ვ. ჯ-ემ ერთდროულად 287,52, ხოლო 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად – 229,89 ლარი; ს. კ-მა ერთდროულად – 497,54 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად – 250,09 ლარი; ზ. ბ-მა ერთდროულად – 949,84 ლარი, ყოველთვიურად 2002წ. 1 მარტიდან 341,13 ლარი; გ. ც-მა ერთდროულად – 560,64 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 293,83 ლარი; ლ. ჩ-ამ ერთდროულად – 287,52 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 229,89 ლარი; გ. ჩ-მა ერთდროულად 1242 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად – 351,99 ლარი; ი. გ-ემ ერთდროულად – 532,41 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 254,65 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებზე არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათები, რადგან საწარმო თვითდაფინანსებაზეა. რაც შეეხება დანამატის გაანგარიშებას მიაჩნია, რომ იგი სწორადაა გაანგარიშებული საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. თებერვლის ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტებით.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “ს-ის” “თ-ს” დაეკისრა თანხის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ შემდეგი ოდენობით.

1. ა. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 2307,30 ლარის და 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 416,69 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

2. ვ. ჯ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 655,25 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 328,87 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.

3. ლ. ჩ-ას სასარგებლოდ ერთდროულად 287,26 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 229,83 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.

4. გ. ც-ის სასარგებლოდ ერთდროულად 560,86 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 293,83 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.

5. ს. კ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 497,69 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 250,10 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.

6. ზ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 1245,54 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 341,13 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.

7. გ. ჩ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 532,50 ლარი, 2002წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 254,65 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულების მე-12, 24-ე, 42-ე მუხლები. ასევე საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი და მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით არ უნდა დაიბეგროს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგით ზიანის ასანაზღაურებლად დანიშნული სარჩო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-ის” ფილიალმა “თ-მ”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შპს “ს-ის” ფილიალს “თ-ს” დაეკისრა უკანონოდ დაბეგრილი თანხის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის 1%-ის დაბრუნება: ა. გ-ის სასარგებლოდ – 44,19 ლარი, გ. ც-ისათვის – 33,42 ლარი, ლ. ჩ-ას სასარგებლოდ – 26,95 ლარი, ვ. ჯ-ეს- 37,38 ლარი, ზ. ბ-ის – 43,42 ლარი, გ. ჩ-ის – 39,37 ლარი და ი. გ-ის სასარგებლოდ – 28,78 ლარი. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 211 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

საქართველოს რკინიგზაზე მომუშავე მემანქანეებს და მემანქანის თანაშემწეებს ხელფასი გაეზარდათ შემდეგი ოდენობით: 1999წ. 1 აგვისტოდან 30%. 2000წ. 1 მაისიდან 10%, 2002წ. 1 იანვრიდან 15%. ხელფასისა და საათობრივი სატარიფო განაკვეთის გაზრდის საფუძველია შპს “ს-ის” გენერალური დირექტორის 1999წ. 24 ივლისის ¹897, 2000წ. 21 აპრილის ¹8-487 და 2001წ. 14 დეკემბრის ¹2428 ბრძანებები.

დადგენილია, რომ “თ-ს” მიერ მოხდა საწარმოო ტრავმის გამო დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის (მოპასუხის) მიერ სარჩოს გადაანგარიშებისას სწორად იქნა აღებული ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასი. ხელფასში, საიდანაც იანგარიშება ზიანის ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე, შედის ერთობლივი შემოსავალი – საათობრივი სატარიფო განაკვეთი, ხოლო მის საფუძველზე სხვა დანამატები, ამიტომ საშუალო ხელფასისა და სარჩოს ეტაპობრივად გადაანგარიშების გარეშე შეუძლებელია, მისი ოდენობის განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შრომითი ანაზღაურების ცვლილებების დროს ყოველთვიური სარჩოს გაანგარიშება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ უკვე დანიშნულ სარჩოს დაემატოს ხელფასის გაზრდილი პროცენტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან საგადასახადო შეღავათები ვრცელდება და საშემოსავლო გადასახადებით არ იბეგრება ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის შედეგად შრომისუუნარობის დაკარგვის გამო დანიშნული სარჩო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რომლითაც საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: გრანტი, სახელმწიფო სტეპენდია და სახელმწიფო დახმარება, მათ შორის: დახმარება ორსულობისა და მშობიარობის გამო, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შედეგად შრომისუუნარობის დაკარგვის ანდა მარჩენალის დაკარგვის გამო, ანუ არ იბეგრება სახელმწიფო დახმარება და მათ შორის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემული სარჩო. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ორგანიზაცია არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებულ ორგანიზაციას, იგი არის კერძო სამართლის სუბიექტი, რომლის მიერ გაცემულ სარჩოზე ეს შეღავათები არ გავრცელდება და იგი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს-მ უკანონოდ დაბეგრა მოსარჩელეები და გადაახდევინა სამედიცინო გადასახადის სახით მიღებულ სარჩოზე 1%-ის ოდენობით. “სამედიცინო გადასახადის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით ჯანმრთელობის დაზიანების გამო ზარალის ანაზღაურება არ იბეგრება. რაც შეეხება სოციალური გადასახადებისაგან მოსარჩელეთა განთავისუფლებას, სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ დაბეგვრისაგან თავისუფლდება მხოლოდ შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდიდან მიღებული ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სოციალური დაზღვევის ფონდიდან დახმარებას არ იღებენ.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ა. გ-ის მოთხოვნა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. მიუთითა, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების წესების 24-ე მუხლი ითვალისწინებს ამ ხარჯების ანაზღაურებას, მაგრამ ამავე ნორმატიული აქტის 52-ე მუხლი ითვალისწინებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის გავლის წესს. მოსარჩელეს ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია მკურნალობის საჭიროების თაობაზე და მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 103-ე მუხლზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ ა. გ-ს “საპატიო რკინიგზელის” წოდებისათვის საწარმო 20%-იან დანამატს უხდის, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლოს სარჩოს გადაანგარიშებისას არ უნდა გამოეყენებინა პრეზიდენტის ბრძანებულების მე-11 მუხლი. ეს ნორმა გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა დაზარალებულს პენსია ენიშნება. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელეებს სარჩო დანიშნული აქვთ და უნდა მომხდარიყო სარჩოზე გაზრდილი ხელფასის პროცენტის დამატება.

სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რადგან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებდა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დანიშნულ სარჩოზე საგადასახადო შეღავათს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საწარმოში, რომელიც ზიანის ასანაზღაურებლად სარჩოს უხდის მოსარჩელეებს, გაიზარდა მემანქანეების და მემანქანის თანაშემწის საათობრივი სატარიფო განაკვეთი შემდეგი ოდენობით: 1999წ. 1 აგვისტოდან 30%, 2000წ. 1 მაისიდან 10%, 2002წ. 1 იანვრიდან 15%. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის მე-12 მუხლის საფუძველზე საწარმომ გადაიანგარიშა ყოველთვიური სარჩოს ოდენობა და იგი ამავე ნორმატიული აქტის მე-11 მუხლის მიხედვით განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ სარჩოს ოდენობის ამ წესის გადაანგარიშება სწორად მიიჩნია და სარჩელს ამ ნაწილში უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული მუხლის (“წესების” მე-12 მუხლი) განმარტება არასწორია, რადგან, ჯერ ერთი, თვით ეს ნორმა მიუთითებს, რომ ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად ხდება უკვე დადგენილი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება. მეორე, “წესების” მე-11 მუხლით ხდება დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობის განსაზღვრა და ამ წესით არ უნდა მოხდეს უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებისა. პალატა თვლის, რომ ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებისას სარჩოს გაანგარიშება უნდა მოხდეს იმ წესით, რომ სარჩოს ოდენობის გაზრდა სრულ ზღვარამდე (მაგ. 30%) უნდა მოხდეს ხელფასის (ანაზღაურების) მომატების დროიდან არა მესამე თვეს, არამედ შრომის ანაზღაურების გაზრდის მომენტიდან.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ნორმის არასწორი განმარტების გამო საქმეზე კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც იგი ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად უნდა განსაზღვროს ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად ყოველთვიური სარჩოს ოდენობა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის არასწორად განმარტების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა სწორად განმარტა, როცა მიუთითა, რომ საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება სახელმწიფო დახმარება, მათ შორის, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემული სარჩო (იხ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12.VI ¹3კ-590-02 განჩინება*).

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს. კერძოდ, სარჩოს გადაანგარიშების გამო თანხის დაკისრებაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი იგი უცვლელად დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩოს გადაანგარიშების გამო თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლო შესაბამის პალატას.

გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* ix. susg 2002, # 9, samoq., gv. 1505-1509.